ანდრია – გორის და ატენის მიტროპოლიტი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანდრია
გორის და ატენის მიტროპოლიტი
ერისკაცობაში – ამირან ანატოლის ძე გვაზავა
დაიბადა: 1968 წლის 24 აპრილს, ქ. სოხუმში.
ანგელოზის დღე: 13დეკემბერი – წმ. მოციქულ ადრია პრიველწოდებეულის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 15. 04. 1995
დიაკვნად კურთხევა: 17. 09. 1996
მღვდლად კურთხევა: 13. 11. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 18. 10. 1998
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 16. 11. 2006
მიტროპოლიტობა ებოძა: 25. 05. 2010
მისამართი: საქართველო 1400. ქ. გორი, ლომოურის ქ. #7.
ტელ.: (+995 370) 27 28 10
ფაქსი: (+995 370) 27 98 10
მობ.: (+995 593) 17 93 55
გორისა და ატენის ეპარქია (ქ. გორი, გორის მუნიციპალიტეტი)
კათედრა გორსა და ატენში, რეზიდენცია გორში.
ვრცლად:
მიტროპოლიტიანდრია, ერისკაცობაში ამირან გვაზავა, დაიბადა 1968 წლის 24 აპრილს, ქალაქ სოხუმში პედაგოგების, ანატოლი გვაზავასა და ნინო არაჰამიას ღვთივსათნო ოჯახში.
ათეისტური გარემოს მიუხედავად ოჯახში ყოველთვის დაუფარავად დღესასწაულო¬ბდნენ შობისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებს. ღვთის რწმენას მომავალ მღვდელმთავარს უნერგავდა დედა, ნინო არაჰამია, რომელიც არაერთხელ უნახავს მას სახლში ხატთან ანთებული სანთლით მლოცველი, მასვე დაჰყავდა სოხუმის საკათედრო ტაძარში, სადაც წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგს პატარა ბავშვის ცნობიერებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
მომავალი მღვდელმთავრის საგვარეულოდან არაერთი სასულიერო პირი აღიზარდა: დეკანოზები – მიქაელ გვაზავა და მისი ძმა, რომლებიც სოხუმში მოღვაწეობდნენ და იქვე მიხაილოვის სასაფლაოზე არიან დაკრძალულები; მიქაელ გვაზავა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი იყო; მისი დროინდელი ხატები დღესაც სოხუმის საკათედრო ტაძარშია დასვენებული, მათ შორის გამორჩეულია ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სასწაულთმოქმედად იყო მიჩნეული მრევლის მიერ; ათონის მთაზე ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი მოღვაწე ბერები მათე და ათანასე გვაზავები. ბებიის მხრიდანაც კაჭარავების საგვარეულოში წინაპრები სასულიერო წოდებას ეკუთვნოდნენ, არაჰამიათა გვარიც ეკლესიის ყმები და ხატის მცველები იყვნენ.
სოხუმის XI საშუალო სკოლის დამთავრების შემდგომ მან სწავლა სამხედრო სასწავლებელში, ხარკოვის საავიაციო-საინჟინრო ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც ჯანმრთელობის გამო ვერ დაასრულა და 1988 სოხუმში დაბრუნდა, სადაც სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა და დაასრულა 1994 წელს. მის მიერ ეკლესიის სწავლების გაცნობა და ეკლესიური ცხოვრების დაწყება 1988-1989 წლებიდან იწყება, რაც ასევე ოჯახის წევრების, ძმის მეუღლის – მარინა ამაღლობელის დახმარებით მოხდა. განსაკუთრებული გავლენა მასზე მღვდელ-მონაზონ სერაფიმე როუზისა და წმ. მღვდელმთავარ ეგნატე ბრიანჩანინოვის ნააზრევმა მოახდინა.
