გამოფენა პატრიარქის ინიციატივით

საქართველოს საპატრიარქომ და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ეროვნულ არქივში დაცული რელიგიური დოკუმენტების გამოფენა გახსნა, რომელიც წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს მიეძღვნა.
ღონისძიებას დაესწრნენ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული რელიგიური შინაარსის დოკუმენტები, რომლებიც IX-XIX საუკუნით თარიღდება, მათ შორის: სხვადასხვა დროს გადაწერილი სახარება, კონდაკი, გულანი, საეკლესიო კრების დადგენილება, ქართველი მეფეებისა და კათალიკოსების მიერ გაცემული შეწირულების წიგნები და სხვა უნიკალური დოკუმენტები.
13-14 მაისს ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაგრძელდება, მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.