პატრიარქის ქადაგება (10.07.2016)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი.რთული იყო ჩვენი წარსული და აი ამ სირთულეში განსაკუთრებული როლი შეიტანეს განსაკუთრებულმა პიროვნებებმა. მაგალითად გიორგი მთაწმენდელმა, – ივერონის მონასტრის იღუმენმა ათონის მთაზე და უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ (საძაგლიშვილი), რომელთა ხსენებასაც დღეს აღვნიშნავთ.
ისეთი დიდი პიროვნება და პოლიტიკოსი, როგორიც იყო ჩერჩილი, წერს: „ყველაფერი არასაიმედოა“. ანუ მან დაკარგა იმედი. ასევე მას აქვს სიტყვები: „არა ისტორია, არამედ ბიოგრაფიები“. ე.ი. ისტორიას ქმნიან გამორჩეული პიროვნებები და მათი ბიოგრაფიებიო.
ვინ იყო გიორგი მთაწმინდელი? (ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, ამიტომაც სასულიერო აკადემიაში, საკანდიდატო დისერტაციად ავირჩიე „ივერიის მონასტრის ისტორია“.).
გიორგი მთაწმინდელმა განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. გავიხსენოთ თუნდაც ერთი ფაქტი: ჩვენ ძალიან ხშირად გვედავებოდნენ იმის შესახებ, თუ როდის მიიღო საქართველომ ქრისტიანობა, როდის მიიღო საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია. ზოგი მეხუთე საუკუნეს, ზოგი კი მეთერთმეტე საუკუნეს ამბობდა. ანტიოქიის პატრიარქმა გამოიძახა გიორგი მთაწმინდელი და უთხრა მას, რომ თქვენი ეკლესია უნდა ემორჩილეობოდეს ანტიოქიის ეკლესიასო (მართლაც რომ დაარსდა საქართველოს ეკლესია, თავიდან იგი ანტიოქიის ეკლესიის იურისდიქციაში მოიაზრებოდა). გიორგი მთაწმინდელმა უთხრა, რომ ანდრია პირველწოდებულის ცხოვრებაში წერია, რომ საქართველოს პირველი მქადაგებელი იგი იყო. ჩვენი ეკლესია ანდრიამ დაარსა, თქვენი კი – პეტრე მოციქულმა. პეტრე ანდრიამ მიიყვანა უფალთან. ანდრია იყო პირველი და მეორე პეტრე, ვინ ვის უნდა ემორჩილებოდეს ანდრია პეტრეს თუ პეტრე ანდრიასო? ამ კამათში მან დაამტკიცა, რომ საქართველოს ეკლესია ავტოკეფალური და დამოუკიდებელია.
წმიდა მოწამე პატრიარქ კირიონს განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე. სხვებთან ერთად მას უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. იგი მოწამეობრივად აღესრულა. დღეს შევთხოვთ ამ ორ წმინდანს, – კათოლიკოს-პატრიარქ კირიონსა და გიორგი მთაწმინდელს, რომ მშვიდობა და მფარველობა სთხოვონ უფალს საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
თქვენ ხედავთ, რამდენად რთულია თანამედროვე ცხოვრება. ძალიან ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან და არა მარტო მიდის, არამედ იხედება უფსკრულში. ღმერთმა დაიფაროს… ლოცვა, წმინდათა ლოცვა გვიშველის ჩვენ.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და წმინდა გიორგი მთაწმინდელისა და წმინდა კირიონის ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.
ჩვენთან არს ღმერთი!
სამების საკათედრო ტაძარი
10 ივლისი, 2016 წელი