საკვირაო ქადაგება (27 დეკემბერი, 2009 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 დეკემბერი, 2009 წ.


„ბოლო ჟამს, როცა მთელი მსოფლიო დაკარგავს რწმენას, ჭეშმარიტ სარწმუნოებას,
საქართველო გაძლიერდება რწმენაში, დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და
ეს იქნება ქართველი ერის ჯილდო ქრისტეს რწმენის ერთგულებისთვის!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესიას რამდენიმე დღე სტუმრობდა ბელორუსის მიტროპოლიტი ფილარეტი. ეს პიროვნება ძალიან ცნობილია არა მარტო ბელორუსში, არამედ
სხვა ქვეყნებშიც. იგი დაიბადა და ცხოვრობდა მოსკოვში. მისი მამა იყო მუსიკალური
სკოლის დირექტორი და თავადაც მიიღო მუსიკალური განათლება. ჩვენ ერთად ვსწავლობდით
სემინარიასა და აკადემიაში, იგი ჩემზე 1 წლით უმცროსი გახლდათ. მახსოვს, ძალიან
ნიჭიერი იყო და ამ მხრივ ახლაც გამოირჩევა.

იმ სამიოდე დღის მანძილზე, რაც აქ დაჰყო, მეუფე ფილარეტი დიდი ინტერესით
ეცნობოდა ჩვენს საეკლესიო ცხოვრებას. მან ჩვენს ეკლესიაზე საოცარი სიტყვები
თქვა: „მე ვიხილე ცოცხალი ეკლესია, ახალგაზრდებით აღვსილი ტაძრები“. ჩვენ ვისაუბრეთ
მასთან და ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რით აიხსნება, რომ საქართველოში ახალგაზრდობამ
ეკლესიებს მიაშურა. ეს არ არის არც ჩემი, არც სამღვდელოების
დამსახურება, – ეს არის
ღვთის განგება!


ალბათ, წაგიკითხავთ
იოახე ზოსიმეს ლექსი – „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ის
წერს, რომ მეორედ მოსვლის ჟამს მთელი მსოფლიო განიკითხება ქართულითა ენითა და ჩვენ
ვსვამთ კითხვას: რა დაიმსახურა ასეთი ქართველმა ერმა ღვთის წინაშე? ჩვენი ერის
დამსახურება ისაა, რომ არ არსებობს არც ერთი ქვეყანა,
არც ერთი ეკლესია
მთელს მსოფლიოში, რომელსაც ამდენი წმინდანი, ამდენი მოწამე ჰყავს! სწორედ მათი
ლოცვითა
და ვედრებით გადარჩება
საქართველო! აი, ამით
შეიძლება აიხსნას ის
ფაქტი, რომ ქართულითა ენითა განიკითხება მსოფლიო და კიდევ იმით, რომ ბოლო ჟამს,
როცა მთელი მსოფლიო დაკარგავს რწმენას, ჭეშმარიტ სარწმუნოებას, საქართველო
გაძლიერდება რწმენაში, დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ეს იქნება ქართველი ერის
ჯილდო ქრისტეს რწმენის ერთგულებისთვის!..

მახსენდება, როდესაც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ვმსახურობდი, სტუმრად ვეწვიეთ
მონაზვნებს და ერთმა მათგანმა თავისი ხილვის შესახებ მიამბო. ერთხელ საქართველოდან
გამგზავრება და რუსეთში გადასვლა განვიზრახე და როცა უკვე ყველაფერი საბოლოოდ
გადაწყვეტილი იყო, ზმანება მქონდა. მთელი საქართველო ანთებულ კანდლებში ვიხილე და
ჩამესმა ხმა: „სად მიდიხარ? ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამული და აქედან
მიდიხარ?! ამ ხილვის შემდეგ ეს მონაზონი საქართველოში დარჩა.

ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს იმის გამო, რომ ზოგჯერ უფალი განსაცდელს გვიგზავნის.
წმინდა მამები ტიროდნენ, როდესაც განსაცდელი არ ჰქონდათ, ეგონათ, უფალმა
დაგვივიწყაო.

სულ რამდენიმე დღე დარჩა ახალ წლამდე. ზოგი მეკითხება: ჩვენი ეკლესია ხომ
ძველ სტილზეა, ახალი წელი კი ახლით აღინიშნებაო. ახალი წელი – სამოქალაქო
დღესასწაულია, არასაეკლესიო. საეკლესიო ახალი წელი 1 სექტემბერია. საერო ახალი წელი
იცვლებოდა, სხვადასხვა საუკუნეებში სხვადასხვა თარიღებში აღინიშნებოდა. ამიტომ,
რადგან მთელ მსოფიოში ამ თარიღს ახალ წლად მიიჩნევენ, ჩვენც ვუსურვოთ ერთმანეთს
ბედნიერება (ბედნიერება მომდინარეობს სიტყვისაგან: „ბედი“); როცა ვლაპარაკობთ
ბედნიერების შესახებ, იმას არ ვამბობთ, თუ როგორ მივეახლოთ მას; ამისათვის, უპირველეს
ყოვლისა, საფუძველი უნდა ავაშენოთ!

