სპირიდონი – სხალთელი მთავარეპისკოპოსი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი სპირიდონი
სხალთელი მთავარეპისკოპოსი
ერისკაცობაში – გოჩა ოთარის ძე აბულაძე
დაიბადა: 1950 წლის 14 ივნისს, ქ. ზესტაფონში.
ანგელოზის დღე: 25დეკემბერი – წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 28. 08. 1990
მღვდლად კურთხევა: 04. 07. 1990
ბერად აღკვეცა: 23. 12. 2006
ეპისკოპოსად კურთხევა: 24. 122006
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 17. 04. 2013
მისამართი: დაბა ხულო, დავით აღმაშენებლის ქ. #9.
ტელ.: (+995 422) 27 00 17
მობ.: (+995 599) 57 32 87
სხალთის ეპარქია (ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები).
კათედრა სხალთასა და ხულოში, რეზიდენცია ხიჭაურსა და ხულოში
ვრცლად:
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, ერისკაცობაში გოჩა ოთარის ძე აბულაძე, დაიბადა 1950 წლის 14 ივნისს ქ. ზესტაფონში. 1967 წელს გოჩა აბულაძემ დაამთავრა ზესტაფონის N4-ე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1967-1972 წლებში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1972-1976 წლებში – უნივერსიტეტის ასპირანტურაში კიბერნეტიკის სპეციალობით. 1975 წლიდან ასპირანტი გოჩა აბულაძე აკადემიკოს ვ. ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრაზე, 1976 წლიდან – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრაზე. 1978-1979 წლებში გოჩა აბულაძე ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი იყო. აქ იგი ლექციებს უკითხავდა საქართველოს მთავრობის კაბინეტის თანამშრომლებს მართვის სისტემების მიმართულებით. XX საუკუნის 80-90-იან წლებში გოჩა აბულაძე აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ამხელდა ხელისუფლების ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ ქმედებებს. მისი აქტიური საქმიანობის შედეგი იყო ის, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო იძულებული გახდა გაეუქმნებინა რელიგიის რწმუნებულის აპარატი, სახელმწიფოსაგან ეკლესიისათვის დაწესებული ყოველთვიური გადასახადები.
1990 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე), ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გოჩა აბულაძე აკურთხა დიაკვნად და სახელად უწოდა გრიგოლი. იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1990 წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ, დიაკონი გრიგოლი ჯიხეთის მონასტერში მღვდლად აკურთხა და სხალთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. 1991 წლის დასაწყისში ხულოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაევალა მამა გრიგოლ აბულაძეს.
1991 წლის 25 ნოემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მღვდელი გრიგოლი დაინიშნა ბოდბის ეპარქიის წმიდა ნინოს მონასტერთან არსებული წმიდა ნინოს სახელობის და ხირსის წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტერთან არსებული წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის სასულიერო სასწავლებლის რექტორად. მღვდელი გრიგოლი იმ დროიდან მსახურობდა წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტრის წინამძღვრად და ბოდბის წმიდა ნინოს მონასტრის ღვთისმსახურად. 1994 წლის იანვარში ქ. ზესტაფონში გაიხსნა წმიდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სასწავლებელი, რომელიც ამზადებდა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებს და მოწყალების დებს. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მამა გრიგოლი დაინიშნა ამ სასწავლებლის რექტორად. 1994 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელ გრიგოლს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება და მიტრის ტარების უფლება მიანიჭა.
მამა გრიგოლის ინიციატივით 1995-1998 წლებში ზესტაფონის მოსწავლეთა ბანაკში ზაფხულობით ჩამოჰყავდათ საინგილოდან 100-150 ბავშვი და ერთი თვის განმავლობაში ასწავლიდნენ საქართველოს ისტორიას, ქართულ ლიტერატურას, ქრისტიანულ მრწამსს. 1997 წლის 25 თებერვალს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა გრიგოლმა ზესტაფონში დააარსა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი. 2004 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზ გრიგოლს დაავალა ჯავახეთში, ნინოწმინდაში, ბავშვთა სახლის შექმნა.
