საქართველოს პატრიარქი: “პატრიარქებმა მშვიდობისა და კეთილდღეობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ “

“ჩვენ, პატრიარქებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგეს. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ, კირილთან შეხვედრისას განაცხადა.
“ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო და ახლაც არის ღია ჭრილობებია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშუშოთ. დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ”, – ბრძანა ილია მეორემ.
საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს მაცხოვრის ტაძარში შეხვდნენ და ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს გაემგზავრა, მონაწილეობას იღებს რუსეთის პატრიარქის 65-წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
უწმინდესი მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან და აფხაზებთანაც გეგმავს შეხვედრას. 23 ნოემბერს კი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს.