სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1921-1927 წ.წ.)





1. საერო ცხოვრებიდან სასულიერო იერარქიამდე




XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როგორი რთული წინააღმდეგობრივიც იყო გასული საუკუნის პირველი მეოთხედი საქართველოსათვის, ასეთივე მძიმე იყო იგი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსისათვის. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ წლებში, როცა ბოლშევიკების მიერ ოკუპირებულ და საშინელი რეპრესიების დროს ღვთის განგებამ მას არგუნა ყოფილიყო სულიერი წინამძღოლი ქართველი ხალხის, ქართული ინტელიგენციის, არისტოკრატიისა. მან უშიშრად იტვირთა ქართველი ერის სულიერი გაძლიერების მისია და თავისი თავის მსხვერპლად მიტანით გაადაარჩინა საქართველოს თავისუფლების იდეა, მისმა თავდადებამ თვით ურწმუნო ადამიანებშიც კი დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმკვიდრა.
უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი, ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია დაიბადა 1861 წლის 7 ოქტომბერს მარტვილში.
1871-1873 წლებში სწავლობდა ოჩამჩირის პირველდაწყებით სკოლაში, ხოლო 1873-1879 წლებში მარტვილის სასულიერო სასწავლებელში. ეს იყო დრო, როდესაც რუსეთის ხელისუფლება აქტიურად შეუდგა თავისი ვერაგული ზრახვის, ქართველთა დენაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელებას, ეს ტენდენცია განსაკუთრებით იგრძნობოდა აფხაზეთში. ჭაბუკმა ბესარიონ ხელაიამ თავის თავზე იწვნია რუსეთის ველიკოდერჟავული პოლიტიკის ვერაგობა. უკვე იკვეთებოდა ქართველთა და აფხაზთა შორის გაუცხოების ტენდენცია, ქართველობა საკუთარ სამშობლოშივე დევნილი იყო. შედარებით უკეთესი ვითარება იყო მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, სადაც იყვნენ ისეთი მასწავლებლებიც, რომელნიც მოსწავლეებს გატაცებით უამბობდნენ საზოგადოებაში უკვე დავიწყებულ ქართველ მეფეებზე, ქართველ გმირებზე, ქართველ წმინდანებზე. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი წარმომადგენლების: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაწყებული ქართველი ერის დიდი გამოღვიძების სიო პროვინციებშიც იგრძნობოდა.
1879 წელს ჭაბუკი ბესარიონ ხელაია ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. საქართველოს ყოფილ დედაქალაქ XIX საუკუნეში ამიერკავკასიის ცენტრად წოდებულ თბილისს უჭირდა ქართული ქალაქის სახის შენარჩუნება. თბილისში 41 ერისა და ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობდა, მათ შორის 21% ქართველი, 37%-სომეხი, 30%-რუსი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ერის წარმომადგენლები (1,29). 1866 წელს ქალაქში შემოღებულ იქნა თვითმმართველობა ქალაქის თავად არჩეულ იქნა გენერალი არწრუნი, მაგრამ თბილისში მოღვაწეობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი. აქვე ფუნქციონირებდა “ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება,” გამოდიოდა ილია ჭავჭავაძის “ივერია”, სერგეი მესხის “დროება”, მიმდინარეობდა პოლემიკა ქართული ბანკის გამო. ქართველი სამღვდელოების მოწინავე ნაწილი უკვე აღარ ერიდებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე საუბარს. თვით სასულიერო სემინარიაში კი სულისშემხუთველი, შოვინისტური ატმოსფერო იყო გამეფებული. ქართველი პედაგოგები განიცდიდნენ დევნას, შეურაცხყოფას, სემინარიელებს ქართულად ფიქრსაც უკრძალავდნენ, მიუხედავად ამისა ბესარიონ ხელაიამ მტკიცედ გადაწყვიტა მთელი თავისი ცხოვრება ქართველი ხალხისათვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების ბრძოლისათვის მიეძღვნა.
