სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბ-ნ რამინ მიქაბერიძეს (30.05.2024)

გამოჩენილ მომღერალსა და ლოტბარს, ბატონ რამინ მიქაბერიძეს, გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს.

ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციისათვის გაწეული მისი ერთგული მსახურება ჯერ სახელმწიფო ანსამბლს, შემდეგ კი ანსამბლ „რუსთავს“ უკავშირდება. უნიკალურია ბატონ რამინის ხმა და საშემსრულებლო მანერა, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მსმენელზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ნათქვამია, გული არ ბერდებაო; არც რამინის ხმა ბერდება გულივით; ალბათ, იმიტომ, რომ უშურველი გამცემია თავისი შესაძლებლობებისა.

განსაკუთრებულია მისი წვლილი მომავალი თაობის აღზრდაშიც. ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან ერთად იგი საფუძველდამდებია ანსამბლ „მართვეს“ შექმნისა და პირველი თაობის ჩამოყალიბებისა.

მეტად მნიშვნელოვანია, რომ ოჯახური ტრადიცია გრძელდება შვილების და შვილიშვილების სახით. ყველა იცნობს ქალბატონ მაია მიქაბერიძეს, ასევე შესანიშნავ მომღერალს, ლოტბარსა და პედაგოგს, პატრიარქის ნათლულთა გუნდის დამაარსებელს.

ასე რომ, ბატონი რამინი დღეს თავისი შრომის ნაყოფს იმკის, რომელიც მრავალფეროვანია და ფრიად ღირებული ქვეყნისთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და ვლოცავთ შთამომავლებთან და მოწაფეებთან ერთად.

 

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი