ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. რიგისა: საქმ. XV, 35-41. [დას. ლზ(37)] ინ. X, 27-38. [დას. ლჱ(38)] მოც. – 1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)]. მთ. IX, 36-38; X, 1-2, 5-8. [დას. ლდ(34)] (I-ქართულიდან).
† † † † † † †
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, XV, 35-41. [დას. ლზ(37)]:
საქმ. XV: 35(ბ) † (მათ დღეთა შინა †) პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავებდეს და ახარებდეს სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა. 36 შემდგომად დღეთა რაოდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: „მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარძი არიან“. 37 ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანაწარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოზ. 38 ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა, რომელი-იგი განეყენა მათ პამფჳლიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა თანაწარყვანებად* იგი. 39 იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათდა ურთიერთას. ბარნაბა თანაწარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ. 40 ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა და მიეცა მადლსა მას ღმრთისასა ძმათაგან. 41 და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა.
† † † † † † †
* [სქოლიო 363]: „თანაწარყვანებად“ – ასეა გიორგისეულ რედაქციაში, რის ნაცვლადაც წინაათონურ რედაქციებში, Lect-ში და ეფრემთან სახეზეა გამარტივებული „წარყვანებად“. ორიგინალის რედაქციები გიორგისეული ტექსტის მართებულობას ადასტურებენ (შდრ. συμπαραλαμβάνειν).
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 27-38. [დას. ლჱ(38)]:
ინ. X: 27 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „... ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდენ მე. 28 და მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა წარწყმდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა. 29 მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებად მათა ჴელთაგან მამისა ჩემისათა. 30 მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ“. 31 აქუნდა კუალად ქვები ჰურიათა მათ, რაჲთამცა დაჰკრიბეს მას. 32 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე?“ 33 მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: „კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ“. 34 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „არა წერილ არსა შჯულსა, ვითარმედ: «მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ»? 35 უკუეთუ იგინი თქუნა «ღმრთად», რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების დაჴსნად წერილი. 36 (და)* რომელი-იგი** მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: «გმობს», რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: «ძე ღმრთისაჲ ვარი მე». 37 უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი. 38 უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაჲთა სცნათ და უწყოდით, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა“.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** [სქოლიო 96*] [ამონარიდი]: ჯრუჭ-პარხლისა და გიორგისეულ რედაქციებში აღნიშნულ სიტყვას წინ უძღვის «და» კავშირი («და რომელი-იგი»), რაც სრულიად ზედმეტია. მისი შესატყვისი არ გვხვდება არცერთ ბერძნულ ნუსხაში (არც ადრინდელებში, არც გვიანდელებში), რაც კი სამეცნიერო ბრუნვაშია ცნობილი (შდრ. ბერძნ. ტექსტი: 35 εἰ ἐκείνους εἶπεν θεοὺς, πρὸς οὓς ὁ λόγος τοῦ θεοῦ ἐγένετο καὶ οὐ δύναται λυθῆναι ἡ γραφή: 36 ὃν ὁ πατὴρ ἡγίασεν καὶ ἀπέστειλεν εἰς τὸν κόσμον ὑμεῖς λέγετε ὅτι βλασφημεῖς, ὅτι εἶπον: υἱὸς τοῦ θεοῦ εἰμι;). ჰადიშური «და» კავშირს უნაცვლებს «ხოლო»-ს, თუმცა არასაჭირო კავშირის სრული კლება სახეზეა მხოლოდ ექვთიმესთან, რასაც ვეყრდნობით... [ე. ჭ.]
† † † † † † †