სრულიად საქართველოს პატრიარქი კირიონ II (1917-1918)

IX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ქართული პერიოდიკის ფურცლებზე ივერიელის, ნიქოზელისა და ლიახველის ფსევდონიმებით ხშირად იბეჭდებოდა საინტერესო წერილები და გამოკვლევები. საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ეთნოგრაფია, ვეფხისტყაოსნისა და ქართლის ცხოვრების უძველესი ნუსხები, ნუმიზმატიკა, ხალხური სიტყვიერების ისტორია – აი ეს საკითხები, რომელიც აინტერესებდა ავტორს. წერილები გამოირჩეოდნენ საკვლევი საკითხის ღრმა ცოდნითა და ეროვნული ჩაგვრით შეწუხებული სამშობლოს დიდი სიყვარულით.
საძაგელოვ-ლიახველ-ივერიელი გიორგი საძაგლიშვილი – ეპისკოპოსი კირიონი, სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი კირიონ II XIX საუკუნის 80-90-იანი წლების ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი აღიზარდა თერგდალეულთა სულისკვეთებაზე და მთელი თავისი საქმიანობაც იმ დიდი მიზნის განხორციელებას მოახმარა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ლელთ ღუნიას პირით საქართველოს უთხრა — ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. — ამ მიზნის პრაქტიკული რეალიზაცია XIX საუკუნის 60-70-იან წლებში შეუძლებელი იყო, ვინაიდან ქართული ეროვნული ცნობიერება ცარიზმის რუსიფიკატორული კოლონიური პოლიტიკის წყალობით იმდენად დაქვეითებული იყო, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ღრმა პესიმიზმს მოეცვა, ნაწილი კი საკუთარი ეროვნული კულტურისა და ისტორიისადმი ნიჰილისტურად იყო განწყობილი. ასეთ ვითარებაში სამშობლო ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი სამსახური გმირობის ტოლფასი იყო, იგი მრავალი დაბრკოლებისა და უსიამოვნების გადალახვას მოითხოვდა. მამულიშვილობის მძიმე ტვირთის მხრებით ტარება მხოლოდ გიორგი საძაგლიშვილის მსგავს ერთეულებს შეეძლოთ – ყველაფერი მობეზრდება მამულიშვილს გარდა მამულიშვილობისა – ამ სიტყვებით გამოხატა კირიონ II-მ თავისი ცხოვრების კრედო.
ქართული ისტორიოგრაფიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქისა და ცნობილი მეცნიერის კირიონ II შესახებ ძალიან ცოტა არის ნათქვამი. პირველი ბიოგრაფიული ნარკვევი 1917 წელს გამოაქვეყნა მოსე ჯანაშვილმა[1], მოკლედ არის გადმოცემული კირიონ II-ის ბიოგრაფია და ნაჩვენებია ის თავდადებული ბრძოლა, რომელსაც კირიონ II ეწეოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, კირიონის დევნა ოფიციალური ხელისუფლების მიერ, ბელგიაში კირიონის დაცვის საზოგადოების შექმნა და რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების მიერ კირიონის გადასახლებიდან დაბრუნება. იქვე საინტერესო პარალელებია კირიონ I (599-610წწ.) და კირიონ II-ს შორის, მაგრამ ნაშრომში ავტორი ნაკლებ ყურადღებას აქცევს კირიონ II-ს სამეცნიერო მოღვაწეობას.
კირიონ II-ის არქივის დიდი ნაწილი ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, რომლის აღწერილობა ეკუთვნის ამავე ინსტიტუტის თანამშრომელს ელისო აბრამიშვილს[2]. მანვე გამოაქვეყნა საარქივო მასალების მოკლე მიმოხილვა, ძირითადად კირიონ II-ის ეპისტოლარული მემკვიდრეობა “მრავალთავში”[3].
კირიონ II-ის მოღვაწეობის შესახებ საინტერესო გამოკვლევა გამოაქვეყნა ბატონმა ვახტანგ გურგენიძემ ხელნაწერთა ინსტიტუტისა და საისტორიო არქივში დაცული მასალების საფუძველზე აღადგინა კათალიკოზ-პატრიარქის კირიონ II-ის მშფოთვარე ბიოგრაფიული ცხოვრება, აჩვენა ევროპელი და რუსეთის სამეცნიერო წრეების კირიონ II-სადმი – დიდი პატივისცემა და სიყვარული[4], მაგრამ ამ დიდი პიროვნების ღვაწლის ყოველმხრივი შესწავლა მომავლის საქმეა.
