საკვირაო ქადაგება (30 დეკემბერი, 2007 წელი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 30 დეკემბერი, 2007 წელი
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ღვთის მადლით, ახალი წელი – ახალი სტილით – მოგვიახლოვდა. დღეს ყველას გვმართებს
ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ამ ახალ წელს, რა უნდა ვაკეთოთ და რაზე
ვიფიქროთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთმა სამყარო ისეთი წესითა და კანონით შექმნა,
რომ ყველაფერი მუდმივ განახლებას განიცდის. მაგალითისთვის, ავიღოთ ჩვენი ფიზიკური
სხეული. თქვენ იცით, რომ ადამიანის უჯრედები მუდმივად განიცდიან განახლებას.

იყო ერთი დიდი ასტრონომი – კამილო ფლავმარიონი. დაიმახსოვრეთ ეს სახელი და ვინც ჯერ
არ გაცნობია მის შრომებს, მოიძიეთ და წაიკითხეთ. იგი ფრანგი მეცნიერი გახლდათ და
XVIII-XIX საუკუნეებში ცხოვრობდა. გარდა ასტრონომიული ძიებებისა, მას აგრეთვე
დამუშავებული აქვს ძალიან საინტერესო თემები, რომლებიც შეეხება სარწმუნოებრივ
საკითხებს, ღმერთს, ადამიანს. მან დაწერა წიგნი – „ღმერთი ბუნებაში“, რომელშიც
მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ გამოვლინდება ბუნებაში ღვთის ძალა, უზენაესის
საქმე.

კამილო ფლავმარიონი ასევე შეისწავლა ადამიანას სხეულს. ამ დიდ მეცნიერს გამოთვლილი
აქვს ადამიანის სხეულის განახლების პროცესის ხანგრძლიობა და იგი ამტკიცებს, რომ
ადამიანის სხეულის უჯრედების განახლება ყოველ 28-30 დღეში ხდება. ამ განახლებაში
იგი გულისხმობს მთლიან სხეულს, ე.ი. – ძვლებს, ხორცს, რაც იმას ნიშნავს, რომ
ადამიანის მთელი სხეული ყოველ 30 დღეში ნახლდება. მუშაობის პროცესში იგი ცდებს
ცხოველებზე ატარებდა და ასეთ ხერხს მიმართა: ცხოველებს აჭმევდნენ საგანგებოდ შეფერილ
საკვებს, შემდეგ დროდადრო ამ ცხოველებს კლავდნენ, მათ გვამებს კვეთდნენ და
აკვირდებოდნენ. დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ 28-30 დღეში ხორცმა ფერი
მთლიანად იცვალა. ამის შემდეგ მეცნიერებმა უკუპროცესი ჩაატარეს; ამჯერად ცხოველებს
უკვე ჩვეულებრივი საკვები მისცეს და პიგმენტებისგან მათი სხეულის სრული
გასუფთავება კვლავ იმავე პერიოდში – 28-30 დღეში მოხდა. ამ ცდების საფუძველზე კამილ
ფლამარიონმა დაამტკიცა, რომ ადამიანის სხეული სრულ განახლებას ერთი თვის
განმავლობაში განიცდის.


მას აქვს განხილული ასევე ერთი, ძალიან საინტერესო თემა, ძალა და მატერია. იგი
იკვლევდა – მოქმედებს თუ არა გარეშე ძალა მატერიაზე, თუ მატერიას თავად გააჩნია
ძალა და იგი საკუთარი კანონებით ხელმძღვანელობს. მრავალი კვლევისა და დაკვირვების
საფუძველზე მეცნიერი ამტკიცებს, რომ თავად მატერია მკვდარი და უმოქმედოა და ძალა,
რომელიც მას განაცხოველებს და თვისებებს სძენს – უფლისმიერი. თავის ნაშრომებში
მეცნიერი ძალის ცნებაში მუდამ ღვთის ძალას გულისხმობს. იგი ამბობს, რომ ეს ღვთის
ძალა მოქმედებს მატერიაზე.

