საკვირაო ქადაგება (13 სექტემბერი, 2009 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 13 სექტემბერი, 2009 წ.


„საჭიროა, რომ ერი იყოს ღვთისმოსავი, ერი – ღვთისა უნდა იყოს
და მაშინ, უფალი გამოარჩევს და აღამაღლებს მისი წიაღიდან საკუთარ რჩეულს“


სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს
ღმერთი!
წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: „და აღვამაღლო რჩეული
ერისაგან ჩემისა“… დავით წინასწარმეტყველი უდიდესია წინასწარმეტყველთა შორის.
იგი საოცარი ფსიქოლოგია, ზედმიწევნით იცნობს ადამიანს, მის გონებას,
ბუნებას; დიდი წინასწარმეტყველი განსაკუთრებით ხშირად საუბრობს გულის
კულტურის, მისი სიწმინდის მნიშვნელობის შესახებ და შესთხოვს უფალს: „გული
წმინდაი დაჰბადე ჩემ თანა… და სული წრფელი განმისახლე გვამსა ჩემსა“…

ასევე, მეტად მნიშვნელოვანია წინასწარმეტყველის შემდეგი სიტყვები: „და
აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანი
ამაღლდეს? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ ერი იყოს ღვთისმოსავი, ერი – ღვთისა
უნდა იყოს და მაშინ, უფალი გამოარჩევს და აღამაღლებს მისი წიაღიდან საკუთარ რჩეულს.


დღეს ორი ისტორიული თარიღია. მოგეხსენებათ, დღეს მთაწმინდაზე გადაასვენეს ნოდარ
დუმბაძის ნეშტი. ალბათ, თავიდანვე იყო საჭირო მისი მთაწმინდაზე დაკრძალვა, მაგრამ,
ეტყობა, ზოგიერთებმა ამას ხელი შეუშალეს. ნოდარ დუმბაძე იყო საოცარი პიროვნება,
საოცარი მწერალი, საოცარი ფსიქოლოგი. თავის ნაწარმოებებში იგი ხშირად ეხებოდა
საღვთისმეტყველო და სულიერ საკითხებს. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა იგი
დარწმუნებული არ იყო, რომ სწორად გამოთქვამდა ამა თუ იმ საღვთისმეტყველო აზრს და
ტექსტი გამოუგზავნია ჩემთვის. მეც ჩემს რჩევას ვაძლევდი ხოლმე.

განსაკუთრებით მინდა
გავიხსენო მწერლის ბოლო
დღეები. მასთან მივედი, ის
უკვე მწოლიარე ავადმყოფი იყო, ფეხზე დგომა არ
შეეძლო. როცა შევედი, წამოდგა. ვუთხარი. თქვენ
უნდა იწვეთ-მეთქი და მომიგო: „არა, პატრიარქს საწოლში ვერ შევხვდებიო“.
მან ოთახიდან ექიმები და
ახლობლები დაითხოვა და
უკანასკნელი აღსარება
მითხრა.

იგი გახლდათ ღრმად
მორწმუნე ადამიანი. და აი
დღეს მისი ნეშტი მთაწმინდაზე, მამადავითის ეკლესიაში გადაასვენეს და
ხვალ, დღის 1 საათზე, დაკრძალვა შედგება. იმედია
მეც შევძლებ და დაკრძალვას დავესწრები.

დღეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი: ეკლესია აღნიშნავს წმინდა მამის,
არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენებას. მამა გრიგოლ ფერაძე 1899 წელს დაიბადა;
სწავლობდა სემინარიაში, დაამთავრა უნივერსიტეტი, შემდეგ გერმანიაში მას დოქტორის
ხარისხი მიანიჭეს. ის იყო საოცრად განსწავლული, დიდი პიროვნება, დიდი მეცნიერი.
სწავლობდა უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემ II-სთან ერთად და მისი სურათი მუდამ იდგა
უწმინდეს ეფრემის სამუშაო მაგიდაზე.

მამა გრიგოლმა სახელოვნად დაასრულა თავისი სიცოცხლე ოსვენციმის ბანაკში.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, იგი მრავალშვილიანი მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში.


დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება
ადამიანი ღმერთს დაუახლოვდეს. ყოველი ადამიანის ცხოვრება არის განსაცდელი და იგი ცხოვრების გზას საკუთარი ჯვრის ტვირთვით მიუყვება.
ყოველ ადამიანს აქვს ჯვარი, რომელიც მან ბოლომდე უნდა მიიტანოს, მაგრამ ხშირად
ეცემა ამ ჯვრის სიმძიმის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში, უფალი მიდის მასთან და აყენებს,
რათა გზა განაგრძოს. უფალი ეუბნება წინასწარმეტყველს: „შენ ჩასახულიც არ იყავი დედის მუცელში, როცა მე შენ გიცნობდი“. ასეა – უფალი კარგად იცნობს ყოველ ჩვენგანს,
იცის ჩვენი დადებითი და აუარყოფითი მხარეები. ხშირად უფალი ჩვენ ცოდვებს თავის
სიყვარულსა და მოთმინებას აფარებს. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს
იმისათვის, რომ მოხდეს ღვთისა და კაცის დაახლოება, რასაც სინერგია ეწოდება და ეს
გვაცხოვნებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი დაუახლოვდეს უფალს და ღირსი
გახდეს სასუფეველისა!

დღეს აქ ჩამოსული ბრძანდება სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი იეგუდიელი,
რომელმაც თავისი ეპარქიის
სამღვდელოება დასაჯილდოვებლად წარმოადგინა. სამივე
სასულიერო პირი ჩემს მშობლიურ სტეფანწმინდის რაიონში მსახურობს და მოხარული ვარ,
რომ იქ ასეთი თავდადებული სამღვდელოებაა.

ჩვენი სამღვდელოებისა და
მრევლის სახელით ვულოცავ
სამივე სასულიერო პირს ამ
მაღალ წოდებას. როდესაც
სასულიერო პირი ან, თუნდაც, ნებისმიერი ადამიანი
რაიმე საფეხურზე ამაღლდება, მას აუცილებლად უნდა
მოემატოს თავმდაბლობა,
რომ ამპარტავნობამ არ დაძლიოს და გააფუჭოს.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27, 2009 წ.