საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჯაზაკორდეონისტი რიშარ გალიანო ეწვია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საქართველოში სტუმრად მყოფი ცნობილი ჯაზაკორდეონისტი რიშარ გალიანო ეწვია. შეხვედრა საპატრიარქოს რეზიდენციაში გაიმართა.
საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრები დალოცა და მათ საგალობლები: “ავე მარია”, “სანკტუს”, “კირიე ელეისონ” და “მოდი ჩემთან უფალო” მოასმენინა. შეხვედრაზე რამდენიმე კომპოზიცია ფრანგმა მუსიკოსმა თავადაც შეასრულა შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათ საპატრიარქოს ყვავილების ორანჟერიაც დაათვალიერებინა.
რიშარ გალიანო თბილისს უკვე მეოთხედ სტუმრობს. პირველი კონცერტი საქართველოში მან 2006 წელს გამართა. ჯაზაკორდეონისტი დედაქალაქში გუშინ საკუთარ კვინტეტთან ერთად ჩამოვიდა.
მუსიკოსთა ჯგუფ ”ლა სტრადას” კონცერტი თბილისის დიდ საკონცეტრო დარბაზში გაიმართა და კვინტეტმა ჯაზის მოყვარულებისთვის ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის ნინო როტას კინომუსიკის ინტერპრეტაცია ააჟღერა.
მუსიკოსები საქართველოში 13 ნოემბრამდე დარჩებიან.