ჩვენ ვხედაეთ, რომ სამყაროში არსებობს მიზიდულობის ძალა, გრავიტაციის კანონად
წოდებული. მიზიდულობის ძალა თავისთავად კი არ არსებობს, იგი ღვთისაგან არის
მინიჭებული. მიზიდულობის ძალა რომ არ არსებობდეს, არ იარსებობდა პლანეტები, მთელი
კოსმიური სამყარო.

დღეს, როცა გვიახლოვდება ახალი წელი, ძალიან ღრმა და ბევრი ფიქრი გვმართებს. არ
უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გაგვაჩნია. ჩვენში ახალი აზრები და იდეები უნდა
წარმოიშვას. დავუშვათ, შენ რაღაც კონკრეტულს აკეთებ ან საქმიანობ – უპირველეს
ყოვლისა, დაბეჯითებით უნდა გაანალიზო, სხვა რამ უკეთესად ხომ არ შიძლება გააკეთო.


ჩვენთან, საპატრიარქოში, მოსული იყო გამომგონებელთა ერთი ჯგუფი, რომელთაც შექმნეს
დანადგარი, რომელსაც ელექტროენერგიის გამომუშავება ჰაერიდან შეუძლია. ამისთვის
საჭიროა, დანადგარს მიეცეს პირველი ბიძგი და შემდგომ იგი უკვე თვითონ გამოჰყოფს
ენერგიას. ისინი დამპირდნენ, რომ პირველ ასეთ დანადგარს
წმინდა სამების ეკლესიისთვის და მონასტრისთვის გააკეთებენ.

უნდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველანი, გარკვეულწილად თვითდინებას ვართ მიცემული. უნდა
გამოვფხიზლდეთ და აუცილებლად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენს გულსა და გონებაში ახალი
აზრები წარმოიშვას.

არაერთხელ მითქვამს, რომ იყო ასეთი დიდი ფიზიოლოგი პავლოვი, რომელიც ამბობდა, რომ
ადამიანს ორი აზროვნება გააჩნია: მცირე აზროვნება – არის ადამიანის გონება, ხოლო
დიდი – ადამიანის გული. ჰოდა, ორივე მათგანი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რაღაც
სიახლე შევქმნათ, რაღაც ახალი გავაკეთოთ.

დღეს ჩვენს წინაშე უამრავი პრობლემაა. მაგალითად, მწვავედ დგას ნარკომანიის
საკითხი. მთელი მსოფლიო ფიქრობს, როგორ დავეხმაროთ ნარკომანებს, რა ვიღონოთ
მათთვის. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკომანები ავადმყოფი
ადამიანები არიან და ამიტომ მათდამი თანაგრძნობა, ყურადღება, მზრუნველობა, სათბო და
სიყვარული უნდა გამოვიჩინოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ამ
ადამიანებს ჩავაგონოთ, რომ მათი სენი განკურნებადია და რომ ეს უმეტესწილად სულიერი
გზით – აღსარებითა და ზიარებით – ხდება. ამასთან, მათ მუდმივად უნდა ვუმეოროთ, რომ
ნარკომანია არის დიდი სირცხვილი. არ შეიძლება, რომ ადამიანი ნარკოტიკებს
მიმართავდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკომანია არის რეალობიდან გასვლა, უფრო
სწორედ, სურვილი იმისა, რომ თავი დააღწიო რეალობას. ნარკომანს არ სურს, ხედავდეს იმ
გაჭირვებას, განსაცდელს თუ სიღარიბეს, რაც მის რეალობაშია და ამ რეალობიდან
გასაქცევად ნარკოტიკს მიმართავს. სინამდვილეში ის ისევ იგივე პრობლემების წინაშე
რჩება, უფრო უარესში თუ არა. ამიტომ უნდა აღვიჭურვოთ იმდენი მოთმინებითა და
სიყვარულით, რომ იმ დაავადებულმა ადამიანმა დაიჯეროს, მისთვის სიკეთე რომ გვინდა.


