ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია
ეპარქიის მღვდელმთავარი
ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია შიდა ქართლში, მდინარე ლიახვის აუზში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ცხინვალს, ახალგორს, ჯავას, ზნაურსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება წილკნისა და დუშეთის, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიები, დასავლეთიდან – ჭიათურისა და საჩხერის, ჩრდილო-დასავლეთიდან – ნიკორწმინდის, სამხრეთიდან – ურბნის-რუისისა და სამთავის-გორის ეპარქიები, ჩრდილოეთ მხარეს იგი კავკასიონის ცენტრალურ ქედს ებჯინება. შორეული ტრადიცია ნიქოზის ეპარქიის დაარსებას წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირებს. ვახტანგ მეფემ საეკლესიო რეფორმის შედეგად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსო დააფუძნა. შემდეგ კი „ლიახუს გაღმა, ნიქოზს ეკლესია ღვთაებისა დიდი აღაშენა. გორგასალ ჰყო საეპისკოპოსოდ და დასუა ეპისკოპოზი“.
ნიქოზელი მღვდელმთავრის სამწყსო ძალზე ვრცელი იყო. იგი არა მარტო ქართლის, ისტორიული შიდა სოფლის, ტერიტორიის ნაწილს მოიცავდა, არამედ გარკვეულ დროს, „კავკასიანთა, დუალთა და აწ ოსეთად (ჩდ. ოსეთი) წოდებულისა“ საკმაოდ მოზრდილ მთის რეგიონსაც ფლობდა.
საეკლესიო ტრადიციის თანახმად, სამწყსოსთან მისასვლელი გზაც მღვდელმთავრის იურისდიქციაში შედიოდა და ამდენად, მთის რაჭის სოფლები „გლოლა-ღებითურთ“ და მდინარე რიონის ზემო წელის აუზის მოსახლეობა სრულად ნიქოზელს ექვემდებარებოდა. მის მორჩილებაში იყო აგრეთვე „ნიქოზის ჩრდილოთ, დიდი ლიახვის კიდეზედ, მცირე ქალაქი ქცხილვანი“ და ცხინვალს გაღმა აღმოსავლეთით – „მთა ტყიანი – მშხლებამდე“ (მსხლების მთა) ე.ი. კავკასიონის ქედის აქეთა და იქითა მხარე – მაღნარ-დვალეთი და ოსთა ქვეყანა.
ნიქოზელ მღვდელმთავარს ქვეყნის წინაშე უდიდესი მისია ჰქონდა დაკისრებული. ის იყო არა მარტო მაღალი იერარქიის ღვთისმსახური, არამედ ქვეყნის ერთიანობის საიმედო დამცველიც.
ეპარქიის სახელწოდების – „ნიქოზის“ წარმომავლობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ერთი ვერსიით სოფელს სახელი კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიის გავლენით ან მიბაძვით დარქმევია: „არიან მრავალნი სახელნი ადგილთანი საბერძნეთიდან შემოღებული საქართველოსა შინა, ვითა ნიქოზი“.
ნიქოზის ეკლესია ვახტანგ გორგასალმა წარმართთა საკულტო ადგილზე „საგზებელსა თანა ცეცხლისასა“ ააგო და ტაძარში „გალობით, ფსალმუნებითა, სანთლებითა“ წრომიდან გადმოასვენებინა წმიდა პირველმოწამე რაჟდენის ნაწამები სხეული, საეპისკოპოზოსა მას ეკლესიასა, მისივე მეფისა ვახტანგის მიერ აშენებულსა“. წმიდა რაჟდენ პირველმოწამის უკანასკნელ განსასვენებლად ნიქოზის საკათედრო ტაძარი ითვლება.
ძირძველ ქართულ მოწა-წყალზე ვახტანგ გორგასლის ინიციატივით სამღვდელმთავრო კათედრის დაფუძნების შემდეგ, ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების ინტენსიური აღმშენებლობა გაჩაღდა. დრო-ჟამის ყოვლისწამლეკავი მდინარების მიუხედავად, ამ კუთხეში ბოლო დრომდე მრავლად შემორჩა ქართული ქრისტიანული არქიტექტურის უბადლო შედევრები, მარტო „პატარა ქალაქ“ ცხინვალში ბოლო დრომდე თორმეტზე მეტიი ეკლესია იყო, თამარაშენში ხუთი და სხვ.
