მოციქულ იაკობ ალფესის შესახებ

მოციქული იაკობი კაპერნაუმელი მეზვერე ალფესის ძე და მათე მახარებლის ხორციელი ძმა იყო. იგიც, როგორც სხვა მოციქულები, უშუალოდ მხილველი იყო მაცხოვრის სასწაულებისა და მის უახლოეს 12 მოწაფეთა შორის ითვლებოდა.
თავდაპირველად წმ. იაკობ მოციქული იუდეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ წმ. ანდრია პირველწოდებულს ახლდა ქ. ედესაში, ხოლო იქიდან დაბრუნებული ფილისტიმელთა უძველეს ქალაქ ღაზასა და სამხრეთ პალესტინაში ამკვიდრებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას.
(იგი არ უნდა აგვერიოს იოანე ღვთისმეტყველისა ძმასთან, იაკობ მოციქულთან, რომელიც ღირსი გახდა მაცხოვრის ფერისცვალების ხილვისა თაბორზე, და არც იესო ქრისტეს ხორციელ ძმასთან, იერუსალიმის პირველ ეპისკოპოს იაკობთან, რომელიც სამოცდაათ მოციქულთაგანი იყო.).
წმინდა იაკობ ალფესი, ქრისტეს სხვა მოციქულების მსგავსად, ანთებული იყო საღმრთო მოშურნეობის ცეცხლით. იგი აღასრულებდა მრავალ სასწაულს, მუსრავდა საკერპე ბომონებს და ანადგურებდა მათ ტაძრებს, კურნავდა სნეულებს, ადამიანებისაგან განდევნიდა მზაკვარ სულებს და თავისი ღვთივსულიერი ქადაგებით მრავალთ აქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
იმის გამო, რომ ამ დიდმა მოციქულმა უამრავი ადამიანის გულში დათესა ღვთაებრივი თესლი და დიდი ღვაწლი გასწია მათ მოსაქცევად, ეკლესიისაგან ღვთაებრივ თესლად იწოდა.
წმინდა იაკობმა, როგორც ყველაფერში მიმბაძავმა თავისი ღვთაებრივი მოძღვრისა, სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა.
ერთ-ერთი გადმოცემით, ეგვიპტისკენ მიმავალი ქალაქ ოსტარცინში – ჯვარზე გააკრეს. სხვა გადმოცემით, კი ის ჩრდილო ეგვიპტის ქალაქ მარმარიკში ქვებით ჩაქოლეს იუდეველებმა.