სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის აქტიური საომარი მოქმედებები დასრულდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გრძელდება დაპირისპირება ჩვენს ქვეყნებს შორის და იგი უფრო საშიშ ფაზაში გადადის, რაც დღეს, 25 აგვისტოს, რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის), – ძირძველი ქართული მიწების დამოუკიდებლობის აღიარებაში გამოიხატა. ოდითგანვე საქართველო იყო სხვა და სხვა კულტურებისა და ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილი ამასთან, ხშირად მათი შეჯახების არენაც.ყველა დაპირისპირებულ მხარეს თავისი მიზანი ამოძრავებდა. ჩვენს ერს კი ბუნებრივია ქონდა თავისი ინტერესი – ტერიტორიული მთლიანობის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება.
ეს ინტერესი ჩვენთვის დღესაც უცვლელია. და ჩვენ ჩვენი წინაპრების მსგავსად, შევეცდებით ამ მიზანს ვემსახუროთ.
განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ რუსეთი და საქართველო ორივე მართლმადიდებელი ქვეყნებია და დაპირისპირება და ომი სწორედ ერთმორწმუნე ერებს შორის მოხდა.
უნდა გვახსოვდეს, ეშმაკი ყოფს, ღმერთი კი აერთიანებს.რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობით მსოფლიოში ხელი ეწყობა სეპარატიზმს და ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია, ხმა აღიმაღლოს ამის წინააღმდეგ.
სეპარატიზმი გადამდები ცენტრიდანული საშინელი ძალაა, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს საფუძვლებს და თუ მას სერიოზული გასაქანი მიეცა, დედამიწას ქაოსი მოიცავს. მცირე ერები ყველა სახელმწიფოშია და მათ რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოინდომონ, ბუნებრივია, დაიწყება დაუსრულებელი ომები.
მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვლადიმერ პუტინს – საქართველოდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოყოფა მეტად საშიშია თვითონ რუსეთისათვის. ეს მისცემს ბიძგს თქვენს ქვეყანაშიც სეპარატიზმის განვითარებას და მომავალში თქვენ გაცილებით მეტი პრობლემები გექნებათ, ვიდრე ეს დღეს საქართველოშია. ამაზე ღირს დაფიქრება.
იმ დროს, როცა უკვე დაიღვარა ოსების, რუსების, ქართველების სისხლი, ჩვენს შორის ვითარების კიდევ უფრო გამწვავება დაუშვებელია. დუმის დადგენილება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილებაა და ჩვენივე ქვეყნების კეთილდღეობისათვის გთხოვთ, იგი არ დააკანონოთ.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
25 აგვისტო, 2008 წელი