კირიონ II, ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში სასულიერო პირის ოჯახში. მის წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით დიდოელთა, ინგუშთა შორის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. იგი ჯერ ანანურის სასულიერო სკოლაში სწავლობდა. 1862 წელს გორის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. ამ დროს უკვე გამოიკვეთა ახალგაზრდა ყმაწვილის მამულიშვილური მისწრაფებანი. ცნობილი ხალხოსანი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი იგონებს, რომ გიორგი საძაგლიშვილთან ერთად მოიარეს შიდა ქართლის თითქმის ყველა ისტორიული ადგილები, შემდეგ კი მოიხილეს მაღრანდვალეთის ქართული სიძველენი.
1876 წელს გიორგი საძაგლიშვილმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა 1880 წელს და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.
1883 წლიდან 1896 წლამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (გორი, თელავი, ქუთაისი, თბილისი) ეწეოდა პედაგოგიურ მოღვწეობას, ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს, საღმრთო ისტორიას, გეოგრაფიას. ყოვლად სამღვდელო კირიონი 1896 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების კეთილმოწესედ და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად, სადაც როგორც ქართველმა, კარგად მცოდნემ თავისი ერისა და ხალხის სულიერის საჭიროებისა, დაარსა 19 სამრევლო სკოლა. ააშენებინა სკოლები აწერისხევში, ვანათში, თიანეთში; ყველა სკოლას შეუქმნა წიგნთსაცავები და ბიბლიოთეკები. ამავე პერიოდში ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში იგი აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე, ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით.
კირიონი II იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი და აღწერა ლიახვის ხეობის ისტორიული ძეგლები. ეს აღწერილობა გამოაქვეყნა კიდეც 1898 წელს. ამ აღწერილობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მომდევნო ხანებში ბევრი ისტორიული ძეგლი მოსული ხალხის (ოსები) მიერ განადგურებული იქნა.
1896 წ. ცოლ-შვილის სიკვდილის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა კირილეს, კირიონის სახელით და გაიგზავნა ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად. ამ პერიოდში ღვთისმსახურების გარდა კირიონი მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა ქართლის სოფლებში. აგროვებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, მეცნიერულად სწავლობდა ხალხის ზნე-ჩვეულებას, ეკლესია მონასტრების სიძველეებს. ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობის დროს კირიონმა “ქვათახევიდან ჩამოიტანა და ტფილისის საეკლესიო მუზეუმს ჩააბარა 96 ცალი ხელნაწერი, მათ შორის XI საუკუნის სახარება, 1494 წელს გადაწერილი “დავითნი” და სხვა მრავალი საინტერესო ხელნაწერები”[5].
კირიონ II-მ დიდი წვლილი შეიტანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა მუზეუმის ისტორიული საბუთების გამდიდრების საქმეში. იგი მიტოვებული ეკლესია-მონასტრების ნესტიანი სენაკებიდან, საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ მასალებს ყოველწლიურად უანგაროდ სწირავდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მარტო 1891 წელს საზოგადოებას გადასცა: ტრიოდიონი “მარხვანი”, საბა-სულხან ორბელიანის ლექსიკონი, ცხოვრება და მოქალაქეობა ნეტარისა ანდრია სალოსისა, მსოფლიო ისტორია, ხუცური ასოებით ნაწერი სადღესასწაულო ღვთისმშვენიერი თხრობით სულისა ფრიად სასარგბლო, რომელსაც ეწოდების “გვირგვინი,” საღვთო მარგალიტი ძველი საეკლესიო წიგნი ხუცურ ეტრატზე ნაწერი, აპოკრიფი ყოვლად წმიდა მარიამის სახარებასა და იოსებზე, XVIII საუკუნის ხელნაწერი ლიტურგია ოქროპირისა, რუსული ასამაღლებელი ქართულის ასოებით, სხვა და სხვა ხელნაწერი წიგნების ფურცლები, ისტორია გინა მოთხრობა საღმრთო წერილისა ძველისა და ახლისა ახალი აღთქმისა, მინის სამაჯურები. ნაპოვნი თელავის ღვთაების ეზოში, ოთხი ძველი ვერცხლის ფული”[6].
კირიონმა შეისწავლა ძველი ქართული აპოკრაფების უცნობი ხელნაწერი, რომელიც დაცული ყოფილა გორის თავადაზნაურობის წინამძღოლის ივანე რატიშვილის ოჯახში[7].
1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოებრიობა დიდი სიხარულით შეხვდა. აშკარად იგრძნობოდა რომ საზოგადოებას იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ დიდი სურვილი ჰქონდა მისებრ დინჯი მრავალმხრივი განათლების ქართველი მღვდელთმთავარი ეხილა, რომელიც იტვირთავდა დაჩაგრული ერისა და გაპარტახებულ-განადგურებული ეკლესიის აღდგენას; როცა საზოგადოება ეპისკოპოს კირიონის მოღვაწეობაზე ასეთ იმედებს ამყარებდა, ამის საფუძველს იძლეოდა კირიონის ეპისკოკოსამდელი საქმიანობა. ილია ჭავჭავადძის “ივერია” დიდი ამბით გამოეხმაურა კირიონის ეპისკოპოსად კურთხევის ფაქტს. 22 აგვისტოს შაბათს შუადღისას საქართველოს ეგზარქოსის დარბაზში მოხდა სახელდება ეპისკოპოსად არქიმანდრიტ კირიონისა, რომელიც უმაღლესის ბრძანებით დანიშნულ იქნა ალავერდის მღვდელმთავრად… “სრული იმედია ყოვლადსამღვდელო კირიონი, კარგად ცნობილი საქართველოში, როგორც განმაახლებელი მრავალთა ნაშთთა ჩვენის ძველის ხუროთმოძღვრებისა და სასულიერო განათლების თანამგრძნობელი, შეძლებისდაგვარად იმოღვაწებს კახეთის სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ასპარეზზედ” – (ივერია, 1898 №81).
ეპისკოპოსად სახელდებისას არქიმანდრიტმა კირიონმა წარმოთქვა სიტყვა:
– “მე სრულიადაც არ წარმოვიდგენდი ამ თვრამეტი წლის წინათ, როცა კურსი შევასრულე კიევის სასულიერო აკადემიაში, თუ ჩემთვის ასეთი ბედნიერი და დიდმნიშვნელოვანი დღე დადგებოდა… მე კურსის შესრულების შემდეგ დავიწყე სამსახური სასულიერო წოდების ახალ თაობის აღმზრდელის ასპარეზზედ. მას უკან ბევრ რასმეს ვფიქრობდი, ბევრ გეგმას ვაწყობდი ჩემის მომავლის მოღვაწეობისას, ბევრს ადგილს ვირჩევდი სამსახურისას, მაგრამ უფლის განგებულებამ დღეს ნაჩვენებ გზაზედ დამაყენა: სხვებსავით მეც ვფიქრობდი მომეპოვებინა მყუდროება და ბედნიერება ოჯახურს ცხოვრებაში, მაგრამ ბედმა აქაც მიმუხთლა. და ამის გამო სამსახური ეკლესიის მიმართ მონაზვნის წოდებაში ჩემთვის აუცილებელ-აუშორებელი შეიქმნა. სწორედ ოცი თვის წინათ ამავე ადგილს, სადაც ახლა ვდგევარ, ვიდექი მონაზონის უბრალო ტანსაცმელში და ვაძლევდი აღთქმას მონაზონური ცხოვრებისას… დიდი მადლობელი ვარ იმ ჩემი მოძღვრისა, რომელმაც ამ ჭეშმარიტ გზაზედ დამაყენა. დღეს უმაღლესის ბრძანებით უნდა ვიტვირთო მძიმე მოვალეობანი. მწყემსმთავრისა და ვიქნე ალავერდის ეპისკოპოსად – იმ ალავერდისა, სადაც მოღვაწეობდა, სადაც ქადაგებდა და სადაც განსვენებულ არს წმ. მამა იოსებ ალავერდელი. ალავერდის კათედრაზე მოღვაწეობდა მრავალი ღირსი მღვდელთმთავარი, რომელთ მის წიაღში იგემეს საუკუნო განსასვენებლი. ალავერდის ტაძარი ისეთი სიწმინდეა, რომელსაც დიდ პატივს სცემენ არათუ მხოლოდ მართლმადიდებელნი, არამედ არამართლმადიდებელნიც და თვით მთიანი დაღესტანის მკვიდრნიც. ლეკები და მაჰმადიანნიც კი, რომელთაც ჩვენი წინაპრები ხმლით ეომებოდნენ თვისთა სარწმუნოებრივ სიწმინდეთა დასაცველად და ბოლოს ქედი მოადრეკინეს თვისის სიწმინდის წინაშე. საღრმთო განგებამ მარგუნა სამსახური. ვმადლობ საღრმთო განგებას ამ ხვედრისათვის მით უმეტეს რომ ხელმძღვანელად მეყოლება ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობის საქმეში გამოცდილი მღვდელთმთავარი… დასასრულ გთხოვთ წმინდანნო მღვდელთმთავარნო, წარმომადგენელნო ივერიის ეკლესიისნო, ილოცოთ ჩემთვის, რათა ქვეყნის მწყემსმთავრულის ლოცვის მეოხებით უფალმან მომცეს შეძლება, ძალა და სიბრძნე მისის ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობისა.”
