პატრიარქის 80 წლის იუბილე თბილისის საკონცერტო დარბაზში

4 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ფონდმა „იავნანამ“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი მოაწყო. კონცერტს უძღვებოდა ფონდის პრეზიდენტი, მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავი, პაატა ბურჭულაძე.დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ფეხზე წამოუდგა და ტაშით მიეგება იუბილარ უწმინდესსა და უნეტარეს ილია II. საიუბილეო კონცერტს ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და სხვ. კონცერტის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს მთავრობის სახელით იუბილე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ „კომუნესტების მმართელობის ათეისტურ ეპოქაში პატრიარქმა შეავსო ქართველთა გულებში არსებული სიცალიერე, ხელახლა გათბო ქართველთა სულები და ჭეშმარიტებას აზიარა“.კათოლიკოს-პატრიარქს სცენიდან იუბილე მიულოცეს საქართველოში საგანგებოდ ამ მიზნით ჩამოსულმა მსოფლიში სახელგანთქმულმა ქართველმა საოპერო მომღერლებმა: ზურაბ სოტკილავამ, მაყვალა ქასრაშვილმა, იანო ალიბეგაშვილმა, ლადო ათანელმა, ბადრი მაისურაძემ, სტელა გრიგორიანმა, გია ონიანმა, ნანა ქავთარაშვილმა და სხვ.კონცერტის მსვლელობისას გაკეთდა პირდაპირი ჩართვები, რომლებშიც პატრიარქს იუბილე მიულოცეს: პლასიდო დომინგომ და მონსერატ კაბალიემ; პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოდან; მახათას მთიდან – პოეტმა ლია სტურუამ; ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან – პატრიარქის ნათლულებმა და მათი ოჯახის წევრებმა.კონცერტზე აჟღერდა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი კომპოზიციები და საგალობლები. გამოჩენილმა ქართველმა მევიოლინემ ლიანა ისაკაძემ, ორკესტრთან ერთად, პატრიარქის “ავე მარიას” გაორკესტრებული ვერსია შეასრულა.კონცერტის დასასრულს სიტყვა ითხოვა მისმა აღმატებულებამ, შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადემ. მისმა თანმხლებმა პირმა წაიკითხა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ბატონ ილჰამ ალიევის მისალოცი ბარათი. შემდეგ პატრიარქს სიტყვით მიმართა და იუბილე მიულოცა ბატონმა შეიხმა, ალაჰშუქურ ფაშაზადემ. მან დამსწრე საზოგადოებას ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამმართველოს უმაღლესი ჯილდოთი, შეიხ ულ ისლამის სახელობის ბრილიანტის ორდენით დაჯილდოვდა „რელიგიებსა და ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის“.