მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია
ეპარქიის მღვდელმთავარი
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში, ისტორიული სვანეთის სამთავროსა და ბალსზემო სვანეთში მდებარეობს. ეპარქია კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს შეფენილ მესტიის რაიონსა (ყოფილი სეტი) და მის შემოგარენს, მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს, აგრეთვე კოდორის ზემო წელის აუზს, ზემო აფხაზეთს მოიცავს. მესტიისა და ზემო სვანეთის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, დასავლეთით ცხუმ-აფხაზეთის, სამხრეთით ზუგდიდ-ცაიშისა და სენაკი-ჩხოროწყუს ეპარქიები, ჩრდილოეთით საქართველორუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთია, რომელიც ეპარქიის ტერიტორიას მიჯნავს ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქთან. ისტორიულად სვანეთის შემადგენლობაში საზღვრის გადაღმა, ჩრდილო კავკასიის მდინარეების ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობებში მდებარე საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც შედიოდა.
სვანეთი, როგორც ძირძველი ქართული პროვინცია, მუდამ ქვეყნის მთლიანობის მტკიცე დასაყრდენად და ერთიანი საქართველოს შემანდგელობაში მოიაზრებოდა. სვანების სამეტყველო ენა კი ქართული ფუძეენის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს. იგი ქართულთან და ზანურთან (მეგრულ-ჭანური) ერთად იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.
სვანეთის შესახებ ცნობებს უძველესი ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები გვაწვდიან. მას ძველი დროის ავტორები სხვადასხვა სახელწოდებებით იხსენიებენ: სუანია, სუსანია, სვანია, მისიმინეთი და სხვ. დროის მდინარების შესაბამისად, სვანეთის შემადგენლობაში არსებული ტერიტორიები ჩრდილო კავკასიისაკენ და საქართველოს სამხრეთისა და დასავლეთის მიმართულებით შემცირდა და მხოლოდ კავკასიონის სამხრეთი კალთებით შემოიფარგლა.
წერილობით წყაროთა უწყებით, წმიდა მოციქულებს: ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას, ამ მხარეშიც უმოღვაწიათ. სვანების მოქცევისა და პირველი ეკლესიის დაფუძნების შემდეგ მატათა აქვე დარჩენილა და ღვთის სიტყვას განავრცობდა, ანდრიას და სვიმონს კი გზა ჩრდილოეთისკენ გაუგრძელებიათ. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან ერთად ეს კუთხეც ქრისტიანდება, თუმცა ადრეულ ხანაში მისი საეკლესიო ორგანიზაციის შესახებ ძალზე მცირე ცნობები არსებობს. ზემო სვანეთის(განსაკუთრებით მისი დასავლეთი ნაწილის) მმართველ მღვდელმთავრად ცაიშელი ეპისკოპოსი ითვლებოდა. დასავლეთ საქართველოში ქართული სამეფოს ჩამოყალიბებისა და ადგილობრივი სამღვდელმთავროების ბერძნული გავლენისგან გათავისუფლების შემდეგ ეს მხარეც ცაიშის ეპარქიის იურისდიქციაში აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ზემო სვანეთში ეკლესია-მონასტრების ინტენსიური აღმშენებლობა: იელის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, „ჯგრაგ“ (VIII-IX სს.), ნესგუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, „მაცხვარ“ (IX-X სს.), ადიშის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, „მაცხვარ“ (X-XI სს.), ჟაბეშის ეკლესია (X ს.), უშგულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, „ლამარია“ (X ს.), სვიფის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, „თარგზელ“ (X ს.), იფრარის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, „თარგზელ“ (XI ს.), იფხის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, „ჯგრაგ“ (X-XI სს.), ნაკიფარის (X-XI სს.), კალის წმიდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის მონასტერი, „ლაგურკა“ (X-XI სს.), შედარებით გვიანი პერიოდის წვირმის ეკლესია, ლეხთაგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, „ლამარია“, ლაღამის მაცხოვრის სახელობის ეკლესია „მაცხვარიშ“ (XIII-XIV სს.) და სხვ.
XI-XV სს-ში სვანეთი ერთ მძლავრ საერისთავოდ ითვლებოდა, მაგრამ მისი ტერიტორია სხვადასხვა სამღვდელმთავროს შორის იყო გადანაწილებული. XV ს-დან საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ სვანეთიც გაიყო ზემო და ქვემო სვანეთად. სვანეთის ბუნებრივ გამყოფად სვანეთის ქედი ითვლება. ზემო სვანეთი ცაიშელი მღვდელმთავრის იურისდიქციაში შედიოდა (მდ. ენგურის ხეობა), დანარჩენი სვანეთი კი ცაგერელ ეპისკოპოსს მიეკუთვნებოდა. გარკვეულ დროს, XIV საუკუნიდან, ცაგერელი მართავდა ბალსზემო სვანეთსაც. XVII საუკუნისათვის ცაგერელ მღვდელმთავარს მხოლოდ ქვემო სვანეთის მართვა ჰქონდა მინდობილი ლეჩხუმთან ერთად.
ზემო სვანეთი თავისი ბუნებრივი მდებარეობის გამო ადრიდანვე საქართველოს ბარიდან ატანილ საეკლესიო სიწმინდეთა საიმედო საცავად იყო მიჩნეული. ამასთანავე, ეპარქიის ტერიტორიაზე არსებული მრავალრიცხოვანი ეკლესია-მონასტრები ქართული ქრისტიანული კულტურის მძლავრ კერებს წარმოადგენდნენ და სწორედ ამ მხარეში ჩამოყალიბდა საეკლესიო ხელოვნების, ფერწერის, ხეზე და ლითონზე კვეთის, გალობისა და სხვ. თვითმყოფადი სკოლები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლებული ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია მოიცავდა მესტიასა და ზემო სვანეთსაც. ოციან წლებში დაწყებული საეკლესიო რეპრესიების გამო ამ მხარეში მღვდელმსახურება ფაქტობრივად არ აღესრულებოდა, თუმცა საბჭოური მმართველობის მიუხედავად, ზემო სვანეთმა სანიმუშო ერთგულებით დაიცვა ძველი ეკლესია-მონასტრები და იქ არსებული სიწმინდეები. ამ მხარის თითქმის ყველა სოფელში რამდენიმე ეკლესიაა, ზოგან მათი რიცხვი სამ ათეულსაც კი აღემატება (მაგ. სოფ. იელში 34 ეკლესია არსებობს).
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ტერიტორიულად განვრცობილი ეპარქიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ა) ცაგერისა და ლენტეხისა; ბ) მესტიისა და ზემო სვანეთისა. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მწყემსმთავრად, წმიდა სინოდის განჩინებით, დადგენილ იქნა ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ილარიონ ქიტიაშვილი.
საგანმანათლებლო დაწესებულებები:
მესტიის წმ.ილარიონ ქართველის სახ. მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, დაბა მესტია თამარ მეფის ქუჩა1; მოძღვარ-რექტორი _ მიტროპოლიტი ილარიონი, დირექტორის მოადგილე _ დეკ. ბასილ ფილფანი.