საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II – ისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის შეხვედრა კიევში შედგა. შეხვედრის დასაწყისში როგორც რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რუსეთის ეკლესიას არც ერთ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ისეთი ძმური ურთიერთობა არ გააჩნია, როგორიც საქართველოსთან აქვს.
“ეს სწორიცაა, რადგან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ჩვეულებრივი არ არის. როდესაც მხარეებს შორის ურთიერთობები სუსტდება, ეკლესიათაშორისი კვანძი უნდა გაძლიერდეს. ეკლესია, ქრისტე მშვიდობისკენ მოგვიწოდებს. გადის დრო, იცვლება პოლიტიკური სიტუაციები, მაგრამ მეზობელი ერები კვლავ ერთად ცხოვრობენ და ეკლესიაც აგრძელებს ცხოვრებას. ღმერთმა ქნას, ჩვენი და თქვენი ურთიერთქმედება ემსახუროს ჩვენი ერთმორწმუნე ერისა და ეკლესიის კეთილდღეობას”, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
შეხვედრის დროს პატრიარქებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხიც განიხილეს. რუსეთის პატრიარქმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოს კანონიერი იურისდიექციის შესახებ ისაუბრა. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე გარკვეული კანონიერი უწესრიგობა არსებობს.
“ეს კანონიკური უწესრიგობა ადამიანების სულიერ ცხოვრებას ვნებს. ამიტომ, ღია, ძმურ გარემოში განვიხილეთ ეს საკითხი და მოვილაპარაკეთ, კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, რათა ღვთის წყალობით, მომავალში, გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომელიც დაეხმარებოდა ამ ორ ეკლესიას მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრების დამშვიდებაში, რათა დამყარდეს კანონიკური წესრიგი და ყველაზე მთავარი, ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერი განხეთქილების აღკვეთას.” -აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმედოვნებს, რომ “ხშირი შეხვედრები ნაყოფს გამოიღებს. მართლაც, პოლიტიკური მოღვაწეები მიდიან და მოდიან, ჩვენი ერები და ეკლესია კი რჩება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები იყოს ძმური და მეგობრული”- დასძინა უწმიდესმა. მან ამავდროულად, პატრიარქ კირილს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართული ეკლესიის იურისდიქციის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა. მან შეხვედრის სურვილი მომავალშიც გამოთქვა, რადგან იმედოვნებს “ურთიერთგაგებით პრობლემების მოგვარებას შევძლებთ”.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II უკრაინაში 25 ივლისს გაემგზავრა.