მის სულიერ აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის არა-ერთ ცნობილ სასულიერო მოღვაწეს, რომელთაგან აღსანიშნავია მისი პირველი მოძღვარი, სოხუმის საკათედრო ტაძრის უხუცესი მღვდელმსახური, დეკანოზი იოსებ სევერინი, სქიარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო); სქიმიღუმენია სერაფიმა (სიდორენკო); ბერი კონსტანტინე, ზალიტის კუნძულზე მოღვაწე დეკანოზი ნიკოლოზი (გურიანოვი), აფხაზეთის უდაბნოში მცხოვრები ბერ-მონაზვნები; წერილობითი ურთიერთობა ჰქონდა არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინთან. ამავე პერიოდში ხშირად დადიოდა სიწმინდეების მოსალოცად როგორც საქართველოში, ასევე უკრაინასა და რუსეთში: წმ. სვიმონ კანანელის საფლავი; წმ. ვასილისკოს აღსრულების ადგილი და მისი წყარო; წმ. იოანე ოქროპირის მიცვალების და წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის ადგილები კომანში; ახალი ათონის მონასტერი; კიევ-პეჩორის ლავრა; წმ. სერაფიმე საროველის ნაწილების აღმოჩენამ და 1991 წელს დივეევოს მონასტერში მათ გადასვენებაში მონაწილეობამ ახალგაზრდა კაცში განსაკუთრებული სულიერი გარდატეხა მოახდინა. ამ პერიოდში მოილოცა ოპტის უდაბნოს მონასტერი, რამაც კიდევ უფრო გაუღრმავა ბერ-მონაზვნული ცხოვრების სურვილი. ის უკვე იმყოფებოდა ოპტის უდაბნოში, სადაც აპირებდა სამონაზვნო ცხოვრების შედგომას, მაგრამ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა მშობლიურ ქალაქში დაბრუნების გადაწყვეტილება მიაღებინა.
აფხაზეთში საომარი ოპერაციების დროს მონაწილეობდა სხვადასხვა ჰუმანი-ტარულ მისიებში და საომარ მოქმედებებში. ამავე პერიოდში დაუახლოვდა ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავარს, ეპისკოპოს დანიელს (დათუაშვილი), რომლის სოხუმიდან იძულებით წამოსვლის შემდგომ, მეუფე დანიელისადმი დაქვემდებარებულ მარტყოფის მონასტერში დაიწყო მომავალმა მღვდელმთავარმა სასულიერო მოღვაწეობა.
1994 წელს სვეტიცხოვლის ტაძარში მორჩილად, ლაზარეს შაბათს კი ბერად აღკვეცეს და სახელად ანდრია უწოდეს. 1995-1996 წლებში მოღვაწეობა ახლად დაარსებულ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, სოფ. კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ისტორიულ მონასტერში განაგრძო.
1996 წლის 17 სექტემბერს მთავარეპისკოპოსმა დანიელმა ქ. ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ბერ ანდრიას დიაკვნად დაასხა ხელი, ხოლო იმავე წლის 13 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ, ქ. რუსთავის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მღვდლად. მსახურობდა ქ. თბილისის სამხედრო აკადემიის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად.
1997 წელს დაინიშნა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი სამონასტრო კომპლექსის, დავით გარეჯელის ლავრის წინამძღვრად და დაჯილდოვდა იღუმენის წოდებით.
1998 წლის 18 ოქტომბერს, წმ. გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, წმიდა სინოდის განჩინების შესაბამისად ხელდასხმულია საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსად.