2006 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დეკანოზი გრიგოლი ახლადშექმნილი სხალთის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. 2006 წლის 22 დეკემბერს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცეს და სახელად სპირიდონი უწოდეს. 23 დეკემბერს მღვდელ-მონაზონ სპირიდონს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 24 დეკემბერს არქიმანდრიტი სპირიდონი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოსად აკურთხა. 23 დეკემბერს არქიმანდრიტმა სპირიდონმა სამების საპატრიარქო ტაძარში წარმოთქვა სიტყვა:
“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! წმინდანო მღვდელმთავარნო! პირველ ყოვლისა, მადლობა უფალს და უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს და სრულიად საქართველოს წმიდა სინოდის მღვდელ¬მთავრებს, რომ მე, უღირსი, ღირსად გამომირჩიეთ სხალთის ეპარქიის მღვდელმთავრად. შიში მიპყრობს ამ ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინებისათვის, ეპარქიისა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა მტრის უღელქვეშ, ეპარქიისა, რომელშიც, როგორც თქვენ ბრძანეთ, უწმიდესო და უნეტარესო, პირველად აინთო ლამპარი ქრისტეს სიყვარულისა და იქცა განმანათლებლად სრულიად საქართველოსი. ეპარქიისა, რომელშიც დიდი ღვაწლია გაწეული, ჭეშმარიტად სამოციქულო ღვაწლი მაღალყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრის მიერ, რომელშიც ძალიან დიდი ღვაწლი გასწია მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა იობმა, სადაც დიდ ღვაწლს ეწევა სამღვდელოება. შიში მიპყრობს და მეშინის, მაგრამ უფალი ბრძანებს: “ამასა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”.
ვსასოებ და იმედს მაძლევს საქართველოს ისტორია. როგორც საღვთო გარდამოცემა გვაუწყებს, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის აღმშენებლობაში სრულიად განსაკუთრებული როლი და დანიშნულება ერგო საქართველოს. მაცხოვრის წმიდა განგებულებით, თავად მის მოვლინებამდე დედამიწაზე, საუკუნეებით ადრე, მცხეთაში დაიმარხა წმ. წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის ხალენი, სიმბოლო სარწმუნოებრივი სიწმინდის უკომპრომისო დაცვისა. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ საქართველოში წარმოიგზავნა მსოფლიოს ყველაზე აღმატებული სიწმინდე კვართი უფლისა, სიმბოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და განუყოფელი ეკლესიისა. როგორც წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, იმ ქვეყნის ეკლესიას, რომელიც კვართს ინახავს, უფლისაგან მიცემული აქვს განუყოფლობის ძალა და გაბრწყინებული ჩაბარდება უფალს მეორედ მოსვლის ჟამს. კვართის დაფლვით მცხეთაში ივერიის მიწა, უფლისმიერ წინასწარგანსაზღვრული, ღვთისმშობლის მამულად განიწმინდა და შეიქმნა წმიდა მიწა. მაცხოვრის ამაღლების და სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, ღვთის განგებით, წილისყრის შედეგად, ივერია გამოცხადდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრად.
არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში მსგავსი პატივი და სიწმიდე არ მინიჭებია და ქვეყანა და მიწა ესე პატივდებული და განწმენდილი უფლის კვართითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლით და გაპოხიერებული ასიათასობით ქართველის მოწამეობრივი სისხლით, დამარხულ არს უფლის მეორედ მოსვლის ჟამისათვის, რათა საყოველთაო აპოსტასიის დროს მთელ მსოფლიოს უქადაგოს და აჩვენოს მართლმადიდებლობის სინათლე და ჭეშმარიტება, დასტური იმისა, ნიშანი იმისა, რომ ივერიას ეს მისია ევალება ღვთისგან და რომ ის გაბრწყინდება, არის თავად საქართველოს ისტორია, რომ მცირერიცხოვანმა ერმა ღვთისმშობლის ძალითა და მადლით გაუძლო მსოფლიოს შემოსევებს და დღემდე მოვიდა.
დასტური და ნიშანი ივერიის ამ მისიისა და სასწაულისა არის მამათა გარდამოცემა, რომლის მიხედვითაც, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდება ათონიდან საქართველოში და გააბრწყინებს საქართველოს.
