სულთმოფენობიდან-ერგასიდან XXX შვიდეულის ხუთშაბათისა:

ებრ. X, 35-XI, 7. [დას. ტკვ(326)]

<ძმანო, ნუ განიშორებთ> განცხადებულებასა მაგას თქუენსა, რომელსა აქუს დიდი სასყიდლის მოგებაჲ, რამეთუ მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუემი იგი, რამეთუ მცირედ, წუთ-ერთღა, ‘და მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს. ხოლო მართალი სარწმუნოებითა ცხოვნდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა”. ხოლო ჩუენ არა ვართ ჯმნულებისანი მის წარსაწყმედელად, არამედ სარწმუნოებისანი შესაწევნელად სულისა. ხოლო არს სარწმუნოებაჲ (მოსავთა)* [მოსალოდებელთა]** მათ (ძალ)* [გუამ]**, საქმეთა მამხილებელ არახილულთა, რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი. სარწმუნოებით გჳცნობიეს დამყარებად საუკუნეთა სიტყჳთა ღმრთისაჲთა, არასაჩინოჲსაგან ხილულად შექმნულად. სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა, რომლისაგან იწამა, ვითარმედ მართალ არს წამებითა ღმრთისაჲთა მსხუერპლთა მათ მისთა ზედა; და ამისთჳს მო-ღათუ-კუდა, მერმე იტყჳსვეღა. სარწმუნოებით ენუქ გარდაიცვალა, რაჲთა არა იხილოს სიკუდილი; და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან, რამეთუ პირველ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან. ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ, რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს, რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიებელთა მისთა სასყიდლისმიმცემელ ექმნების. სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.

 

სახარებაჲ მარკოზისი, მკ. 10:17-27 (დას. 45). მკ. X, 17-27. [დას. მე(45)].       

17 და ვითარცა გამოვიდა იგი(მას ჟამსა შინა, გამოსლვასა იესუსსა †) გზასა, ესერა, მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: „მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?“ 18 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ. 19 მცნებანი იცნი: „ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, ნუ დააკლებ კეთილის ყოფად, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“. 20 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: „ესე ყოველი ვყავ სიჭაბუკით ჩემითგან, რაჲღა მაკლს მე?“ 21 ხოლო იესუ მიჰხედა და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: „უკუეთუ გნებავს სრულყოფაჲ, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა; აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე“. 22 ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყჳსათჳს და წარვიდა მწუხარე, რამეთუ აქუნდა მონაგები ფრიად. 23 და მიმოიხილა იესუ და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: „ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე“. 24 ხოლო მოწაფეთა დაუკჳრდებოდა სიტყუასა ამას ზედა. ხოლო იესუ კუალად მიუგო და ჰრქუა მათ: „რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასეთა ესვენ, შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა! 25 უადვილეს არს აქლემი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“. 26 ხოლო მათ უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: „და ვის ძალ-უც ცხორებად?“ 27 მიჰხედა მათ იესუ და ჰრქუა: „კაცთა მიერ შეუძლებელ არს, არამედ არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“.

† † † † † † †

კრეტელ მოწამეთა:

ეფეს. VI, 10-17. [დას. სლგ(233)]

<ძმანო, განძლიერდით უფლისა> მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა. შეიმოსეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინადადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა, რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლისმპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. ამისთჳს აღიღეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინადადგრომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. მტკიცედ უკუე დეგით; მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ; და შეისხენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ იგი სახარებისა მის მშჳდობისაჲ. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.

 

ლკ. XXI, 12-19. [დას. რვ(106)].

12 ხოლო ამათ ყოველთა წინა † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: „ეკრძალენით კაცთაგან რაჲთა არა †) დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ, და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა; და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13 და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14 დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, 15 რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღდგომად და სიტყჳსგებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა. 16 რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18 და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19 და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი...“