2001 წლის 14 ოქტომბერს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმთავარი ანდრია დადგინდა სამთავისისა და გორის ეპარქიის მმართველად. 17 ნოემბერს იღუმენმა ანდრიამ ეპისკოპოსად ხელდების წინ ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს: “წლევანდელი სვეტიცხოვლობა ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის განსაკუთრებული სიხარულის მომნიჭებელია. ამ დღეებში მოხდა დიდი ისტორიული მოვლენა – წმიდა სინოდის აღვსება. მეტად ნიშანდობლივია, რომ ახალი მღვდელმთავრების გამორჩევა დაიწყო კათოლიკოს, არსენ დიდის გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, ხსენების დღეს, ხოლო მათი კურთხევა სრულდება თვით ღმერთშემოსილი მამის გრიგოლ ხანძთელის დღესასწაულზე. გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეები საქართველოს ისტორიაში წარმოადგენენ ერისა და ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოს, სწორედ ერისა და ეკლესიის ერთიანობისაკენ მოგვიწოდებს დღეს უფალი და განსაკუთრებული როლი ამ საქმეში ეკისრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს. შიში მიპყრობს, როცა წარმოვიდგენ, თუ რაოდენ დიდია მღვდელმთავრის პასუხისმგებლობა იტვირთო და იხსნა სამწყსო შენი. განსაკუთრებით ძნელია ეს დღეს, როცა ჟამთა სიავის გამო გაბნეული ცხოვარი ცდილობს დაუბრუნდეს დედა ეკლესიის წიაღს. ამ მძიმე ჯვარს, უპირველეს ყოვლისა, ვიღებ ეკლესიისადმი მორჩილებით და ამავე დროს ღვთისადმი უდიდესი სასოებით, რამეთუ შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელია ღვთის მიერ. წმიდა მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: “გლოცავ უკეთუ ყოვლისა წინა, რაითა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყვანისცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათვის… რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩვენისა ღმერთსა, რომელსა ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი”. ეპისკოპოსის მსახურება არის ზრუნვა ეკლესიისა და ერისათვის, მოკრძალებით სიტყვასა და საქმეში სულგრძელობითა და მოთმინებით, სიბრძნითა და დიდი სიყვარულით კაცთა მიმართ.
ეკლესიის სიძლიერეს ვხედავ სამღვდელოების მტკიცე სარწმუნოებაში და კეთილ მაგალითში, მონაზონთა დასის განმტკიცებაში, რათა ისინი, როგორც სულიერ მებრძოლთა მოწინავე რაზმი, იყვნენ მაგალითი ღმერთის შიშისა, სიმდაბლისა. ერი და ბერი ეს ხატოვანი ქართული გამონათქვამი, საუკუნეების მანძილზე ტრადიციად ქცეულ ერისა და ეკლესიის ერთიანობას ასახავს. როგორც ადამიანის სხეულში ყველაფერს აერთიანებს სული, ასევე სული წმიდა აერთიანებს მორწმუნე ერს. დიდი მონდომებით უნდა გავუფრთხილდეთ ურთიერთშორის მშვიდობას, ვფიქრობ რომ ამისათვის აუცილებელია ჩვენ ერს დავანახოთ სიწმიდე, სიკეთე და სიბრძნე სარწმუნოებისა, თავად კი დავინახოთ ერის ინტელექტი, წარმოვიდგინოთ მისი ავი და კარგი, მისი შესაძლებლობანი. განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდა თაობას. ამგვარი მსახურება უსაზღვრო სიყვარულსა და თავგანწირვას მოითხოვს. იგი აუცილებელია იმისათვის, რომ ამ ურთულეს ჟამს ადამიანმა მიაკვლიოს ხსნის ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, რომლის დასაბამი და დასასრული ღმერთია.
ერთხელ კიდევ მოგახსენებთ უღრმეს მადლობას თქვენ, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, ჩემი უღირსებისადმი გამოჩენილი ნდობისა და გაღებული პატივისათვის. გმადლობთ თქვენ ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ჩემი თანადგომისა და გამხნევებისათვის. მადლობას ვწირავ ყველას, ვინც გაიზიარა ჩვენი სიხარული და დაგვლოცა გულსა შინა თვისსა. დღეს მდგომარე წინაშე უდიდეს სიწმიდეთა ჩვენთა, დიდია წინაპართა, კათოლიკოს პატრიარქთა და ყოველთა ზეციურთა მფარველთა ჩვენთა, მუხლმოდრეკილი გევედრებით ყველას – ლოცვა ჰყავთ ჩემთვის, რათა შემეწიოს უფალი და შემაძლებინოს მსახურება ღმრთისა და კაცთა ვიდრე აღსრულებამდე ჩემი ამქვეყნიური ცხოვრებისა. ამინ.” (68, 2001, 11).
უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღნიშნა: “ღვთის მადლითა და წყალობით დღეს შეივსო საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში 27 ეპარქიის მღვდელმთავართა რიცხვი. ახლა უკვე ყველა ეპარქიას თავისი მღვდელმთავარი ჰყავს. ამქვეყნად შემთხვევით არაფერი არ ხდება, არც ისაა შემთხვევითი, წმიდა სინოდის წევრთა რიცხვი წმიდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა აღავსო. ეს იმას ნიშნავს, რომ წმიდა გრიგოლ ხანძთელი და წმიდა მამა დავითი საქართველოსა და მეუფე ანდრიას განსაკუთრებით მფარველობენ. უფალი ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ბედნიერია ადამიანი, რომელიც იპოვის ქრისტეს გზას, გაიგებს რა არის ჭესმარიტება და საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს, ამისათვის არის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით მღვდელმთავარი მოწოდებული. უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია მღვდელმთავარს ღვთისა და ერის წინაშე, მაგრამ უფალი, რომელმაც ეს ჯვარი გიბოძა, დაგიფარავს და ძალას მოგცემს, წმიდა გრიგოლ ხანძთელი და წმიდა მამა დავითიც შეგეწევიან.
წმიდა გრიგოლ ხანძთელი, რომლის ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ, განსაკუთრებული მოღვაწეა ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიაში. წარჩინებული და დიდებული მშობლების შვილმა ქართლის მთავრის, ნერსეს სასახლეში აღზრდილმა გრიგოლმა სამოღვაწეო ასპარეზზედ არაბთაგან განადგურებული სამხრეთ საქართველო, ტაო-კლარჯეთი აირჩია. მისი მოღვაწეობისათვის ოთხი რამ იყო დამახასიათებელი: 1. ასკეტიზმით მიღწეული მაღალი სულიერება. 2. მონასტრების დაარსება. 3. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სწორი ურთიერთობის დამყარება… მეუფე ანდრია, თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით, კიდევ ბევრი რამის შესწავლა შეგიძლიათ… გასაკეთებელი ბევრია. ჩვენი ეკლესიის მრავალ წმინდანზე ტროპარ-კონდაკებიც კი არაა დაწერილი. შეგეწიოს წმიდა დავით გარეჯელი, წმიდა ნინო, წმიდა გრიგოლ ხანძთელი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადაგვაფაროს მოწყალე კალთა, თუ თავმდაბლობა და მორჩილება გექნება, ღვთის დიდ მადლს მიიღებ. მამაშვილურად გილოცავ წმიდა სინოდისა და ჩემი სახელით მღვდელმთავრის ხარისხში აყვანას, რომელიც არც შენი დამსახურების შედეგია და არც ჩვენი გადაწყვეტილებისა, არამედ ნება ღვთისა. მიიღე კვერთხი, დალოცე შენი სამწყსო და ილოცე სრულიად საქართველოსათვის.” (68, 2001, 11).
2006 წლის 16 ნოემბერს, გორში მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად ეპისკოპოს ანდრიას მთავარეპისკოპოსის წოდება მიანიჭა. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მღვდელმთავარი ანდრია ერთადერთი უმაღლესი ოფიციალური პირი იყო, რომელმაც არ დატოვა ქალაქი და ბოლომდე ცდილობდა დარჩენილი მოსახლეობის გამხნევებას. ის პირველი ჩაუდგა სათავეში და პირადად ხელმძღვანელობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ მისიების განხორციელებას. აქტიურად იყო ჩართული ტყვეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების და დაღუპული მეომრების გადმოსვენების საქმეში, რისთვისაც 2008 წლის 16 სექტემბერს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო წმ. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი ებოძა.
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)