დღეს ასევე ძალიან მწვავედ დგას საქართველოში დემოგრაფიული საკითხი. რა უნდა
გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართველ ხალხში შობადობა ამაღლდეს? თქვენ უკვე იცით, ჩვენ
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყველა ოჯახში მესამე შვილის ნათლია (რა
თქმა უნდა, თუკა მისი სურვილი ექნებათ), – პატრიარქი გახდება. თუკი ოჯახს შეეძინება
მეოთხე შვილი, მთელი ოჯახი დაილოცება და შესაძლებელია მომდევნო შვილებიც პატრიარქმა
მონათლოს.

მადლობა ღმერთს, რომ ამ ინიციატივამ ხალხში დადებითი გამოძახილი ჰპოვა და ოჯახებში
სადაც მეტი შვილის ყოლას აღარ აპირებდნენ გაჩნდა სურვილი, იყოლიონ მესამე და მეოთხე
შვილიც. უნდა იყოლიოთ იმდენი შვილი, რამდენსაც ღმერთი მოგცემთ.

მრავალი გადაუჭრელი საკითხი დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე და ყველამ უნდა
დავძაბოთ გონება და ერთად ვიფიქროთ, რა შეიძლება ვაკეთოთ, რომ გამოვიდეთ არსებული
მდგომარეობიდან. უფრო უკეთ უნდა ვიაზროვნოთ, – გართობასა და თავდავიწყებას კი არ
უნდა მივცეთ. თუმცა, ზოგჯერ გართობაც საჭიროა, ესეც დასვენების ერთ-ერთი მეთოდია.
მაგრამ გართობა ხანმოკლე უნდა იყოს და კვლავ შრომას უნდა მივუბრუნდეთ, მუდამ უნდა
იმუშაოს ჩვენმა გონებამ. როგორც ადამიანის კუნთებს სჭირდება ფიზიკური ვარჯიში,
ასევე მუდმივ ვარჯიშს საჭიროებს ადამიანის გონება. თუკი ადამიანი ავადმყოფობს და
დიდხანს წევს ლოგინში, მისი კუნთები სუსტდება, – ასევეა ადამიანის გონება, თუკი იგი
არ გავავარჯიშეთ. უნდა ვეცადოთ, დავძაბოთ გონება და მივმართოთ იმისკენ, რომ
წარმოიშვას ახალი იდეები; ვიფიქროთ იმაზე, რაც საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი
ოჯახებისთვის, ჩვენი სამშობლოსათვის. აი, ამ მიმართულებით უნდა ვიაზროვნოთ, ასეთი
განახლება უნდა ხდებოდეს ჩვენს გონებაში. არასოდეს უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რასაც
უკვე მივაღწიეთ.

მახსენდება ჩემი მშობლების დარიგება: შვილებო, სიღარიბემ შეჩვევა იცის და არ
შეეჩვიოთ სიღარიბესო. უნდა იშრომოთ და ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ ღარიბები
არ იყოთ, პირიქით, – სხვებს უნდა დაეხმაროთო. და კიდევ ასე გვარიგებდა დედა, რაც
უნდა გაჭირვება შეგხვდეთ, სამშობლო არასოდეს მიატოვოთ და უცხოეთში არ გადაიხვეწოთ,
– თქვენ უნდა ზიდოთ ის უღელი, რომელიც ღმერთმა ჩვენს ერს არგუნაო. მუდამ მახსოვს ეს
დარიგება ჩემი ბავშვობიდან, იგი ძალიან ღრმად აღმებეჭდა გონებაში.