როგორც ზაქარია ჭიჭინაძე გადმოგვცემს: “ბესარიონ ხელაია იყო უღრმესად მოყვარე თავის სამშობლო ქვეყნის, თავის ერის, ქართული მწერლობის და საქართველოს ისტორიის… ყოველთვის გულ-ნაკლული იყო ქართველი ერის ასე დაცემასა და დაქვეითებაზედ. სძულდა სასტიკად უგულო ამხანაგები, ნამეტურ ისინი, რომელნიც ხშირად საქართველოსაც წარა-მარად უარჰყოფდნენ.” (2,5). 1887 წელს იგი აკურთხეს სოხუმის ეპარქიის სოჭის ეკლესიის მღვდლად, 1892 წლიდან სოხუმის საკათედრო ტაძრის კანდელაკია, 1890 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძის “ივერიაში” გამოქვეყნდა მამა ბესარიონ ხელაიას წერილი გუდაუთის უბანში მისიონერ ამბროსი კავკასიძის სტუმრობის შესახებ. მისიონერი ამბროსი კავკასიძე კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი იყო და გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და მჭერმეტყველებით ეხებოდა რა მის ქადაგებას გუდაუთის თემის ლიხნის ეკლესიაში მამა ბესარიონ ხელაია დასძენდა: “შემდგომ წირვისა არქიმანდრიტმა ხალხს უთხრა ქადაგება, სწორედ რომ ვთქვათ, უფრო დარიგება იყო მისი სიტყვა, ვიდრე საეკლესიო ქადაგება და ხალხზე ამიტომაც დიდად იმოქმედა მისმა მდაბიო, გასაგონის ენით წარმოთქმულმა სიტყვამ. შემდგომად ასეთის სწავლა-მოძღვრებისა აუხსნა ხალხს შვილების სწავლების სარგებლობა და უთხრა, რომ თქვენს საზოგადოებაშიც სკოლა გამართეთო… წირვის შემდეგ ხალხმა ერთხმად გადაწყვიტა იქონიონ სკოლა, შეადგინა განაჩენი, რომ მოამზადონ სახლი სკოლისა და მასწავლებლებისათვის. არქიმანდრიტი დაჰპირდა, როდესაც სკოლის შენობა მზად იქნება, მასწავლებელსაც გამოგიგზავნით, სკოლის საჭირო წიგნებსაც და ნივთებსაცო, მასწავლებელსაც ჯამაგირს ჩვენ მივცემთო. ასეთმა მამობრივმა დარიგებამ და შემწეობის აღმოჩენამ და დახმარებამ ძალიან ასიამოვნა ხალხი, თითქოს გულიო მოულბაო ყველას და თბილი სხივი ჩაუფინა. ვიდრე არქიმანდრიტი ცოტას დაისვენებდა და ისადილებდა, საზოგადოებამ ნიშნად პატივისცემისა ფეხი აღარ მოიცვალა იმ ადგილიდან. მერე ყველა წარმომადგენელნი საზოგადოებისა გამოეთხოვნენ, დიდი მადლობა გადაუხადეს ასეთის თანაგრძნობისათვის და გაისტუმრეს… ღმერთმა ინებოს, რომ ამისთანა კაცები ხშირად დაჰხედავდნენ ხოლმე ჩვენს მივიწყებულს მხარეს და ათასში ერთხელ მაინც გაგვაგონებდნენ კაცობრიულსა და კეთილს სიტყვა-პასუხსა.” (20, 1890, 30 IV) დასძენდა მამა ბესარიონი. სოხუმში მოღვაწეობამ კიდევ უფრო განუმტკიცა აზრი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლისათვის ბრძოლაში სასულიერო პირისათვის აუცილებელი იყო მრავალმხრივი განათლება, ამიტომ იგი 1897 წელს სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში შევიდა. მამა ბესარიონის სოხუმის საკათედრო ტაძრიდან ყაზანში სწავლის გასაგრძელებლად წასვლას ასე გამოეხმაურა გაზეთი ცნობის ფურცელი “კეთილი მოძღვრის წასვლა.”
“მამა ბესარიონ ხელაიას მრევლის განუსაზღვრელი სიყვარული ჰქონდა დამსახურებული თავისი მამაშვილურისა და სათნო ქცევით. ყველას გული დაწყვიტა საყვარელის მოძღვრის მოშორებამ.” (21, 1897, 30 XI).
1897 წლის 30 დეკემბერს სერგი გორგაძემ ჟურნალი “მწყემსის” რედაქტორს დეკანოზ დავით ღამბაშიძეს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა “ვიცი, თუ რა დიდათ სასიამოვნოა ჩვენი შეგნებული საზოგადოებისათვის უმაღლესი სწავლა-განათლების მქონე სასულიერო პირთა შემომატება, ვიცი აგრეთვე როგორი სიხარულით ეგებებოდით თქვენ და თქვენი პირით მთელი ჩვენი სამღვდელოება ლეონიდის, დიმიტრის, კირიონის, ექვთიმეს ბერად აღკვეცას. ამისათვის ვესწრაფი ვაცნობო პატივცემულ “მწყემსის” მკითხველებს ერთი ფრიად სასიხარულო ამბავი, რომელიც ჭეშმარიტად ამართლებს იმ აზრს, რომ ეს უკანასკნელი ათი წელი საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში შავი სამღვდელოების განახლების ხანად უნდა ჩაითვალოს, რომ ქართველებს მტკიცე სარწმუნოება ქრისტესი და მართლმადიდებელი ეკლესიის