კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მისცა კურთხევა 1 სექტემბერს მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოს მხარდამჭერ აქციაში ჩაებას

მარიამობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში დასრულდა.
საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
პატრიარქმა ქადაგებაში დღეს განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხზე. მან მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ არ გაიტეხოს გული იმის მიუხედავად, რომ საქართველოზე მოდის დიდი განსაცდელი და ასევე ბრძანა, რომ დიდ განსაცდელს ყოველთვის მოსდევს ღვთის წყალობა.
“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ პერიოდში, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, რომელიც მოდის საქართველოზე. ქართველი ხალხი ძლიერია სულით და ვერანაირი გარეშე თუ შინა მტერი მას ვერ გასტეხს. მე მინდა, შეგახსენოთ წმიდა მამათა ცხოვრების წესი, როდესაც მამები ხედავდნენ, რომ მათზე განსაცდელი არ იყო, ტირილით შესთხოვდნენ უფალს, ნუ დაგვივიწყე უფალო, მოგვივლინე განსაცდელიო. ასე რომ, ეს განსაცდელიც ჩვენივე ცოდვებისთვის არის. კარგად ჩავიხედოთ თითოეულმა ჩვენს სულსა და გულში და მივხვდებით, რომ ჩვენი ქცევაც არ იყო ყოველთვის სწორი, მაგრამ განსაცდელი ღვთისაგან ბოძებულია და იგი სიხარულით შეიცვლება”, – ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ძირძველი ტერიტორიებია და რაც არ უნდა მოხდეს, ისინი მაინც საქართველოს შემადგენლობაში დარჩებიან.
მან ასევე დღეს პირველად წააკითხა მრევლს მოკლე ლოცვა, რომლის წაკითხვისკენაც ყოველდღიურად თითოეულ ქართველს მოუწოდა.
“უფალო დიდება შენდა, დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო, წყალობითა შენითა, ამინ!”, – აღნიშნული ლოცვა თითოეულმა ქართველმა დღეში სამჯერ მაინც უნდა გაიმეოროს და შესთხოვოს უფალს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება.
პატრიარქმა მრევლს მისცა კურთხევა 1 სექტემბერს მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში ჩაებას და მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ეს შესაძლებელია ცოცხალი ჯაჭვი გააკეთოს რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ.