საკვირაო ქადაგება (10.01.2016)


სახელითა, მამისათა და წმინდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
დღეს არის ხსენება წმიდა მეფედავით წინასწარმეტყველისა, წმიდისა იოსებ დამწინდველისა და მოციქული იაკობისა.
დღეს კიდევ ერთხელ უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს ცხოვრებას. მართალია, ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი.
ჩვენ შეცნობას სხვა ადამიანიდან ვიწყებთ და ჩვენ უნდა შევიცნოთ ჩვენი თავი. ადამიანი, რომელიც შეიცნობს თავის თავს, ის სხვას აღარ განიკითხავს. ამიტომაა, რომ წმიდა მამა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“. როგორი ძნელი ყოფილა შეცნობა თავისა თვისისა, მაგამ ეს აუცილებელია. მეფე დავითი მწყემსი იყო, ღვთის განგებამ ის მეფის ტახტზე აიყვანა. ის 40 წელი იყო მეფე. მრავალი განსაცდელი შეხვდა. ცოდვაც ჩაიდინა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სინანული, მონანიება, რომ დავით მეფე გახდა საყვარელი ღვთისა. შევთხოვთ უფალს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს საყვარელი ღვთისა. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს ერთადერთი გზაა ცხონებისა…
დავით მეფე არის სიმბოლო ბრძლისა და გამარჯვებისა. თქვენ იცით, რომ მას ჰქონდა ბრძოლა გოლიათთან – უზარმაზარ კაცთან. გოლიათის მხარეს იყო ჯარი და ფიზიკური ძალა, ებრაელების მხარეს იყო სიმართლე და მადლი ღვთისა და დავითმა გაიმარჯვა. ეს არის სიმბოლო საქართველოსი. მრავალი განსაცდელი ჰქონდა საქართველოს, მაგრამ საქართველო გადარჩა და გადარჩება მომავალშიც, გადარჩება და გამარჯვებული იქნება მადლითა ღვთისათა.
ჩვენ გვქონდა პარაკლისი ბავშვებისათვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისათვის. ჩვენ მათ სიონში ვლოცავდით, მინდა, რომ ეს წესი აღდგეს. დღეს განსაკუთრებით ჭირდება საქართველოს გაძლიერებული ლოცვა და დალოცვა. ამიტომ ყოველ ორშაბათს შესრულდება პარაკლისი და იქნება ბავშვების დალოცვა. ლოცვა 4 საათზე დაიწყება, პარაკლისი დაიწყება 5 საათზე. 5 საათისათვის უნდა მობრძანდეთ თქვენი ბავშვებით და პარაკლისს მე თვითონ შევასრულება.
იქნება წმინდა ნაწილები, დავით გარეჯელის „მადლის ქვა“ და სხვა წმინდა ნაწილები. მადლი ღვთისა არ მოგაკლოთ მამა ზეციერმა.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გამარჯვებული გამყოფოთ აწ და მარადის.