დასტური და ნიშანი ივერიის გაბრწყინებისა, ამ მისიისა, არის ჩვენ თვალწინ მიმდინარე პროცესები. ეკლესიის არნახული დევნისა და შევიწროების შემდეგ როგორ აღდგა საქართველოს წმ. ეკლესია. როგორც ნათქვამია, თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია სუდარაგადაფარებული და დღეს ჩვენ ვხედავთ ამ საოცარ აღორძინებას.
მოსეს ლოცვით ისრაელი უფალმა ეგვიპტიდან გამოიყვანა. ისუ ნავეს, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და მეფეთა ლოცვით უფალი ისრაელს ტერიტორიებს, ბარაქას და კეთილდღეობას აძლევდა.
თქვენი ღვაწლითა და ლოცვით განხორციელდა ასობით ეკლესია-მონასტრის მშენებლობა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის, ფაქტიურად, ხელმეორედ მოპოვება და დამტკიცება, ათასწლეულის ტაძრის – ყოვლადწმიდა სამების ტაძრის აშენება იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში აპოსტასიის პროცესები მიმდინარეობს. მოწმე თქვენი ლოცვის და მოღვაწეობის, ამ საოცარი სასწაულებრივი ძალისა, მე უღირსს და უძლურს სასოწარკვეთილება მიქრება და ვსასოებ, რომ თქვენი სასწაულებრივი ლოცვითა და მამობრივი მზრუნველობით, შემაძლებინებს უფალი და დედაღვთისმშობელი იმ საპასუხისმგებლო მისიის აღსრულებას, რომელიც თქვენი ლოცვა-კურთხევით დამევალა. მოწმე თქვენი მოღვაწეობის და ლოცვის საკვირველი ძალისა ვსასოებთ და გვწამს, რომ უფალი აღადგენს ქვედაკვეთებულ მამულს, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე.
დამლოცეთ, თქვენო უწმინდესობავ!” (68, 2007, 1).
უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მეუფე სპირიდონს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და წარმატებები უსურვა მას. ეპარქია, რომელიც მეუფე სპირიდონმა ჩაიბარა, მრავალი განსაცდელისა და პრობლემის წინაშეა. მთის აჭარა, ხულო, სხალთა ძირძველი ქართული კუთხეა, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე არბევდნენ მომხვდურნი. მათ მოახერხეს მოსახლეობის ნაწილის მაჰმადიანობაზე გადაყვანა. ასეთ ეპარქიაში მეუფე სპირიდონს დიდი ძალისხმევა და თავგანწირვა დასჭირდება თანამემამულეთა ნდობისა და დედაეკლესიისაკენ შემობრუნებისათვის. მეუფე სპირიდონის ღვაწლით ეპარქიაში ეწყობა სამეცნიერო კონფერენციები, რომელიც ეძღვნება საქართველოს ისტორიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემატიკას. 2009 წელს გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “დიდაჭარობა” მასალები, რომელიც 578 გვერდს მოიცავს და იყოფა შემდეგ განყოფილებებად: ეკლესიის ისტორია (16 მოხსენება), საეკლესიო ლიტერატურა (9), ღვთისმეტყველება (2), ლიტერატურა (12), ისტორია (18), სოციოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორი (19), ენათმეცნიერება, ონომასტიკა, ლექსიკოლოგია (25), არქეოლოგია, წყაროთმცოდნეობა (11), ქართველები უცხოეთში (5), ხელოვნებათმცოდნეობა (2), სამართალი (3), მედიცინა (2), დოქტორანტებისა და მაგისტრანტების სტატიები (17). 2009/2010 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებას იწყებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი. ეპარქიაში ამოქმედდა არაერთი ეკლესია-მონასტერი, სასულიერო გიმნაზია, სასწავლებელი. მეუფე სპირიდონი უშრეტი ენერგიის ადამიანია. მას ისტორიული მისია აკისრია სხალთის ეპარქიაში და იგი წარმატებით გაართმევს თავს ცხოვრების ყველა გამოწვევასა და სირთულეს.
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი სპირიდონი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.
2010 წლიდან ხულოსა და სხალთის ეპარქიაში ქ. ხულოში გაიხსნა აბუსერიძე ტბელის სახელობის მრავაპროფილიანი უნივერსიტეტი, რომლის რექტორია მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)