პატივისცემა არც ისე გაქრობიათ გულში, როგორც ეს ზოგიერთ ერებს ეგონათ – ამის უტყუარ მაგალითს, ზემოთაღნიშნული პირთა გარდა, წარმოგვიდგება კიდევ მამა ბესარიონ ხელაია, რომელიც წელს ჩვენთან ერთად მიიღეს ყაზანის სასულიერო აკადემიაში. ამის გადაწყვეტილება სინოდისაგან 31 ოქტომბერს მოგვივიდა. მამა ბესარიონს თბილისის სასულიერო სემინარია დაუმთავრებია… ამ ოთხი წლის წინათ დაქვრივებულა და ხელზე დარჩენია ობლად სამი შვილი. საბედოდ მამა ბესარიონის მამა (მღვდელი – ზოსიმე) ცოცხალი ჰყავს და სწორედ ამ გარემოებას შეუწყვია მისთვის ხელი, თორემ შეიძლება ვერც კი გაებედნა ყმაწვილების დატოვება… ვისურვებთ სხვა ახალგაზრდა მღვდლებსაც მიებაძოთ მამა ბესარიონის მაგალითისათვის და არ დაზარებოდეთ უმაღლესი სწავლის მიღება სამშობლო ეკლესიის სამსახურად და სასახელოდ” (22, 1897, 30 XII). ამ დროს ყაზანის სასულიერო აკადემიაში არაერთი ქართველი სწავლობდა, მათ შორის გამოირჩეოდნენ: ექვთიმე კაჭახიძე (შემდგომში მიტროპოლიტი დავითი), მიხეილ ფხალაძე (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III), სერგი გორგაძე (ისტორიკოსი), იპოლიტე ვართაგავა (მწერალი, კრიტიკოსი). როგორც ეს უკანასკნელი გადმოგვცემს: “ვინც ბესარიონს ახლოს გაეცნობოდა, დარწმუნდებოდა, რომ ის უსათუოდ ნიჭიერი, განვითარებული, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო, უერთგულესი ამხანაგი და ადამიანი იყო… აღმოჩნდა, რომ არამც თუ ჩვენზე ნაკლებ, უმეტესად ყოფილა ქართული ეროვნული და საზოგადოებრივი საკითხებით დაინტერესებული, ისიც გაფაციცებით თვალყურს ადევნებდა სამშობლოში წარმოებულ პოლიტიკურ ლიტერატურულ-კულტურული ბრძოლის მსვლელობას, ჩვენი ისტორიის პირველწყაროებზე მუშაობდა და დაემზადებინა რამდენიმე ისტორიული თუ სხვა ხასიათის ნარკვევი. რუსი სტუდენტებიც მალე დარწმუნდნენ, რომ ბესარიონი იყო დიდად მომზადებული და განვითარებული პიროვნება: ორ სასემესტრო თხზულებებში მან სასტიკ პროფესორთა უაღრესად საპატიო დაფასება მიიღო.” (3,63)
1900 წლის 11 თებერვალს ბესარიონი ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა ამბროსი. 1900 წლის 11 თებერვალს საღამოს 6 საათზე ყაზანის სასულიერო აკადემიის ეკლესიაში ათამდე ქართველი შეიკრიბა დანიშნული იყო მღვდელი ბესარიონ ხელაიას ბერად აღკვეცა. წესი რექტორმა, ეპისკოპოსმა ანტონმა შეასრულა და გულშიჩამწდომი სიტყვა წარმოსთქვა. იგი ღმერთს ბესარიონის სახელით შეავედრა, აიღო ხელში მაკრატელი შეიკვეცა თმის ღერი და ამის მერე “ბესარიონი” აღარავის გაუგონია: მას უწოდეს ამბროსი.” მღვდელმთავარს უთქვამს: “საბერო სათნოებათა შორის სიმდაბლე ყველაზე უფრო მაღალი და ძნელი სათნოებაა. იგი შველის კაცს, მოთმინებით აიტანოს ყოველგვარი გაჭირვება… ჭეშმარიტი სიმდაბლით აღჭურვილი მოძღვარი თვით გულქვა და ამპარტავან ადამიანებზეც კი ძლიერ ზნეობრივ გავლენას იქონიებს ხოლმე… სიმდაბლის მქონე კაცი იმითაა კიდევ ძლიერი, რომ მას თვით სიკვდილის მოახლოებაც კი ვერ შეაშფოთებს, იმ სიკვდილისა, რომლის წინაშეც ასე ხშირად თრთიან ხოლმე თვით უძლეველი და გულმაგარი გმირები. ასეთია სიმდაბლის უაღრესობა, მაგრამ რამდენადაც ძლიერია იგი, იმდენად უფრო ძნელია მისი მოპოვება; განსაკუთრებით ძლიერ უჭირთ ეს ახალგაზრდა და გამოუცდელ ბერებს.” (9,25-26). აკადემიის დამთავრების შემდეგ მამა ამბროსი დაბრუნდა საქართველოში. 1901 წელს მცირე ხნით მოღვაწეობდა სოხუმში, მაგრამ მისი იქ ყოფნა ხელს არ აძლევდათ ანტიქართულ ძალებს, იგი მოურიდებლად ამხელდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების შოვინისტურ პოლიტიკას. ამიტომ 1902 წელს იგი გადმოყვანილ იქნა რაჭაში, ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად. აქ მან თავისი თავდადებული საქმიანობით მოსახლეობის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1903 წელს მარიამობის დღესასწაულზე ჩასულ ცნობილ ქართველ მწიგნობარს სოსიკო მერკვილაძეს წირვის შემდეგ მოუსმენია მისი ქადაგება, იგი იმდენად შთამბეჭდავი ყოფილა, რომ მსმენელთა უმრავლესობას სიხარულის ცრემლები ჰქონდა. “მამა ამბროსი სულ წელიწადი არ არის, რაც წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისათვის ეს მოკლე დროც საკმარისი ყოფილა, რომ წრფელის გულით შეყვარებია ხალხს. ახლო მახლო სოფლებში ჩვენ იმისთანა კაცს არ შევხვედრივართ, რომელიც წრფელის გულით არ იყოს განმსჭვალული მამა ამბროსისადმი ღრმა პატივისცემით და სიყვარულით. სოსიკო მერკვილაძე არქიმანდრიტ ამბროსის გულთაზრიან ღვთსისმსახურს უწოდებდა.” (2,11)
