სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კულტურული მემკვიდრეობის ორდენით დააჯილდოვეს

რუსულენოვანი მწერლების საერთაშორისო ფედერაციამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კულტურული მემკვიდრეობის ორდენით დააჯილდოვა.
ორდენი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 24 ივლისს საპატრიარქო რეზიდენციაში რუსეთიდან და დსთ-ს სხვა ქვეყნებიდან რუსულენოვანი მწერლების დელეგაციასთან გამართულ შეხვედარაზე გადაეცა.
შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო.
უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გადაეცა ორდენი და სიგელი, რომელშიც ნათქვამია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯილდოვდება განსაკუთრებული საგანმანათლებლო და საზოგადო მოღვაწეობისთვის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და გამრავლების საქმეში.
შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სტუმრებს საჩუქრად მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ჭედური ხატები გადასცა .
საღამოზე სტუმრებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს, ხოლო ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო მგალობელთა გუნდმა საგალობლები და სიმღერები შეასრულა .