ალავერდის ეპარქიაში ჩასვლისთანავე კირიონმა განაგრძო დაუცხრომელი საქმიანობა. ალავერდის დიდებული ტაძარი მოუვლელობისაგან განადგურების პირას იყო მისული. ტაძრის სახურავი გამოსაცვლელი იყო, გალავანი შესაკეთებელი.
ეპისკოპოსმა კირიონმა შეადგენინა პროექტი და თავისი ხარჯებით დაიწყო ტაძრის შეკეთება. ამავე დროს ეპისკოპოსმა კირიონმა დაიწყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლა. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს გადასცა 68 ხელნაწერი. მათ შორის 1089 წელს გადაწერილი სახარება. ამ აღმოჩენით აღფრთოვანებული მ. ჯანაშვილი წერდა:
“მასში მრავალი საყურადღებო ცნობებია დაცული სახარების ქართულად თარგმნის, თეიმურაზ I და სხვათა შესახებ. სახარების ბოლოს კი ასეთი წარწერაა: “ქ. ადიდენ ღმერთმან ძლიერსა და უძლეველსა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფემან და ყოვლისა აღმოსავლეთის ნოველისიმონისმან.” ამ აღმოჩენამდე ქართულმა მეცნიერებამ არაფერი იცოდა ბაგრატ IV-ს დროინდელი სახარების შესახებ. ეპისკოპოს კირიონის სახით ქართულ ეკლესია-მონასტრებს და იქ დაცულ ძვირფას ხელნაწერებს ღირსეული დამცველი და პატრონი გამოუჩნდა. ამავე დროს კირიონმა ყურადღება მიაქცია XIX საუკუნის საქართველოში გავრცელებულ ერთ სამწუხარო ტენდენციას. 1811 წლის შემდეგ როცა რუსეთის მთავრობამ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და რუსული წირვა-ლოცვა დააწესა ხალხი პროტესტის ნიშნად ეკლესიებს სტოვებდა. ამით სარგებლობდნენ სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის მესვეურნი და უკანონოდ იკავებდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს. მათ ხელში ჩაიგდეს ქართული ეკლესიები თბილისში, გორში, თელავში, დუშეთში. ეპისკოპოსმა კირიონმა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი დასაბუთებული მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარხოსს და მოითხოვა სომხებისაგან უკანონოდ მიტაცებული ქართული ეკლესიების დაბრუნება. შომხური ნაციონალისტური ბურჟუაზია, რომელთაც დიდი ეკონომიკური შესაძლებლობანი გააჩნდათ ქართული ეკლესიების მიტაცებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნვდა. უფრო მეტიც ცდილობდა მოეძებნა დასაბუთება თავიანთი უკანონობისა ეპისკოპოსი კირიონი ი. ჭავჭავაძესთან და დ. ბაქრაძესთან ერთად აქტიურად ჩაება სომხებთან პოლემიკაში. სომხურმა გაზეთმა “ნორდარმა” გამოაქვეყნა წერილები, რომელშიც თავისი ერი ქებით ცაზე აიყვანა ხოლო ქართველები კი უსაქმურ, მკვეხარა ხალხად მიიჩნია, რომელიც მხოლოდ სომეხთა მოსამსახურეებად გამოდგებიანო. თანაც საბუთად ქართული წყაროები მოიშველიეს. ეპისკოპოსმა კირიონმა თვით სომხური საისტორიო წყაროების მოშველიებით სომხის ერის ასეთი სურათი დაგვიხატა: “ერი ზვავი, გაუგონარი, დიდმეთქავი, უსამართლონი, ტრაბახანი, ზარმაცნი, მძარცველნი, მატყუარანი, მექრთამენი, ცრუმედიდურნი. და იქვე დასძინა, რომ საისტორიო წყაროებს ადამიანური თვალით უნდა შევხედოთ და არ უნდა ვეცადოთ მათ საფუძველზე სხვის დამცირებას”[8].
