„მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული გახსნის გზას ჩვენი ერთობისათვის” (პატრიარქის სიტყვა პაპის მიმართ, სვეტიცხოველი 01.10.2016)

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისასალმებელი ოფიციალური სიტყვა მისი უწმინდესობის,
რომის პაპ ფრანცისკესადმი
მცხეთა, სვეტიცხოველი
01.10.2016

თქვენო უწმინდესობავ, რომის პაპო ფრანცისკე, ძვირფასო სტუმრებო, დამსწრე საზოგადოებავ.
კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ტაძარში, სვეტიცხოველში, სადაც განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს: აქ არის ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, აქ არის მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდე, – კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ პირველ წმინდანთან, სიდონიასთან, ერთად არის დაფლული.
წმინდა სიდონია ქართველ ებრაელთა საოცარი ოჯახიდან იყო: მისმა ძმამ, ელიოზმა, მცხეთაში ჩამოაბრძანა კვართი, ხოლო მათი დედა ჯვარცმის დღეს, დიდ პარასკევს, მაცხოვრის წამებით გულშეძრული აქ, მცხეთაში, აღესრულა და იგიც საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.
ჩვენ ვიმყოფებით იმ ტაძარში, სადაც უძველესი დროიდან იკურთხება მირონი, სადაც გვირგვინს ადგამდნენ საქართველოს მეფეებს და სადაც ხდებოდა და ხდება აღსაყდრება კათოლიკოს-პატრიარქთა. აქვეა სამაროვანი მეფეთა და პირველიერარქთა.
პირველი ეკლესია ამ ადგილზე IV ს-ში აშენდა. ეს სახე კი XI ს-ში მიიღო და არის იგი 12 მოციქულის სახელობის.
მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია და დღემდე უცვლელი სულიერი ცენტი ქვეყნისა. იგი და მისი შემოგარენი ისეა გაშენებული, რომ მეორე იერუსალიმის განცდას ქმნის: ახლოსვეა გოლგოთა, ბეთანია, გეთსიმანია, თაბორი, ელეონი და სხვა.
რამდენი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ მიწა-წყალზე! საქართველო ხომ მუდამ მტერთა შემოსევების ადგილი იყო, მაგრამ ეს პატარა ქრისტიანული ოაზისი, მაინც გადარჩა და თავისი მეობა შეინარჩუნა, თუმცა უდიდესი მსხვერპლის ფასად.
როგორც ჩვენი ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, წმინდანად შერაცხილი ილია მართალი წერს, ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და საქართველოც ჯვარს ეცვა ქრისტესთვის. მაგალითისთვის XIII საუკუნეს გავიხსენებ, როდესაც თბილისში, სიონთან ახლოს, ქალაქის 100 000 მკვიდრს თავი მოჰკვეთეს, რადგან მათ არ დააბიჯეს ხიდზე დადებულ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს და არ უარყვეს რჯული.
დიახ, ჩვენი ძალა გულმხურვალე ლოცვაში და ჭეშმარიტი ღვთის თავდადებულ მსახურებაში იყო და არის!
რა არის მიზეზი ჩვენი სისუსტისა? _ ორივე ამის ნაკლებობა.
მე მახსენდება ძველ მოძღვართა დარიგება: მართალთა ლოცვა სცვლის თვით ბუნების კანონებს და არის ხილული და უხილავი მტრების ისართაგან დამცავი საიმედო ფარი, ამასთან იგი აჩერებს ყოვლისმპყრობელი ღვთის მარჯვენასაც, ცოდვილთა დასასჯელად აღმართულს.
ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა, სინანული და მოწყალება არის გადარჩენის მოკლე გზა. ვფიქრობ, კაცობრიობას დღეს ყველაზე მეტად ამის დეფიციტი აქვს და ჩვენც მათ შორის. მაგრამ დიდია მოწყალება ღვთისა. იგი მოთმინებით ელოდება მისკენ გადადგმულ ჩვენს ნაბიჯებს.
მთავარია, უფალმა ადამიანთა სწორად განმსჯელი, მონანული და მლოცველი გული დაინახოს და ყველაფერი სულ სხვა სახეს მიიღებს. ამიტომაც, მუდამ და ახლაც, ვთხოვ შემომქმედს, ყველას მოგვცეს მადლი საკუთარი თავის შეცნობისა, განწმენდისა და ჭეშმარიტების გზით სვლისა. ინებოს ღმერთმა ქრისტიანთა გაერთიანება ჭეშმარიტი რწმენის საფუძველზე, ამინ!