თქვენ გახსოვთ, როგორი საფუძველი დავუდეთ ამ
ტაძარს. მისი საძირკვლის გათხრისას მკითხეს, თუ რამდენი მეტრი სიღრმისა უნდა ყოფილიყო იგი, ვუპასუხე, იქამდე უნდა გავთხაროთ, ვიდრე კლდე არ გამოჩნდება-მეთქი.
უფალი ბრძანებს: „კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი
ვერ ერეოდიან მას“. ჰოდა, გათხარეს 25 მ სიღრმე და იქ აღმოჩნდა სწორი პლატო – თითქოს
სპეციალურად იყო მომზადებული ტაძრის ასაგებად! წარმოიდგინეთ!

გინახავთ, ალბათ, ამ ტაძრის საძირკველი; მართლაც, როგორი სწორი კლდეა; ჩვენ სახელებს
ვაწერდით ქვებს, ვაწყობდით ამ კლდეზე და სწორედ მასზე დაეფუძნა ეს წმინდა ტაძარი –
სადიდებელად ყოვლადწმინდა სამებისა! მერე გაკეთდა დიდი რკინა-ბეტონის ბალიში და
ყველაფერი
შესრულდა იმისათვის, რომ ეს ტაძარი ძლიერად მდგარიყო.

აი, ასევე უნდა ხდებოდეს ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც; უპირველეს ყოვლისა, საფუძველი
უნდა მოვამზადოთ, გვქონდეს რწმენა, სიყვარული და სასოება და ამ სათნოებებზე ავაგოთ
ჩვენი სულიერი ტაძარი. ასე აშენდა ქართული ეკლესიაც. ყველა თქვენგანი მე კი არ
მოგიყვანეთ ტაძარში, აქ უფალმა მოგიხმოთ და დიდება და მადლობა მას ამ დიდი
წყალობისათვის!

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, სიტყვა ეკლესია ორი ბერძნული სიტყვისგან შედგება: „ეკ“
და „კლეო“, რაც თარგმანში ნიშნავს, რომ უფალი უხმობს ადამიანს, შორიდან მოჰყავს
იგი მოხმობით. უფალმა მოგვიყვანა, თავისი კალთის ქვეშ დაგვავანა და უფალი
გვაცხოვნებს! მთავარი ის არის, ვგრძნობდეთ, რომ უფალთან ვართ. ფსალმუნში წერია: „შენი ვარ, მაცხოვნე მე,“ – ავი ვარ, თუ კარგი – შენი ვარ, უფალო, მაცხოვნე
მე! როდესაც ვეცემით ჯვრის სიმძიმის ქვეშ, შევთხოვთ უფალს: „დავიღალე, დავიღალე,
მოდი ჩემთან უფალო!“ ამგვარად ვუხმობთ მას და ვუცხადებთ: არ შემწევს ძალა,
განვაგრძო გზა, ამიტომ მოდი ჩემთან, უფალო! მას ცხადად ვხედავთ ახლა ჩვენს
ეკლესიაში.

მინდა ისევ მივუბრუნდე მიტროპოლიტ ფილარეტის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი
ეკლესია ცოცხალია! ამ გონიერმა ადამიანია ისიც ბრძანა, რომ ზოგიერთს სურს, ეკლესია
მუზეუმად აქციოსო… ეკლესია არასდროს იქცევა მუზეუმად! ეკლესია იქნება ცოცხალი,
მასზე დაეფუძნება ჩვენი ცხოვრება და მხოლოდ ამ შემთხვევაში გადარჩება ჩვენი ერი!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!

ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ!

დაე, ბედნიერება სუფევდეს საქართველოში და თქვენში! არაერთხელ მითქვამ: ბედნიერია ის
ადამიანი, რომელიც პატივს სცემს თავის მშობლებს და უფროს თაობას. ეს არის მცნება,
რომელიც უფალმა მოგვცა: „პატივ ეც დედასა და მამასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და
დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“; კეთილი გეყოს შენ – სწორედ ეს არის ბედნიერების
გასაღები.

ღმერთმა დღეგრძელი გამყოფოთ და გაგახაროთ, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №41 (527), 2009 წ.