კირიონი 1901 წლიდან გორის ეპისკოპოსია, მაგრამ მეფის რუსეთის მტავრობამ და საქართველოს საეგზარქოსომ აშკარად დაინახეს ის დიდი საფრთხე, რაც კირიონის მოღვაწეობიდან მომდინარეობდა. ეპისკოპოს კირიონის თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობამ გამოსავალი იმაში გამონახა, რომ ეპისკოპოს კირიონს ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს. 1903 წელს ხერსონში, 1904 წელს ორიოლში, 1906 წელს სოხუმში. შოხუმში მოღვაწეობის დროს ეპისკოპოსმა კირიონმა დიდი მუშაობა გასწია ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და მოქონიერების საქმეში, მაგრამ სწორედ ასეთი საქმიანობა იწვევდა შოვინისტი რუსი მოხელეების გაავებას. კირიონი სოხუმიდან კოვნოს ეპარქიასი გადაიყვანეს აფხაზების გაქართველების მცდელობის ბრალდებით.
1907 წლის სექტემბერში, როცა ქართველი ხალხი ეთხოვებოდა ილია ჭავჭავაძეს კირიონს საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს. მან მხოლოდ სამძიმრის დეპეშის გამოგზავნა მოახერხა კოვნოდან. 1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. მთავრობის ასეთი სიმკაცრის მიზეზი უნდა ვეძებოთ კირიონის დაუცხრომელ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნის სულისჩამდგმელი იყო. სწორედ მისი პროპაგანდის შედეგი იყო 1905 წელს დიდი საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც ქართველი სამღვდელოება იხილავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებს. შაქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ სთხოვა მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ყაზახების საშუალებით დაერბია საეკლესიო შეკრების მონაწილენი. ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელმა ყაზახებმა რუსი ერისა და რუსეთის ეკლესიის ინტერესების დაცვა ქართველი სამღვდელოების მათრახებით ცემაში დაინახეს.
XX საუკუნის დასაწყისში ფართო პროპაგანდა გაჩაღდა რუსეთში პატრიარქობის აღდგენის მოთხოვნით. ამ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ რუსი სლავოფილები, რომელთა ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე იყო ნ. დურნოვი, იგი თავის წერილებში ამხელდა რუსი ეგზარქოსების ურწმუნოებასა და მძარცველურ პოლიტიკას საქართველოში[9].
სლავოფილებმა პეტერბურგის პრესში დაბეჭდეს წერილები, დაგმეს თბილისში ქართველი სამღვდელოების მიმართ ჩადენილი ბარბაროსული მოქმედება. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი ილია ჭავჭავაძის მეთაურებით მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობა იძულებული შეიქმნა ფორმალურად მაინც დაენიშნა პეტერბურგში სპეციალური სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი.
ეპისკოპოსმა კირიონმა სხდომაზე წაიკითხა ორი მოხსენება:
1) რა აიძულებს ქართველებს იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე,
2) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში.