მამა ამბროსიმ თითქმის გაუკაცრიელებული მონასტერი კვლავ ააღორძინა. მან დაწვრილებით შეისწავლა რაჭა-ლეჩხუმის სიძველენი. საქართველოს ისტორიის, ქართული ხელნაწერების შესწავლის ინტერესი ჯერ კიდევ ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს გამოავლინა. მან სასულიერო აკადემიაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია “Борьба Христианства с Исламом в Грузии”. ამის შესახებ 1901 წლის 14 ივლისს გაზ. “ივერია” აუწყებდა საზოგადოებას. ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია ამ მიმართულებით საქმიანობა. არქიმანდრიტმა ამბროსიმ ჟურნ. “განთიადსა” და “ცხოვრებაში” 1915-1917 წ.წ. “ამბერის” ფსევდონიმით გამოაქვეყნა “მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში.” მან საინტერესოდ აღწერა ჭელიშის მონასტრის ხელნაწერების ისტორია. “უმრავლესობა ჭელიშის მონასტერში დაცულ ხელნაწერებისა გადმოუტანიათ სხვავიდან, სხვავის, ან ველტყევის უდაბნოს გაუქმების შემდეგ, მაგრამ ახლა ძნელია დანამდვილებით ითქვას, რომელი, ან რამდენი მათგანი ეკუთვნოდა სხვავის უდაბნოს. ამის მიზეზი იყო დაუდევრობა, ან უკეთ ვთქვათ, შეუგნებლობა მონასტრის მმართველობისა, რომელნიც ამ ხელნაწერებს არ აძლევდნენ არავითარ მნიშვნელობას და ამის გამო, ეკლესიის ქონებათა აღწერილობაში არ შეუტანიათ… ბევრი ძვირფასი ხელნაწერი სამუდამოდ დაკარგულთა მეცნიერებისათვის. ხოლო დანარჩენი მიუყრიათ ეკლესიის კუთხეში სხვა უხმარ და უვარგის ნივთებთან, რომელთაც მონასტერი არ საჭიროებდა, ამის გამო ხელნაწერები იმდენად დამპალ-დანესტიანებული აღმოჩნდა, რომ საჭირო შეიქმნა მათი გამომზეურება და თითო ფურცლობით შრომა, რასაც მოუნდა მთელი ერთი თვე. გაშრობა-გამომზეურების შემდეგ შეძლებისდაგვარად გადავათვალიერეთ ხელნაწერები და ამის შედეგია მათი მოკლე აღწერა.” (2,5-6). არქიმანდრიტმა ამბროსიმ აღმოაჩინა ქართული მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი “ქართლის მოქცევის” ჭელიშური ვარიანტი, რომელიც მისივე გამოკვლევით შევიდა ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით გამოცემული “ძველი საქართველოს” პირველ ტომში, ხოლო ცალკე გამოიცა 1911 წელს.
არქიმანდრიტმა ამბროსიმ 1907 წლის 28 დეკემბერს საისტორიო საზოგადოებაში წაიკითხა სპეციალური გამოკვლევა “ქართლის მოქცევის” ჭელიშური ვარიანტის შესახებ მისი აზრით “ხელნაწერის პირველი ნაწილი უნდა ეკუთვნოდეს XIII-XIV საუკუნეს. ჩვენ შესაძლებლად ვთვლით – განაგრძობდა იგი – ამ ხელნაწერის დედნის გადაწერა დავსდოთ არა უგვიანეს XI საუკუნისა და თუ ეს უკანასკნელი აზრი მივიღეთ, მაშინ უთუოდ იმაშიც უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ვარიანტი ქართლის მოქცევისა უძველესი დედნიდან უცვლელად არის გადაწერილი” (22,3) – არქიმანდრიტი ამბროსი კარგად იცნობდა წმ. ნინოს ცხოვრების სხვადასხვა ხელნაწერ ვარიანტებს. ტექსტოლოგიური ანალიზის საფუძველზე აკეთებდა სერიოზულ მეცნიერულ დასკვნებს, თუმცა ქრისტიანული თავმდაბლობით შენიშნავდა: `ჩვენ, როგორც არასპეციალისტს ისტორიულ კითხვებში, არ შეგვეძლო უფრო საბუთიანად შეგვედგინა ეს ჩვენი მოხსენება და ამისათვის შეიძლება ვერ დავაკმაყოფილეთ საზოგადოების ცნობისმოყვარეობაო.” (22,4). არქიმანდრიტ ამბროსის ამ აღმოჩენას მაღალ შეფასებას აძლევდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა.
