პატრიარქი – ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აზრია ერთადერთი და ჭეშმარიტი და აუცილებლად უნდა განხორციელდეს

26 მაისს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მშვიდობის პარაკლისის დაწყებამდე სამების ტაძარში ერს ქადაგებით მიმართა.
უწმინდესმა ქართველ ერს პირველ რიგში დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ საზოგადოება ცხოვრობს მეტად რთულ პერიოდში, როცა არსებობს დაპირისპირებული, ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები.
“ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აზრია ერთადერთი და ჭეშმარიტი და აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ადამიანმა უნდა მოუსმინოს სხვას და არა ერთს და უნდა გამოიტანოს უკეთესი აზრი მოსმენის საფუძველზე”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა მოიყვანა ბრძენის ნათქვამი, რომელსაც ჰკითხეს, თუ რა არის ყველაზე საშინელი თვისება ადამიანისთვის და ბრძენმა უპასუხა, რომ ეს არის კატეგორიულობა. უწმინდესის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კატეგორიული ადამიანი ვერ უსმენს სხვას და ჰგონია, რომ მხოლოდ მასშია სიბრძნე და ჭეშმარიტება.
“უფალი მეფობს, უფალი ქმნის. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება საკმარისია, თუმცა ღვთისმეტყველებაში არსებობს ტერმინი – სინერგია, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ღვთიური ენერგია და ადამიანური ენერგია. როდესაც ეს ორი ენერგია ადამიანში ერთმანეთთან თანხვედრაშია, სწორედ მაშინ იღებს ადამიანი ყველაზე საჭირო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პატრიარქმა.
მისი თქმით, ყოველი მოვლენა ღვთის განგებით ხდება და წყდება ზეცაში. როგორც უწმინდესმა ბრძანა, უნდა ახსოვდეს ყოველ ქართველს, რომ ყველა ერთმანეთის ძმა და დაა და უნდა არსებობდეს ქართველ ხალხში ერთსულოვნება.
“განსხვავებულმა აზრებმა უნდა იარსებოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აზრი უნდა განხორციელდეს. ჩვენ გვახასიათებს ამპარტავნება, ეს კი უმძიმესი ცოდვაა. სწორედ ამ ცოდვამ დაღუპა ანგელოზი, რომელიც დაეცა და გახდა ეშმაკი და ამ ცოდვის გამო განდევნა ადამი და ევა სამოთხიდან”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ჯარს და ბრძანა, რომ მას სურს დალოცოს დღეს ჯარი და დალოცოს შინაგანი ჯარი, რადგან დიდი და მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს ჯარს და მათ ეს ყველაფერი ვაჟკაცურად აიტანეს.
უწმინდესმა ასევე ისაუბრა საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე – “გადადგეს პრეზიდენტი”. “ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. ეს ძალიან რთული საკითხია. საერთოდაც, მინდა ვთქვა, თითქოს ეს წესად გვექცა. ჩვენ გადავაყენეთ პირველი პრეზიდენტი, გადავაყენეთ მეორე პრეზიდენტი და თქვენ იცით ამ გადაყენებამ რაც მოგვიტანა. მე ამას ვამბობ, როგორც ჩემს აზრს, რომ იქნებ უკეთესი იყოს ერთმანეთს მოვუსმინოთ”, – ბრძანა უწმინდესმა.
მისი თქმით, როდესაც იგი მოსმენის კულტურაზე საუბრობს, ეს ეხება ყველას, ერსაც, ბერსაც, პრეზიდენტსაც და პატრიარქსაც. ჩვენში არ უნდა იყოს პარტიის კუთვნილების მიხედვით ადამიანთა დაყოფა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ერი ვართ და გვჭირდება ერთსულოვნება.
“ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიყოთ ღვთის მორჩილნი და ღვთის მადლი ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. დავით წინასწარმეტყველი ბრძანებდა – “მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი”. ეს სიმშვიდე გვაკლია ჩვენ და ღმერთმა მოგვცეს სიმშვიდე, მოთმინება და თავმდაბლობა”, – ბრძანა პატრიარქმა.