ხვალ საღამოს, 2007 წლის ბოლო დღეს, კიდევ დაგლოცავთ. მრავალი ადამიანი მოგვმართავს
კითხვით: რატომ გვილოცავს პატრიარქი ახალ წელს ახალი სტილითო. მინდა გიპასუხოთ ამ
კითხვაზე. ახალი წელი – ეს ხომ სამოქალაქო დღესასწაულია. ისტორიულად ახალი წელი
სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. ხშირად იცვლებოდა ახალი წლის
აღნიშნვა. ერთ დროს ახალი წელი, მაგალითად, მარტში, გაზაფხულის პირველ დღეს
იწყებოდა და ბუნების განახლებას უკავშირდებოდა. საეკლესიო ახალი წელი (ახალი
ინდიქტიონი), ძველი სტილით, 1 სექტემბერს იწყება. ამიტომ ხვალ ახალი სტილითაც
მოგილოცავთ ახალ წელს და შემდეგ – ძველითაც. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ღვთის გზაზე
ვიდგეთ და მუდამ გვახსოვდეს სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „მე ვარ გზა,
ჭეშმარიტება და ცხოვრება“. აი, ამ გზით უნდა ვიაროთ, რომლითააც უვლიათ ჩვენს
წინაპრებს. მუდამ გვახსოვდეს, რომ უნდა დავიცვათ და
შევინარჩუნოთ ჩვენი სულიერი სიმდიდრე, დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება, შევინარჩუნოთ
ჩვენი საუკეთესო ტრადიციები, ეროვნული კულტურა. ამასთან, ჩვენ უნდა შევქმნათ
ახალიც: ჩვენი შემოქმედებით გავამდიდროთ ჩვენი კულტურა, ლიტურატურა. დღეს ძალიან
საინტერესო ახალი წიგნები იწერება და მკითხველი მაინცდამაინც არ ჰყავს ჩვენს
თანამედროვე მწერლებს. აუცილბლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვას, რომ ადამიანი
წიგნს დაუბრუნდეს. წიგნი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური თანამგზავრი,
ყოველდღე უნდა ვკითხულობდეთ – ბიბლია იქნება ეს, სასულიერო თუ საერო ლიტერატურა –
მხატვრული, ფრლოსოფიური თუ ანთროპოლოგიური ნაწარმოები, უნდა ვეცნობოდედ მხატვრობას,
ხელოვნებას და ა.შ. ეს აუცილებელია ადამიანისთვის.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგვითენოს ღმერთმა!

თქვენ იცით, 5 იანვარს არის არჩევნები და ჩვენმა ქვეყანამ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.
არ გეტყვით იმას, თუ ვის მისცეთ ხმა. ღმერთმა მოგცათ გონება და თავად უნდა
განსაჯოთ, ვინ არის ღირსეული და ვინ მოუტანს სიკეთეს ჩვენს სამშობლოს. მინდა
მოგიწოდოთ, რომ ყველანი აუცილებლად მიხვიდეთ არჩევნებზე. თქვენ უნდა გააკეთოთ
არჩევანი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

კიდევ ერთი ლოცვა-კურთხევა გეძლევათ. საახალწლოდ უნდა დაწეროთ 40 დალოცვის წერილი
და დაუგზავნოთ თქვენს ახლობლებს. წერილისთვის ტექსტის შედგენისას შეგიძლიათ
ბიბლიითაც იხელმძღვანელოთ, შეგიძლიათ თავად დაწეროთ. დღეიდან დაიწყეთ წერა და
წერილები დაუგზავნეთ თქვენს მეგობრებს, ნაცნობებს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ
წერილებში ყველაფერი გულით უნდა იყოს ნათქვამი და ღმერთი აუცილებლად აგისრულებთ
თქვენს სურვილებს.

მინდა გითხრათ, რომ მე ბავშვებისაგან საოცარ დალოცვებს ვღებულობ და მე მჯერა – მათი
პირით ღმერთი ლაპარაკობს. გუშინ მივიღე სავსე ყუთი პატარების დალოცვების და ეს
ძალიან მახარებს.

დღეს არის ანგელოზის დღე მეუფე დანიელის და მთელი ჩვენი ეკლქსიისა და მრევლის
სახელით ვულოცავთ მას ამ დღეს.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ღმერთს ებარებოდეთ!
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №42,
2007 წ.