არქიმანდრიტი ამბროსი სიამაყით აღნიშნავდა: “საქართველოს ეკლესია მდიდარი იყო სარწმუნოებრივი რელიქვიებით, არქეოლოგიური მნიშვნელობის მქონე ძვირფასი ნივთებით, რომელთაც სამღვდელოება და ხალხი დიდი მზრუნველობით ინახავდნენ. ისინი გადაურჩა განადგურებას და მხოლოდ, მშვიდობიანობის დროს, XIX საუკუნის განმავლობაში დაიკარგა იმდენი საეკლესიო სიმდიდრე, რამდენიც მთელი შვიდი საუკუნის განმავლობაში მაჰმადინათა მძლავრობის დროს არ დაკარგულა.” (2,23).
XIX საუკუნის ბოლოს ქართველმა თარგდალეულებმა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით მოახერხეს ქართული ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება და გამთლიანება. სახელმწიფოებრივი და ეროვნულ-სარწმუნოებრივი თავისუფლება ეს იყო ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილის იდეალი, ამ იდეალის ერთგული იყო არქიმანდრიტი ამბროსი ხელაიაც. რუსეთის ხელისუფლება გრძნობდა მოსალოდნელ უსიამოვნებას და თვითონაც ემზადებოდა ღირსეულ მამულიშვილთა თვალთვალისა და დევნისათვის ამის დასტურია ქუთაისის გუნერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსისა და ეპისკოპოს არსენის საიდუმლო მიმოწერა სოხუმის ოლქში ბესარიონ ხელაიას და სხვათა მონაწილეობით არსებული ქართული მოძრაობის შესახებ.
“ვიძიებ რა საქმეს სოხუმის ოლქის ქართველების შესახებ, რომელთაც თავის მიზნად დაუსახავთ აფხაზეთისა და სამურზაყანოს სრულიად გაქართველება ქართულის სკოლების დახმარებით და წირვა-ლოცვის და ყოველივე მღვდელმსახურების ქართულს ენაზედ შესრულებით, რაიც სრულიად უცნობია აფხაზთათვის. ამიტომ გთხოვთ კეთილი ინებოთ და შემდეგი დამატებითი ცნობები მომაწოდოთ.
1) იცნობთ თუ არა, რომ სოხუმის ოლქში არსებობს მკვიდრი ორგანიზაცია ქართველთა, რომელთაც დაუსახავთ აფხაზთა გაქართველება და მით რუსეთის ინტერესებს მათი ჩამოშორება;
2) სდევნის თუ არა ქართველთა პარტია იმ მღვდლებსა და მასწავლებლებს, რომელნიც თქვენს განკარგულებას ასრულებენ და მათ არ თანაუგრძნობენ და არ ემორჩილებიან მათ უკანონო მოქმედებას, ე.ი. ქართული ენის სწავლებას სკოლებში და ჩუმათ მაინც წირვა-ლოცვის აღსრულებას ქართულად;
3) სცდილობენ თუ არა აფხაზეთის გაქართველებას შემდეგნი პირნი: თედო სახოკია, ანთიმოზ ჯუღელი, მღვდელნი: მაჭავარიანი, კერესელიძე, ჩხენკელი და ხელაია ვისარიონი;
4) გჯერათ და უწყით, რომ ქ. სოხუმის მცხოვრები თედო სახოკია პრესაში და საზოგადოებაში კრიტიკას იწვევს და მასხრად იგდებს ყოველივე თქვენს განკარგულებას;
5) მართალია, რომ მღვდელმა მაჭავარიანმა პანაშვიდი გადაიხადა ქართულს ენაზედ გარდაცვალებულის მწერლის წერეთლის გამო და ქართულადვე სიტყვა წარმოსთქვა თედო სახოკიასა და ანთ. ჯუღელის თხოვნით;
6) მართალია თუ არა, რომ მღვდელმა ბესარიონ ხელაიამ, რომელიც ქართულ ენაზედ წირვა-ლოცვის შემოღებას მოითხოვდა, განგიცხადათ, რომ აქ საქართველოა და არა რუსეთი და ამიტომ წირვაც ქართულად უნდა იყვესო;
7) მართალია თუ არა, რომ მღვდელი კერესელიძე წინააღმდეგობას უწევდა თქვენს განკარგულებას და როცა მოინდომეთ მისი გაძევება, სინოდალურის კანტორამ წინააღმდეგობა გაგიწიათ;
