საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს


მის უნეტარესობას, ქრიზოსტომოსს,
მთავარეპისკოპოსს ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა
თქვენო უნეტარესობავ,
გულითადად გილოცავთ აღსაყდრების საიუბილეო თარიღს. თქვენ უკვე ათი წელია ემსახურებით კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც პირველიერარქი და უნდა მადლობით ავღნიშნოთ, რომ ყოველთვის მამობრივი სიყვარულით ღებულობდით და კვლავაც მზრუნველობას არ აკლებთ საქართველოს ეკლესიის შვილებს. ამდენად დიდია თქვენი დამსახურება ჩვენს ორ მართლმადიდებელ ერსა და ეკლესიას შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცებაში. ვიმედოვნებთ, ეს პროცესი მომავალში უფრო გაღრმავდება.
თქვენო უნეტარესიბავ, გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ღვთის შემწეობას თქვენს მაღალ მსახურებაში.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
10 ნოემბერი, 2016

კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, უნეტარესი ქრიზოსტომოს II-ის მოკლე ბიოგრაფია
უნეტარესი ქრიზოსტომოს II კვიპროსის ეკლესიას 2006 წლის 12 ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. მისი უნეტარესობა 1941 წლის 10 აპრილს, ქალაქ პაფოსის მახლობლად, სოფელ ტალაში დაიბადა. იგი დაწყებითი სკოლის დასრულებისთანავე გახდა მორჩილი წმინდა ნეოფიტეს მონასტერში.
1963 წლის 3 ნოემბერს ეპისკოპოსმა გიორგიმ დიაკვნად აკურთხა.
1963 წლიდან 1968 წლამდე მონასტრის ეკონომოსი და სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი იყო.
1968 წელს ჩააბარა ათენის უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1972 წელს დაასრულა. იმავე წლის 19 ოქტომბერს წმინდა ნეოფიტეს მონასტრის ძმობამ მონასტრის იღუმენად აირჩია, 12 ნოემბერს კი მთავარეპისკოპოსმა მაკარი III -მ მღვდლად დაასხა ხელი და დაადგინა მონასტრის იღუმენად.
1978 წლის 26 თებერვალს აკურთხეს პაფოსის მიტროპოლიტად.
2006 წლის 5 ნოემბერს კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდმა პაფოსის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი გამოირჩია ახალი იუსტინიანასა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსად.
2006 წლის 12 ნოემბერს შედგა უნეტარეს ქრიზოსტომოს II-ის ინტრონიზაცია.
მისი უნეტარესობა ნაყოფიერად მოღვაწეობს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში, ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას. მისი თაოსნობით დაარსდა რამდენიმე მუზეუმი, სადაც დაცულია საეკლესიო საგანძური.
x=document.getElementsByClassName("my_entry")[0]; x.className += " narrowedd";