საქართველოში სახალხო რეფერენდუმი გაიმართება, რათა დადგინდეს, საჭიროა თუ არა საკონსტიტუციო მონარქიის შემოღება

საქართველოს ისტორიულ გვართა შთამომავალთა კავშირის მმართველობის თავმჯდომარე, საქართველოს მონარქისტული მოძრაობა ”სამეფო გვირგვინის” ლიდერი ია ბაგრატიონ-მუხრანელი მიესალმება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ინიციატივას, საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების შესახებ.
ამის შესახებ მან 16 ოქტომბერს საერთაშორისო პრეს-ცენტრ ”რია ნოვოსტიში” ამ საკითხისადმი მიძღვნილი ”მრგვალი მაგიდის” მსვლელობისას განაცხადა.
”ამ საკითხის ერთმნიშვნელოვნად გადაჭრის წინ, აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება, რათა განისაზღვროს ხალხის აზრი”, – განაცხადა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა.
”ჩვენ ვაპირებთ საერთო სახალხო რეფერენდუმის ჩატარებას, რათა ხალხის აზრი გავიგოთ, საჭიროა თუ არა საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიის შემოღება. მხოლოდ ხალხის აზრის გაგების შემდეგ და იმ შემთხვევაში, თუ მათი პასუხი დადებითი იქნება, შეირჩევა ქართული ტახტის რამდენიმე პრეტენდენტი, ხოლო მათგან ერთი – მონარქი უკვე ღვთის ნებით იქნება შერჩეული. მონარქს ჩვენ თვითონ ვერ შევარჩევთ”, – აღნიშნა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა.
მან განაცხადა, რომ ქართულ ტახტზე პრეტენდენტები მუხრანელების შტოს რამდენიმე წარმომადგენლის მომავალი ბავშვები გახდებიან. ია ბაგრეტიონ-მუხრანელმა აღნიშნა, რომ ბაგრატიონთა გვარის ტრადიციით, ტახტზე პრეტენდენტი – ბავშვი შვიდი წლის ასაკიდან უნდა აღიზარდოს. მან უნდა მიიღოს შესაბამისი აღზრდა, როგორც საერო, ისე სასულიერო და ღმერთის ღრმა რწმენით უნდა აღიზარდოს.
ია ბაგრატიონ-მუხრანელმა განაცხადა, რომ საქართველოს მონარქი ქვეყნის ერთიანობის გარანტი უნდა იყოს.
”მრგვალი მაგიდის” ერთ-ერთი მონაწილე, საქართველოს პარლამენტის წევრი ”კონსერვატიული პარტიიდან” კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ”საკონსტიტუციო მონარქიის დამყარება – ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება ქვეყანა გაჭიანურებული კრიზისიდან გამოიყვანოს”.
კუკავამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ სხვაობებისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტებს შორის არსებობდა, ქვეყანა ვერ გამოდის კრიზისიდან, რადგან თვითონ პრეზიდენტები ქმნიან კრიზისს, რომელიც დებატებსა და პოლიტიკურ დაპირისპირებას იწვევს.
მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში ქვეყანას უნდა გააჩნდეს ერთი გამაერთიანებელი ფაქტორი – ერთიანობის სიმბოლო. როგორც კუკუვა მიიჩნევს, ”მონარქი იმის გარანტი იქნება, რომ მის ლეგიტიმურობას ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა დაადასტურებს”.
დეპუტატის აზრით, უახლოეს ორ-სამ წელიწადში საქართველოში უკვე უნდა დამყარდეს საკონსტიტუციო მონარქია.
საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების შესაძლებლობის შესახებ იდეით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოვიდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დღევანდელი დღის საკითხი არ არის, პარლამენტი მზად არის განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, თავის მხრივ, ასევე გამოთქვა ინტერესი აღნიშნული საკითხისადმი.