კირიონი ასაბუთებდა რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესაო. ფორმალურეად დანიშნულმა კომისიამ, სადაც უმრავლესობას წარმოადგენდნენ დეკანოზ ვოსტორგოვის მიმდევრები, უარყვეს ქართველი სამღვდელოების სამართლიანი მოთხოვნები, და ამის შემდეგ დაიწყო კირიონის დევნა-შევიწროვება. მიუხედავად სამშობლოდან მოშორებისა ეპისკოპოსი კირიონი საქართველოს მაჯისცემას განიცდიდა ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო შორეულ კოვნოსა თუ სანაქსარის უდაბნოში.
1907 წელს ქართველი საზოგადოების ინიციატივით დაარსდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელსაც შემოწირული სახსრებით უნდა ეარსება. ეპისკოპოსი კირიონი სიხარულით ატყობინებდა საზოგადოების თავჯდომარეს ე. თაყაიშვილს თავის მზადყოფნას – დახმარებოდა როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. ე. თაყაიშვილი იგონებდა: – “ეპისკოპოსმა კირიონმა ჯერ კიდევ ექსორიაში ყოფნის დროს შემოსწირა საზოგადოებას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნებისა, მრავალი საარქეოლოგო ნივთი, ალბომები, სურათები და დიდი ნუმიზმატური კოლექცია. წელიწადი არ გავიდოდა ისე რომ რაიმე ნივთი, ხელნაწერი თუ ფული არ გამოეგზავნა ახალი საზოგადოებისათვის”[10].
საისტორიო-საეთნოგრფო საზოგადოების სახელით ე. თაყაიშვილის რედაქციით დაიბეჭდა ძველი საქართველოს შესახებ სამი წიგნი, რომელშიც არის კირიონის მიერ შედგენილი ქართული სალექსიკონო მასალა განმარტებითურთ. მანვე “ქართული ლექსიკონის გამოსაცემად განყოფილებას გადასცა ასი მანეთი”. 1913 წელს 2 ივლისის წლიური კრების №74 ოქმი გვაუწყებს – “საბჭოს წინადადების თანახმად კრებამ ერთხმად აირჩია ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი კირიონი საზოგადოების საპატიო წევრად. მან საისტორიო საზოგადოებას შესწირა ვეფხისტყაოსნის უცნობი ხელნაწერი, კორიდეთის ოთხთავი, პავლენის ერთი ძველი რედაქცია და სხვა მრავალი საინტერესო საბუთები”[11].
თითქმის შეუსწავლელია კირიონის ღვაწლი ქართული საისტორიო წყაროების, ისტორიოგრაფიის კვლევის საქმეში. XIX საუკუნის 80-90-იან წლებში თერგდალეულთა მსგავსად ის ქართულ პერიოდულ პრესაში აქვეყნებდა მეცნიერულ-პოპულარულ წერილებს საქართველოს ისტორიაზე, ქართულ ხუროთმოძღვრებაზე, ეკლესიის ისტორიის და ღვთისმეტყველების საკითხებზე. მას ეკუთვნის წიგნად გამოცემული ორმოცზე მეტი მონოგრაფია.
1910 წელს გამოვიდა მისი პოლემიკური ნაშრომი “ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში”. დღეს შეიძლება ამ სქელტანიანი ნაშრომის ზოგიერტი დებულება საკამათო იყოს, მაგრამ მისი გაცნობისას არ შეიძლება მოწიწებით არ განიმსჭვალო მისი ავტორისადმი. კირიონის ამ ნაშრომს ყურადღებით გაეცნო რუსული მატიანეების ცნობილი მკვლევარი აკადემიკოსი ალ. შახმატოვი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია კირიონის ღვაწლი შიდა ქართლში მცხოვრები ოსების კულტურის, ხალხური სიტყვიერების, ეთნოგრაფიის შესწავლის საქმეში. მან შეკრიბა და ჟურნალ “მწყემსში” გამოაქვეყნა ოსური ლეგენდები[12]. მანვე ოსური წირვა-ლოცვის შემოღების აუცილებლობის საკითხიც დასვა[13].