8) რადგანაც უტყუარი ცნობები მაქვს, რომ ნაცნობობა აქვთარასაიმედო და წარმართი მიმართულების ხალხთან (აფხაზებთან)თედო სახოკიას, მღვდლებს – ჩხენკელს, კერესელიძეს, მაჭავარიანს და ბესარიონ ხელაიას, ამიტომ გთხოვთ აღნიშნულნი პირნი დამიხასიათოთ ზნეობრივის მხრივ თითო მათგანი კერძოდ და დაწვრილებით გამაცნოთ მათი მოღვაწეობა;
9) მართალია, რომ კორესპონდენტი თედო სახოკია განგებ, წინდაწინვე განზრახულის მიზნით ამახინჯებდა ფაქტებს და ყალბ სტატისტიკურ ცნობებს ათავსებდა გაზეთებში მეგრელებისა და ქართველების შესახებ, რათა დაემტკიცებინა აუცილებელი საჭიროება ქართული ენის საჭიროებისა სასწავლებლებში;
10) რით აიხსნება სინოდალური კანტორისაგან მხარის დაჭერა მღვდელ კერესელიძისა და სრულიად უდანაშაულო მღვდელის კავკასიძის გაძევება;
11) სცნობთ თუ არა, რომ მღვდელნი: მაჭავარიანი, ჩხენკელი, კერესელიძე და ხელაია მავნებელნი და საშიშნი არიან იმპერიის ინტერესებისათვის;
12) მართლმადიდებელ ეკლესიისათვის მავნებელნი არის თუ არა მოღვაწეობა თედო სახოკიასი და ჯუღელისა.
პასუხს გთხოვთ გამოაყოლოთ დედანი იმ განცხადებისა, რომელიც სამურზაყანოელებმა მიართვეს თქვენს მაღალკურთხევას, რათა მათის შვილებისათვის არ ესწავლებინათ ქართული ენა. ამ წერილობით მათს გაცხადებას უაღრესი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეპარქიალურ საბჭოს ვითომ 1895 წელს მღვდელის მაჭავარიანის და პოლკოვნიკის ქორქაშვილის ძალდატანებით გაუგზავნია მოწოდება სამურზაყანოელებისათვის, გინდათ თუ არა ქართული ენის სწავლება, რაის შედეგიც ყოფილა ზემოხსენებული განცხადება,რომელშიც სამურზაყანოელები აშკარად ამბობენ, არა გვსურს ქართული ენის სწავლებაო…
საიდუმლო შეკითხვებზედ, რომელიც 12 მუხლისაგან შესდგება და რომელიც ქართველთა მოძრაობას შეეხება ოლქში, შემიძლიან შემდეგი გიპასუხოთ:
1) პირველივე დღეებიდან ჩემის სოხუმის ოლქში დანიშვნისა, შევნიშნე, რომ ეპარქიაში მცხოვრებნი ქართველები ყოვლის ღონისძიებით სცდილობენ დანერგვას სამურზაყანოსა და აფხაზეთში ქართველთა მოქალაქეობრიობას, რაშიაც სრულ დახმარებას უწევს მას სამღვდელოება, რომელნიც განსაკუთრებით ქართველთა და მეგრელთაგან შედგება. ამის დამამტკიცებელი საბუთი მრავალი მომეპოვება. 1895 წელს სამასწავლებლო საბჭოში ქართველებმა აღძრეს შუამდგომლობა ქართულის ენის სწავლებისა აფხაზეთსამურზაყანოში და წარმოადგინეს განჩინებაც სოფლების საზოგადოებითგან, რომელნიც ითხოვდნენ ქართულის სწავლებას სკოლებში. მე წინ აღვუდექი ამას, რის გამოც ჟურნალ “Русский Труд”-ში მოათავსეს წერილი, რითაც უკმაყოფილებას მიცხადებდნენ, როცა 14 იანვარს წმ. ნინოობას ნება არ მივეცი ქართულს ენაზე წირვისა სოხუმის საკრებულო ტაძარში, მაშინ ხომ მათი უკმაყოფილება აშკარა იყო და ნათლად დავრწმუნდი, რომ ქართველები აღარა ხუმრობდნენ აფხაზეთის გაქართველებას. ქართველების მოძრაობა დიდათ აბრკოლებს აფხაზების გარუსების და გადაგვარების საქმეს.
2) რაც შეეხება ქართველთაგან დევნას რუსეთისათვის თავდადებულ სამღვდელოებისა და მასწავლებლებისას, დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლიან, მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში ოქუმუს მღვდელის მამა ქავჟარაძისას, რომელიც მარჯვე დამცველი იყო და გამტარებელი ცხოვრებაში რუსულის მოქალაქეობრიობისა და რომელსაც ათასი ცოდო დასწამეს, რათა გაეძევებინათ ის სამურზაყანოდგან, უნდა ვთქვათ, რომ ასეთი დევნა არსებობს.