ნიქოზელის ძველ სამწყსოში – ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე – დღემდე არსებობს ძველი ქართული ქრისტიანული კერების ნაშთი. ისტორიული ვითარების გამო, ქართველური მოდგმის – დვალების – ძველი საცხოვრისი – დვალეთი ქართველთაგან დაცლილა, თუმცა, მაღრან-დვალეთსა და მის ჩრდილოეთით ქართულ ეკლესიათაგან შემორჩენილია ზრუგდონის ხეობაში მდინარე ხოზიტა მარიამის ანუ ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე სოფელ ნუზალის ეკლესია და სხვ. ნიქოზელი მღვდელმთავარნი ტრადიციულად ოსების ქრისტიანული საქმეების მეთვალყურეობის გარდა, „გამგენი იყვნენ ოვსეთი საეკლესიო და საერო საქმეებისა“. ჩრდილოეთიდან ჯერ საქართველოს მთიანეთში, შემდეგ ბარში მცირე ჯგუფებად ოსების ჩამოსახლება დვალეთის მხრიდან დაიწყო. არაბების შემოსევებმა მათი ლტოლვა კიდევ უფრო გააძლიერა. მოგვიანებით ისინი საქართველოში დარიალის კარით შემოდიოდნენ. სამღვდელოებასთან ერთად, ოსებს ზრუნვას არც ქართველი მეფე-დიდებულები აკლებდნენ. ნიქოზის „ტაძარს აქუნდა თავისი სასწავლებელი, სადაც ასწავლიდნენ ოვსთა შვილებს წერა-კითხვას ქართულ ენაზე. ამზადებდნენ დროის შესაფერისი სწავლით, ვისაც სურდა ეკლესიის მსახურება, იმათ მღვდელმოქმედებასა და საეკლესიო საქმეებში ოსურის ენით სწვრთნიდნენ, შემდეგომ სწავლისა და გამოცდისა ნიქოზელი აკურთხებდა და აჰნიშნავდა ამიერ და იმიერ ოსეთში სამსახურად“ (მღვ. პ.კარბელაშვილი). საქართველოს კეთილმეზობლური გავლენით, იმჟამად ოსების უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდა. მათი გაქრისტიანება მოციქულებმა საქართველოს გავლით დაიწყეს, შემდეგ კი ქართველები მუდამ ზრუნავდნენ მათზე. დღეისათვის კი სულ სხვა სურათია. მამულიდან აყრილი ქართველობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია გაფანტული, იქაური ძირძველი მკვიდრი მამულში, საკუთარ ნამოსახლარზე დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ ბედავს. უძველეს ქართულ სალოცავთა დიდი ნაწილი დანგრეული ან მთლიანად განადგურებულია და ძველ საღვთისმსახურო კერებზე წირვა-ლოცვა აღარ აღესრულება. ბოლო დროს ამ მხარეში სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა ამ კუთხის მრავალ განსაცდელგამოვლილი მოსახელობისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.
უძვლეს სამღვდელმთავრო კათედრაზე ოდითგანვე მრავალი სიწმინდე იყო დავანებული. როგორც საეკლესიო ტრადიციით არის ცნობილი, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოტანილი წმიდა ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი ნიქოზის საკათედრო ტაძარში დააბრძანა. XIII ს-ში თამარ მეფის ასულმა რუსუდანმა წმიდა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა და ძვირფასი თვლებით შეამკო. ჯვარზე წარწერა იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანების ისტორიას ეხებოდა. წმიდა ჯვარი საუკუნეთა მანძილზე ნიქოზის საკათედრო ტაძარში იყო აღმართული და მის შესახებ ცნობილი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. XVIII ს-ის ბოლოს, ქართველთა დიდი შეჭირვების ჟამს, 1799 წელს, როდესაც ნიქოზში ათანასე მღვდელმთავრობდა, წმიდა ჯვარი დაიკარგა.
VI ს. შუა წლებში, 541 წელს აშენებულ გერის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიდმოწამის წმიდა ნაწილი მისივე სახელობის შეჭედილ ხატში იყო დაბრძანებული. 1186 წელს ეს ხატი წმიდა მეფე თამარის მიერ აშენებულ არბოს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩააბრძანეს და მას შემდეგ ამ ტაძარშია დაბრძანებული. საბაწმინდის დედათა მონასტერში წმიდა მოწესეთა უხრწნელი ნაწილები ოდითგანვე ინახებოდა. ვახუშტის ცნობით – „ერედვის მთასა შინა არს მონასტერი გუნბათიანი, ძეს მოწესე მკუდარი დღემდე დაუშლელი“.
ეპარქიის ეკლესია-მონასტრებს ადრიდანვე მდიდარი წიგნთსაცავები ჰქონდათ. მათგან აღსანიშნავია იკორთის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერი, სადაც მძალვრი სამონასტრო სასწავლებელიც არსებულა. ცნობილი საგანმანათლებლო კერა იყო ყანჩაეთის მონასტერი. ყანჩაეთის კაბენის მონასტრიდან აღსანიშნავია XII-XIII საუკუნეების ოთხთავი და XVII საუკუნის ჟამგულანი. მდიდარი წიგნთასაცავი ჰქონდა ცხავატის მაცხოვრის ეკლესიას, რომელიც XX ს-ის 30-იან წლებში გაძარცვეს.
XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე, მრავალი გაჭირვების მიუხედავად, ნიქოზის ეპარქია ბოლო დრომდე არსებობდა და მისი იურისდიქციის საზღვრები საკმაოდ ვრცელი იყო. მის დაქვემდებარებაში იყო წინწყაროსა და წილკნის გაუქმებულ კათედრათა სამწყსო ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1804 წელს ნიქოზის საეპისკოპოსოც გაუქმდა და იგი მცხეთის სამთავროს ტაძარს მიაწერეს.
1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ უძველესი სამწყსო ერთიან ქართლის ეპარქიის შემადგენლობაში შევიდა. მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წლის 5 აპრილს გახდა შესაძლებელი.
აქაური მღვდელმთავრის სამწყსო ტერიტორია ამჟამად მხოლოდ მდინარე ლიახვის აუზით შემოიფარგლება, თანაც ეპარქიის მნიშნვლოვან ნაწილზე მისი იურისდიქცია მხოლოდ ნომინალურ ხასიათს ატარებს.
ეპარქიის აღდგენის დღიდან მისი მწყემსმთავარია მთავარეპისკოპოსი ისაია.