ვატიკანის შესახებ

ვატიკანისშესახებ
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფოა. იგი მდებარეობს იტალიის დედაქალაქ რომში. მისი ფართობია 44ჰა. მოსახლეობა 1000ადამიანს აღწევს. სახელმწიფო ენებად გამოცხადებულია ლათინური და იტალიური. ქვეყანას მართავს რომის პაპი. ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის მონარქიის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი. პაპი არის თეოკრატიული მონარქი და მისი ტიტული არა მემკვიდრეობით, არამედ კარდინალთა კოლეგიის არჩევნის მიხედვით გადაეცემა მომდევნო პონტიფიკოსს. შესაბამისად, ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის ამომრჩევლობითი მონარქია. პაპს აქვს გადამწყვეტი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება ვატიკანში. ვატიკანი არ შეერთებია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, თუმცა მინიჭებული აქვს სხდომებზე დასწრების უფლება ხმის მიცემის გარეშე.
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო 1929 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც იტალიის პრემიერ მინისტრის, ბენიტო მუსოლინისა და რომის პაპ პიუს XI-ის ოფიციალური წარმომადგენლის, კარდინალ პიეტრო გასპარის მიერ ლატერანში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ვატიკანმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და კათოლიციზმმა შეიძინა განსაკუთრებული სტატუსი იტალიის მასშტაბით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, კათოლიკური ეკლესიისსაკუთრებაში არსებული ნაგებობები, რომელიც იტალიის ტერიტორიაზეა, მაგალითადCastel Gandolfoდა რამდენიმე დიდი ბაზილიკა, სარგებლობენ ექსტრა-ტერიტორიული სტატუსით ისე, როგორც საელჩოები. ასეთი ნაგებობანი მთელს რომსა და იტალიაში არის გაბნეული და ასრულებენ ოფისებისა და ინსტიტუციების როლს. ლატერანის ეს ხელშეკრულება 1947 წელს იტალიის კონსტიტუციაშიც აისახა და განამტკიცა ვატიკანის სუვერენიტეტი.
სახელწოდება ვატიკანი ძალიან ძველია და უკავშირდება Mons Vaticanus-ს (ლათ. ვატიკანის მთას). წარმართულ დროს ვატიკანი მიჩნეული იყო საკრალულ ადგილად და აკრძალული იყო იქ ცხოვრება. ჩვ. წელთაღრიცხვით I საუკუნეში დედოფალმა აღრიპინამ ვატიკანში ბაღი გააშენა. მისმა შვილმა, იმპერატორმა კალიგულამ კი დაიწყო ცირკის აგება, რომელიც იმპერატორმა ნერონმა დაასრულა. ვატიკანის მიწა კონსტანტინე დიდმა პაპ მილიტადს 313 წელს გადასცა და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი, როგორც რომის პაპების საცხოვრებლად ჩამოყალიბება. თუმცა, ზოგჯერ პაპების ნაწილი რომის სხვადასხვა უბანში არჩევდა ცხოვრებას. XIII-XIV საუკუნიდან რომის პაპების აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს და მოღვაწეობს ვატიკანის სასახლეში( პაპმა ფრანცისკემ უარი თქვა სასახლეში ყოფნაზე).
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო ამჟამად ევროპის ერთადერთი აბსოლუტურ-მონარქიული სახელმწიფოა, რომელსაც უმაღლესი სასულიერო იერარქი ხელმძღვანელობს. ქვეყანაში ფუნქციონირებს დიპლომატიური სამსახური, ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა დეპარტამენტები (სამინისტროები), რომლებიც განაგებენ შესაბამის სფეროებს: ჯანდაცვის, უსაფრთხოების, ტელეკომუნიკაციების და სხვ.
ვატიკანის სამხედრო უსაფრთხოებას იცავს იტალიის სახელმწიფო. უშუალოდ ვატიკანის ტერიტორიაზე კი წესრიგს უზრუნველყოფს შვეიცარიელებისგან დაკომპლექტებული საპოლიციო გაერთიანება. გადმოცემის თანახმად, მათი ფერადი ფორმა მიქელანჯელოს შექმნილია.
ვატიკანში მრავალი ისტორიული ძეგლია, რომელთა მნიშვნელობა ძალიან დიდია. ქალაქ-სახელმწიფო დაცულია იუნესკოს მიერ. აქ მდებარეობს წმინდა პეტრეს ტაძარი(რომელიც 60000 ადამიანს იტევს) და არაერთი მუზეუმი. ვატიკანის მუზეუმების საერთო სიგრძე 14.5 კილომეტრია და შედგება 1400 ოთახისაგან.
ვატიკანის ეკონომიკას განსაზღვრავს ტურიზმი, თუმცა, შემოსავლების ძირითად წყაროს ასევე წარმოადგენს გადასახადებიდან შემოსული შესაწირი. იტალიიის მოქალაქეებს უფლება აქვთ წლიური საშემოსავლო გადასახადის 8% გადაუხადონ ვატიკანს, იტალიის სახელმწიფოს ნაცვლად.
ვატიკანი ანხორციელებს არაერთ ფართომასშტაბიან საქველმოქმედო პროექტს და ხელს უწყობს განათლების გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ ვატიკანის რადიო მაუწყებლობს 20 ენაზე.