3) რამე დადებითი საბუთები თედო სახოკიასა ან ჯუღელისა, მღვდლების – მაჭავარიანისა, კერესელიძისა და ხელაიას მოქმედებისა და მეცადინეობის შესახებ ქართული ენის გასავრცელებლად და დასამკვიდრებლად აფხაზეთში არ მომეძებნება, მხოლოდ პირველის შესახებ შემიძლიან ვთქვა, რომ თუ ის ავტორია გაზეთებში მოთავსებულ ყალბ ცნობებისა, მაშასადამე, იგი ყოფილა გამავრცელებელი და დამამკვიდრებელი ქართული ენისა და მოქალაქეობისა აფხაზეთში, ხოლო რაც შეეხება მღვდელს კერესელიძეს, თვით დირექტორიც კი სახალხო სკოლებისა, სთვლის მას არაკეთილსაიმედო პირათ, რომელსაც შეუძლიან ცუდი გავლენა იქონიოს მოსწავლე ახალგაზრდობაზედ, როგორც სამღთოს სჯულის მასწავლებელს ოჩამჩირეში.
4) დეკანოზმა მაჭავარიანმა მართლა გადაიხადა პანაშვიდი გარდაცვალებულის მწერლის წერეთლის სულის მოსახსენებლად და ქართულადვე სთქვა სიტყვა ჩემ ნებადაურთველად, მაგრამ ვის ჩაგონებითა და განძრახვებით ჩაიდინა ეს საქმე, არ ვუწყი.
5) მღვდელმა ხელაიამ კერძო ლაპარაკში, როდესაც მიმტკიცებდა და მთხოვდა ქართული წირვა-ლოცვის შემოღებას, მითხრა, რომ “აქ საქართველოა და არა რუსეთი და წირვა-ლოცვაც ქართულად უნდა იყვესი”.
6) მღვდელის – კერესელიძის სხვა მრევლში გადაყვანა ჩემის განკარგულებით მოხდა, რადგანაც თავის უხასიათობის გამო ვერა რიგდებოდა მრევლთან და უვარგისი იყო მასწავლებელი საღმრთო სჯულისა.
7) რაც შეეხება მღვდლებს – ჩხენკელსა და მაჭავარიანსა, არაფერს ცუდ საქმეში შემჩნეულნი არა მყოლიან და არც მათს მიმართულებაში შეიმჩნევა სამარცხვინო რამ, რაც შეეხება მღვდელს ბესარიონ ხელაიას, აკადემიაში შესვლამდის არაფერი ცუდი არ შემიმჩნევია და რაც შეეხება მის მიმართულებას, ეს ხომ უკვე ზემონათქვამიდამ მის შესახებ ნათლად სჩანს.
8) თედო სახოკია განგებ ყალბ ცნობებს ათავსებდა გაზეთებში ქართველთა და მეგრელთა სოხუმის ოლქში მოსახლეობის შესახებ, რადგანაც მას როგორც სოხუმის ოლქში მცხოვრებს, კარგად უნდა სცოდნოდა ნამდვილი სტატისტიკური ცნობები, მაგრამ იგი წინად განზრახვით ამახინჯებდა ყოველივე ცნობას.
9) მღვდლის კერესელიძის გამოქომაგება სინოდალურ კანტორისაგან და ჩემის გადაწყვეტილების გაბათილება ამის სხვა მრევლში გადაყვანის გამო, აიხსნება იმ გარემოებებით, რომ მისი საქმე გაარჩია კანტორამ მაშინ, როდესაც ეგზარქოსი არ იყო თბილისში და მის მაგივრობას ასრულებდა ქართველთ ეპისკოპოსი ალექსანდრე. მისი, ე. ი. კერესელიძის, მოშორებას მოითხოვდა დაჟინებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი. დარწმუნებული ვარ, კერესელიძის საქმე რომ გაერჩია ეგზარქოსს და არა ქართველ ეპისკოპოსს, ჩემს გადაწყვეტილებას კერესელიძის გადაყვანის შესახებ დაადასტურებდა.
10) თუ რომ მღვდლები მაჭავარიანი, კერესელიძე და ხელაია მოქმედებენ აფხაზეთ-სამურზაყანოს გასაქართველებლად, მაშინ, რასაკვირველია, მავნეთ უნდა ჩაითვალოს მათი მოღვაწეობა, რადგანაც ამით ისინი წინააღუდგებიან რუსეთის იმპერიის მიზანსა და მისწრაფებასა.
11) მოქმედება თედო სახოკიასა და ჯუღელისა მავნებლად უნდა ჩაითვალოს მართლმადიდებელ ეკლესიისათვის, რადგანაც გაქართველებული მათგან ახალგაზრდობა მტრად გაუხდება რუსეთის ეკლესიას, რომელიც სულ სხვა მიზნით მოქმედებს აფხაზეთში.
