სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ანზორ ერქომაიშვლის გარდაცვალების გამო.

ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ყველა მუდამ დიდ პატივს სცემდა და აღიარებდა მის გამორჩეულ ღვაწლს როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის წინაშე, ისე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.  მაგრამ მისმა გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი და განუმეორებელი იყო, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით.

მისი პიროვნების უნიკალურობას, ღვთივმიმადლებულ ნიჭსა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, განაპირობებდა იშვიათი სიკეთე და თავმდაბლობა, ამიტომაც გახდა იგი ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის მსახურ ერქომაიშვილთა ცნობილი გვარის ღირსება და საქართველოსთვის დამაშვრალ მამულიშვილთა შორის კელაპტარი ჩაუქრობელი.

მისმა უკვდავმა სულმა ამიერიდან ღვთის წინაშე ახალი ცხოვრება დაიწყო. შეეწიოს მას ჩვენი ლოცვა, ლოცვა ახლობლებისა და სრულიად საქართველოსი და დაუმკვიდროს სავანე მართალთა, ამინ!


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2021 ყველა უფლება დაცულია