საკვირაო ქადაგება (3 აგვისტო, 2008 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 3 აგვისტო, 2008 წ.
„…არ არსებობს ისეთი შიდა თუ
გარეშე ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს დანაწევრება!“
უნეტარესო მეუფეო თეოდორე II, პაპო და პატრიარქო ალექსანდრიისა და სრულიად
აფრიკისა,

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!
დღეს არის ბედნიერი დღე საქართველოსთვის. ჩვენს სამშობლოში სტუმრად ბრძანდება
უძველესი ეკლესიის მეთაური – პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა.
ეს არის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია მსოფლიოში, რომელიც რიგით მეორეა, მსოფლიო
საპატრიარქოს შემდეგ. ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურის ტიტულში არის საოცარი
სიტყვები, მას ეწოდება მე-13 მოციქული და მსოფლიო მსაჯული.

უნეტარესო მეუფეო, მოგესალმებით საქართველოს უძველესი სამოციქული ეკლესიის სახელით.
ჩვენი ეკლესია დააარსა ქრისტეს პირველმა მოციქულმა. ჩვენთან იქადაგეს: სვიმონ
კანანელმა, ბართლომემ, თადეოზმა და მატათამ. საქართველო არის გარემოცული ღვთის
მადლით.

ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე ჩვენს ქვეყანაში ჩამოიტანეს ხალენი წმინდისა ელია
წინასწარმეტყველისა. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ საქართველოში ჩამოაბრძანეს კვართი
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი! ღვთის განგებით, საქართველო გახდა წილხვედრი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და IV საუკუნის დასაწყისში, ისევე, როგორც ბიზანტიის
იმპერიაში, ქრისტიანობა გახდა სახელმწიფოებრივი რელიგია ჩვენს ქვეყანაში.
V საუკუნეში, მეფე ვახტანგ გორგასალის დროს, საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია
მიენიჭა.

მთელი კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება რომელიც შეიქმნა საქართველოში, – ყველაფერა
დაფუძნებულია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: „სადა არს საუნჯე მენი, შუნ არს გული შენი“. და
აი, ამ 20 საუკუნის განმავლობაში ქართველი ადამიანი მუდამ აგროვებდა სულიერ საუნჯეს
და ეროვნულ სიმდიდრეს და ჩვენ მუდამ ვიცავდით და ვუფრთხილდებოდით მას.

ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ პერიოდში, გლობალიზაციის ეპოქაში. ამიტომ დღეს
განსაკუთრებით
გვმართებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას.

უნეტარესო მეუფეო, თქვენი ვიზიტი შედგა საქართველოსთვის მეტად რთულ პერიოდში. დღეს
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვიბრძვით იმისათვის, რომ გამთლიანდეს სრულიად
საქართველო. მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს ისეთი მიდა თუ გარემე ძალა,
რომელსაც შეუძლია საქართველოს დანაწევრება! ღვთის მადლით, ღვთის ძალით, ჩვენ
ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მთლიანობისა და კეთილდღეობისათვის.

კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით ჩვენი ეკლესიის სახელით. ჩვენ დიდად ვაფასებთ
პირადად თქვენს ღვაწლს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ეკლესიამ მსოფლიოს მისცა უდიდესი მღვდელმთავრები,
უდიდესი მამები და ჩვენ ვეწაფებით და ვსარგებლობთ ამ თქვენი უდიდესი საუნჯით.

უნეტარესო მეუფეო, ჩვენ თქვენს ვიზიტს ვაფასებთ, როგორც ლოცვა-კურთხევას, რომელიც
მოდის თქვენი ეკლესიიდან. ამიტომ ჩვენ მივიღეთ მემდეგი განჩინება:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. მისი უნეტარესობა თეოდორე II,
პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა, ალექსანდრიისა და საქართველოს
საპატრიარქოსა და ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებისათვის
დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.“

ამასთან ერთად, მინდა გადმოგცეთ ქართული ტიხრული მინანქრით შესრულებული წმიდა
გიორგის პანაღია. ასევე მსურს, მოგიძღვნათ წმინდა ილია თეზბიტელის ხატი, რომელიც
საქართვვლომი დაიწერა.

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, გულითადად მოგესალმებით საქართველოს
ეკლესიის, წმინდა სინოდის სახელით და მინდა საჩუქრად გადმოგცეთ მინანქარში
შესრულებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც იქნება მფარველი თქვენი და
სრულიად საქართველოსი.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, სპეციალური გამოშვება, 8 აგვისტო 2008 წ.