კვლავ საპატრიარქოს სამშობიარო სახლის შენობასთან დაკავშირებით

მასმედიის საშუალებებით, სამწუხაროდ, კვლავინდებურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია კობის, იგივე თარხნიშვილის ქუჩა #2-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით, სადაც ბოლო დრომდე განთავსებული იყო შპს წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის საპატრიარქოს სამშობიარო სახლი. ამასთან დაკავშირებით 20 ნოემბერს საპატრიარქოში შედგა ბრიფინგი ჟურნალისტებისთვის, რომელზეც განცხადება გააკეთა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მისი განცხადებით, ბ-ნ მერაბ ხიდაშელის პრეტენზიები ფართზე თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში, უსაფუძვლოა და ყოველგვარ სამართლიანობას მოკლებული. ეს ფართი ხიდაშელის დაქვემდებარებაში არსებულ `აბორტსაწინააღმდეგო ცენტრისთვის~ გამოყოფილი ჰქონდა საპატრიარქოს საავადმყოფოს და ეს მაშინ საავადმყოფოს ადმინისტრაციის კეთილი ნებით მოხდა. ფართი დაახლოებით 50 მ2 შეადგენდა და იგი საკუთრებაში მას არასოდეს ჰქონია. როგორც მამა გიორგიმ განმარტა, აღნიშნული სამშობიარო საქართველოს საპატრიარქოს 2000 წელს გადაეცა, რაც ამ საავადმყოფოს კოლექტივის თხოვნითა და სახელმწიფოს თანხმობით მოხდა. მაშინ შენობა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში დარჩა და უვადო უზუფრუქტის სახით გაფორმდა საპატრიარქოს სახელზე.ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის დადგენილებით, ლიცენზიის მიღებისთვის სავალდებულო გახდა ძველი საავადმყოფოების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახალი კლინიკების აშენება და მოწყობა. ამიტომ სახელმწიფომ შემოგვთავაზა, რომ საპატრიარქოს დაეთმო თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე უზუფრუქტით გადმოცემული შენობა (6200მ2) და მიწის ფართი (3854მ2) და მის ნაცვლად საკუთრებაში აეღო ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბარნოვის ჰოსპიტალის ტერიტორია და ნაგებობები (მიწის ნაკვეთის ფართი 18043მ2, ხოლო შენობების 9000 მ2).კლინიკის რეკონსტრუქციის მიზნით ინვესტორად შეირჩა ქ-ნი მანანა შარაშიძე, რომელმაც შპს `MGI~ საშუალებით განახორციელა ორთაჭალის ჰოსპიტალის ძველი შენობის სრული რეკონსტრუქცია და ახალი შენობის აგება. მან გაარემონტა და აპარატურით აღჭურვა 6500 მ2 ფართი, სადაც 2 ოქტომბრიდან ფუნქციონირება დაიწყო საპატრიარქოს მრავალპროფილიანმა სამედიცინო ცენტრმა. ყოველივე ამის მიუხედავად საპატრიარქო კვლავ იჩენს კეთილ ნებას და აბორტსაწინააღმდეგო ცენტრისთვის წერეთლის გამზირზე გამოჰყოფს ფართს 60-70 მ2 ოდენობით.