სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგანგებო განცხადება

26 მაისს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმულმა ქადაგებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან მისი შინაარსი მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციად იქნა აღქმული.
ეკლესია არის ერის გამაერთიანებელი ძალა და მოწოდებულია მშვიდობისთვის. გუშინწინდელი ჩვენი განცხადებაც გაკეთდა შექმნილი რთული სიტუაციის განმუხტვის მიზნით: ცნობილი იყო, რომ ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას, ხოლო მომიტინგეების მკვეთრი ქმედებების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო შეტაკება და სისხლისღვრა.
ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესიამ თავის თავზე აიღო მძიმე ტვირთი და გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც ამ რეალურ საფრთხეს ააცილებდა ჩვენს ხალხს.
ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა. სიტუაცია კვლავ სერიოზული და ფეთქებადსაშიშია.
ვფიქრობთ, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას დაძაბულობის განმუხტვისთვის (იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა).
შევთხოვ ღმერთს, “ქმნას სასწაული, კეთილი ჩვენთან”, რომ “უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”.
თბილისი, 28 მაისი
ამაღლების დღე