ილია მეორე მედვედევსა და პუტინს გორში და ნიქოზში შესასვლელად კორიდორის გაკეთებას სთხოვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს გორში და ნიქოზში შესასვლელად კორიდორის გაკეთებას სთხოვს.
“მე დავუკავშირდი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს, რომ გორისა და ნიქოზის მოსახლეობასთან დაკავშირებაში დაგვეხმაროს. საპატრიარქოში განმიცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ჩემი წერილი დღემდე არ მიუღიათ. ამიტომ ახლა წერილი რუსეთის საპატრიარქოს მეშვეობით გავუგზავნეთ და ვთხოვეთ, მომეცეს საშუალება გორში და ნიქოზში შესვლის, რომ იქიდან ჩვენი დაჭრილი და დაღუპული გმირების გამოყვანა შევძლოთ”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.
დღესვე პატრიარქმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ჩვენს მოსახლეობას: გული არ გაიტეხოთ და არ შეგეშინდეთ! საქართველოს ამაზე მძიმე დღეები უნახავს და მშვიდობის გზაზე მაინც გამოსულა. ღვთის იმედი გქონდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო! ამინ!”, – აღნიშნა პატრიარქმა.იხილეთ ვიდეოინფორმაცია