კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით

22 ოქტომბერი არტემ ერქომაიშვილის დაბადების დღეა.
ჩვენი ეკლესიისა და კულტურისათვის მისი ღვაწლი ტოლფასია ფილიმონ მგალობლის (ქორიძის), ძმები კარბელაშვილების, ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის), რაჟდენ ხუნდაძისა და სხვათა მიერ გაწეული მუშაკობისა.
ბატონმა არტემმა, უფლის შეწევნით შეძლო შთამომავლობისათვის გადაეცა შემოქმედის სკოლის საოცარი საგალობლები, განმსჭვალული პირველ საუკუნეთა ქართველების ქრისტესადმი გულმხურვალე სიყვარულითა და დიდი სულიერებით.
არტემ ერქომაიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიის დაწესებით, კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იდგმება ქართული გალობის ასაღორძინებლად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ პრემია გადაეცემა ახალგაზრდა მეცნიერებსა და მგალობლებს, რაც მომავალი თაობის ღვთის გზაზე სვლისათვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
დღევანდელ დღეს გულითადად ვულოცავთ ქართული გალობის ყველა მოყვარულთ, მგალობელს, მეცნიერსა და მეცენატს.
ღმერთმა დალოცოს ამ კეთილი საქმის თაოსანი ფონდი „ქართული გალობა,” მისი დამაარსებელნი და სრულიად საქართველო.
უფალმა ინებოს, ჩვენზეც განცხადდეს „ფსალმუნის” ეს სიტყვები:„ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობა შენი, უფალო.”
სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი ილია II
22.10.2016.
x=document.getElementsByClassName("my_entry")[0]; x.className += " narrowedd";