ეპისკოპოსმა კირიონმა კრიტიკულად განიხილა მ. თამარაშვილის ცნობილი წიგნი “ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის” და გამოთქვა საგულისხმო მოსაზრებანი, მაგრამ მ. თამარაშვილს ოდნავაც არ სწყენია კირიონის შენიშვნები; პირიქით 1911 წელს დაბეჭდა თავისი ახალი წიგნი საქართველოს ეკლესიის ისტორია (ფრანგულ ენაზე) და მასში ვრცლად საუბრობს ეპისკოპოს კირიონის ღვაწლზე ქართული ეკლესიის ისტორიაში.
რუსეთის მთავრობისაგან კირიონის დევნა-შევიწროვება ქართველი საზოგადოების აღშფოთებას იწვევდა. აკაკი წერეთელი გულისტკივილით შენიშნავდა რომ იმპერატორთანაც მივიდოდა კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით, მაგრამ მეფის რუსეთის მთავრობა კირიონის განთავისუფლებას არ აპირებდა. პირიქით აძლიერებდა ცილისწამებას მის მისამართით. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარხოსი ნიკონი და მისი მკვლელობა კირიონს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ, როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი აღაშფოთა. როდესაც ამ ცილისწამების შესახებ პრესის წარმომადგენელნი ევ. გეგეჭკორს (მაშინდელი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი) შეეკითხნენ, მან უპასუხა:ეს ველური და შეუსაბამო ბრალდებაა. ბრწყინვალე პიროვნება ეპისკოპოსის კირიონისა მის მტერთ მოსვენებას არ აძლევს, მის სახელს რომ ჩირქი მოსცხონ, საშუალებას არ ზოგავენ[14]. კირიონის დევნის ამბავი რუსეთიდან უცხოეთში გაიტანა ოლივერ უორდროპმა, რომელსაც 1909 წლის 2 აპრილს წერილი გაუგზავნა ალ. ცაგარელმა: “კირიონი გაგზავნეს ხარკოვიდან ერთ მონასტერში – ტამბოვის გუბერნიაში საცხოვრებლად, ცოტა ავად არის მაგრამ მოსკოვში საავადმყოფოში არ დაარჩინეს, ძალათ წაიყვანა პოლიციამ რკინიგზით მონასტერში”[15]. ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს, რომელმაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით. ბელგიიდან ადამიანის უფლებების დაცვის თავჯდომარემ ჟორჟ ლორანმა ბრიუსელიდან 1909 წლის 20 მარტს ყოფილ სახელმწიფო სათათბიროს თავჯდომარეს ხომიაკოვს სთხოვა დაეცვა ეპისკოპოსი კირიონი დევნა-შევიწროებისაგან. მიუხედავათ იმისა, რომ ასეთ მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება, მომავლის რწმენა არ დაუკარგავს. ი. ჩიჯავაძისადმი გაგზავნილწერილში წერდა: “ჩემი აქ ყოფნა ხომ მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამიმძიმდება, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან… მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი… წინ ფიანდაზის მაგივრად, მართალია, ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვრულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია”[16].
რუსეთის მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა-შევიწროვება. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ, სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ დართეს. კირიონმა ძლიერ განიცადა ვაჟა-ფშაველას გარდაცვალება. იგი მეგობრობდა დიდ პოეტთან; ერთ წერილში იტყობინებოდა – ვაჟას წერილი კოპალაზე მაშინ მივიღე, როდესაც წიგნის კორექტურა გაგზავნილი მქონდაო – კირიონი იყო უდიდესი ქველმოქმედი – მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლება მიიღო 300-მდე ქართველმა ახალგაზრდამ. აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე იგონებდა თბილისის სასულიერო სემინარიიდან რეკომენდაციითა და ფულადი დახმარებით როგორ გაგზავნა იგი ეპისკოპოსმა კირიონმა კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად. “ძველად ებრაელებს – წერდა კ.კეკელიძე კირიონს 1905 წელს – ჩვეულებად ჰქონდათ, ყოველნაირ ახალს ანუ პირველ ნაყოფს მადლობის ნიშნად სწირავდნენ ხოლმე ამ ნაყოფის მომცემელ ღმერთს. ამისდა მიხედვით, ნება მიბოძეთ, მეც უმორჩილესად გიძღვნათ პირველი ნიმუში იმ შრომისა, რომელსაც მე ხელი მივყავი თქვენი შთაგონებითა და რჩევით”[17]. კირიონს განზრახული ჰქონდა თავის მშობლიური სოფ. ქვემო ნიქოზისათვის ბიბლიოთეკისა და სკოლის აშენება. შეასრულა კიდეც თავისი სურვილი. ბიბლიოთეკას გადასცა ძვირფასი წიგნები. კირიონს მეცნიერული მიმოწერა ჰქონდა აკად. ნ. მართან, პროფ. ალ. ცაგარელთან, ალ. შახმატოვთან, ლ. დიმიტრიევთან, ივ. სოკოლოვთან. გ. ბერგმანთან , ა. პაკმიერთან, ივ. ჯავახიშვილთან, მ. ჯანაშვილთან, მ. თამარაშვილთან.
