სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (09.04.2016)

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“

25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ქვეყნის ისტორიისთვის ეს მცირე დროა, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის სიცოცხლის სერიოზული ნაწილი.
დამოუკიდებლობა დიდი ტვირთია, დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის კი იგი, მითუმეტეს, ძნელად მისაღწევი და ასევე ძნელად გასავლელი გზაა; ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ამ ხნის განმავლობაში დიდი სირთულეები შეგვხვდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, რასაც, სამწუხაროდ, თან ერთვის მსოფლიო კრიზისიდან მომდინარე პრობლემებიც.
ჩვენი ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად ხანგრძლივი გაჭირვებისა და იწროების, მიუხედავად დიდი ტკივილისა და მწუხარებისა, გავუძელით დროის გამოცდას. ერმა ღირსება და ღირებულებები არ დაკარგა და დამოუკიდებელი საქართველოს ერთგულ დამცველად დარჩა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ყოველი ადამიანი, რომლებმაც სიცოცხლე შესწირა, ან ღვაწლი გასწია ქვეყნის სუვერენიტეტისათვის.
ღმერთმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოველთა წმინდანთა და ჩვენი წინაპრების ლოცვით, განამტკიცოს, განაძლიეროს და თავის საზღვრებში აღადგინოს სრულიად საქართველო.
გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის 25 წლისთავს!
სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი ილია II
9 აპრილი 2016 წელი