ამასთანავე ვადგენ განცხადების პირს სამურზაყანოელებისას, რომლითაც ისინი უარყოფენ ქართული ენის საჭიროებას თავიანთს სკოლებში და დასძენენ, რომ თუმცა ამ განცხადების წინედ წარმოდგენილი იყო რამდენიმე განჩინება სამურზაყანოელებისა ვითომ ქართულის ენის სწავლება შემდეგის საჭიროების შესახებ, მაგრამ ყველა ესენი განზრახ შედგენილი იყო სამღვდელოებისაგან და მრევლი აქ არაფერს მონაწილეობას არ იღებდა. (10, 144-150).
მამა ამბროსი ხელაია, რომელმაც შესანიშნავად იცოდა რუსეთის იმპერიის საეკლესიო პოლიტიკის მიზნები აფხაზეთში ამხელდა ამ პოლიტიკის რეაქციულობას და ქართველ პატრიოტებთან ერთად მედგრად იცავდა ქართულ პოზიციებს. იგი სიხარულით შეხვდა ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) სოხუმის ეპარქიის მმართველად დანიშვნას. კირიონისადმი გაგზავნილ წერილებში ეხება როგორც სოხუმის ეპარქიის, ასევე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის პრობლემებს. 1906 წლის 14 თებერვალს მამა ამბროსი ეპისკოპოს კირიონს ატყობინებს: “ღმერთს ვთხოვ თქვენს მშვიდობით დაბრუნებას სამშობლო მხარეში და გამარჯვებას იმ საქმეში, რომლის გადასაწყვეტადაც თქვენ ხართ მიწვეული ჩრდილოეთის სატახტო ქალაქში. მართალია, ცუდად დატრიალებულია ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის ბედ-იღბალი, მაგრამ რა ვქნათ, როდის ვიყავით ბედნიერნი, რომ ახლა ვიქმნეთ. მაგრამ ვიქონიოთ მომავლის იმედი… ჩემი და რამდენიმე აქაური მღვდლის აზრი უკეთუ საინტერესოა თქვენთვის, ეს არის: დათმობა არაფრისა და რასაც ძალით მოგვცემენ, ვემორჩილებით მხოლოდ დროებით; როდესაც მოხერხებულ დროს ვნახავთ, ვეცდებით განვახორციელოთ, რაც პეტიციებშია ნათხოვნი. მომავალი კრება, ჩემის აზრით, ჩვენ არას მოგვცემს და არც უნდა დავთანხმდეთ ჩვენი საქმის იქ გადაცემაზე. კრებას არ წაურთმევია ჩვენთვის ავტოკეფალური წეს-წყობილება ჩვენი ეკლესიისა და არც შეუძლია იმის მოცემა, რაც “დე იურე” უკვე გვაქვს, მხოლოდ ფაქტიურად ძალმომრეობამ წაგვართვა. ამიტომ წართმეულის დაბრუნება შეუძლია წამრთმეველს. ან ჩვენ თვითონ რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობის მოსპობით… საზოგადოება ძალიან დაინტერესებულია ამ საქმის (ავტოკეფალიის) მსვლელობით, მთხოვენ, თქვენი რეზოლუცია გამოაქვეყნოთ. ხალხის გამოსაღვიძებლად საჭიროდ მიაჩნიათ ეს” (24, 92-93). 1906 წლის 8 მარტს არქიმანდრიტი ამბროსი ეპისკოპოს კირიონს წერდა: “თქვენი სოხუმში დაბრუნებამ სოხუმის სამღვდელოება და მთლად ქართველობა მეტად გახარა, მაგრამ არა ქართველებს, პოლიტიკანებს, როგორც ეტყობა, ლახვრად დაესო გულში. ეტყობა ვერ მოუნელებიათ ის გარემოება, რომ ბოლო მოეღება სოხუმის ეპარქიაში იმ უსამართლობას, რომელიც მეფობდა იქ ქართველების შესახებ. თქვენ, დარწმუნებული ვარ, უსამართლოდ არც ერთი ერის წარმომადგენელს არ მოექცევით. ამის თავდებია თქვენი წარსული მოღვაწეობა რუსეთში. მაგრამ ამას ბნელი ძალების წარმომადგენელნი ვერ შეიგნებენ და აკი კიდეც “ხულიგნურად” გამოილაშქრეს თქვენს წინააღმდეგ გაზეთ “კოლოკოლში”. იმედია ღირსეულ პასუხს გასცემთ. შეიძლება, თქვენს შემდეგ მეც რამე მოვახსენო ამ ხულიგნური წერილის ავტორს… სწერონ რაც უნდათ, სიმართლემ უნდა გაიტანოს თავისი. ჩვენი ხსნა ეკლესიის თავისუფლებაშია, რომელსაც თქვენ მედგრად იცავთ.” (25, 1319).
??