კირიონის მოღვაწეობის დევიზი იყო მამულისათვის სამსახური. – “მამულიშვილის გვირგვინი სამშობლოს სამსხვერპლოზე ჰკიდია ” — წერდა იგი. მან ჯერ კიდევ XIX საუკუის 90-იან წლებში, როცა ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო გრ. ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა. “ჩვენი მუშაობა –წერდა იგი – დამოკიდებულია იმაზე თუ რა დარი დაუდგება საზოგადოდ ქართულ ენას ჩვენს საშუალო სკოლაში და კერძოდ, ამ სახელმძღვანელოს; საჭიროა რაც შეიძლება მეტი ადგილი დაეთმოს ქართულს, არა მარტო პირველ დასაწყის სკოლებში, არამედ საშუალოსა და უმაღლესშიც. საჭიროა სკოლამ მტკიცე ეროვნული ხასიათი მიიღოს და სწავლა საგნებისა ქართულად წარმოებდეს. ხოლო ეს მაშინ მოხდება, როცა მთლიანად საქართველოს ცხოვრება ეროვნულ საფუძველზე მოეწყობა. და ქართული ენა უაღრესად საჭირო შეიქმნება ყოველ დაწესებულებაში.”
საქართველოს ეროვნულ საფუძველზე მოსაწყობად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ამ საქმის სულისჩამდგმელი იყო ეპისკოპოსი კირიონი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციით ისარგებლა ქართველმა სამღვდელოებამ და საგანგებო საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება:
1) ამიერიდან, 12 მარტიდან გრძელდება საქართველოს ავტოკეფალია,
2) დროებით კათალიკოზის ამორჩევამდე ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე;
3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც საერო, ისე სასულიერო პირები.
12 მარტის კრების ინიციატორი და წარმმართველი ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე, რომელიც კირიონის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, როგორც მისი ერთგული და გამორჩეული პიროვნება გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა; დროებითი მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, ქართველ სამღვდელოებას ეროვნულ ავტოკეფალიის ცნობას ჰპირდებოდა, რაც 1917 წლის 29 მარტს საეკლესიო კრებამ უარყო. საქართველოს ეკლესია უნდა გახდეს ტერიტორიული ავტოკეფალიის მატარებელი ეკლესია – დასძენდა კრება. ტერიტორიული ავტოკეფალიის დროს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შევიდოდა ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იყო. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ბრძოლაში აქტიურ მონაქილეობას იღებდნენ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის წევრები. როცა საქართველოს ეგზარხოსყოფილი პლატონი გაჯიუტდა და არ თმობდა საკათალიკოზო რეზიდენციას, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები პირველნი შევიდნენ ეგზარხოსის სასახლეში, გამოაძევეს პლატონი და დააბინავეს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა მიტროპოლიტ ლეონიდის მეთაურობით. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთში იმყოფებოდა თითქოს აღარავის ახსოვდა, მაგრამ ქართველ მორწმუნეთა ჯგუფმა ჩიტო კაპანაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია გაგზავნა მასთან, რათა ნაამაგარი მამულიშვილი, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და ამიტომაც განიცადა ამდენი დევნა-შევიწროვება, დაბრუნებულიყო საქართველოში და მონაწილეობა მიეღო სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქის არჩევნებში. “კირიონმა ყურდღებისათვის მადლობა გადაიხადა, მაგრამ მან მტკიცე უარი შემოთვალა. ქართული საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსაკენ გამოემგზავრა. სამშობლოსაკენ მომავალ ბრწყინვალე მ