ოპოზიციის ლიდერები პატრიარქს შეხვდნენ

ერთიანი ეროვნული საბჭოსა და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო.შეხვედრის დასრულების შემდეგ პატრიარქს კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ პატრიარქის პოზიციაზე საუბარს თავი აარიდა და ჟურნალისტებს მოუწოდა ამის შესახებ თავად პატრიარქისათვის ეკითხათ.ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი პატრიარქს შეხვდნენ, როგორც სამოქალაქო მრევლის რიგითი წევრები და მას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მე კომენტარის გაკეთება არ მინდა. დეტალებზე ჩემი კოლეგები ისაუბრებენ,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. იგივე პოზიცია დააფიქსირა ირინა სარიშვილმაც.პატრიარქის პოზიცია ოპოზიციის დანარჩენმა წარმომადგენლებმა გაახმაურეს. მათი თქმით, პატრიარქი ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც მოუწოდებს არ მოხდეს პოზიციების რადიკალიზაცია და ვითარება არ გამოვიდეს კანონიერებისა და სამართლიანობის ფარგლებიდან.როგორც დავით გამყრელიძე განაცხადა, პატრიარქს პოლიტიკური პოზიცია არ გამოუხატავს, ”თუმცა იგი ყველა მხარეს მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან კანონიერება და სამართლიანობა”. მისივე თქმით, პატრიარქი შეხვედრას ხელისუფლებასთანაც გამართავს და იმავე პოზიციას გამოხატავს.შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით გაიმართა და ესწრებოდა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი. მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატები: ლევან გაჩეჩილაძე, შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე და ირინა სარიშვილი.