საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

ბოლო დროს თბილისში გამოჩნდა ანონიმური ხასიათის პლაკატები სახელწოდებით “მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია (UPF) გიწვევთ თანამშრომლობისათვის დაინტერესებულ პირებს”, რომელშიც ადამიანებს ლექციებზე დასწრებას სთავაზობდნენ.აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი მკითხველის ნდობის მოპოვების მიზნით პლაკატის ფოტოზე ერთ-ერთი ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირის ფოტოცაა წარმოდგენილი (ბუნებრივია მისი თანხმობის გარეშე). პლაკატის ბოლოს მითითებულია აღნიშნული ორგანიზაციის კოორდინატები, თუმცა არაფერია ნატქვამი ამ ორგანიზაციის რელიგიური ხასიათის შესახებ.“მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის” სრული სახელწოდებაა “მსოფლიო სამშვიდობო სარწმუნოებრივი და საერთაშორისო ფედერაცია”(IIFW) და იგი ერთ-ერთი კორეული ტოტალიტარული სექტის “უნიფიკაციის ეკლესიის” (ე.წ. მუნისტები) ორგანიზაციას წარმოადგენს.საინტერესოა, რომ “მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია” საქართველოში 2005 წლის ოქტომბერში დაფუძნდა და მის პრეზენტაციას თბილისში თვით ამ სექტის ლიდერი სან მიუნგ მუნიც ესწრებოდა (ეს სექტა საქართველოში 1999 წლიდან მოქმედებს).საპატრიარქოს პრესცენტრი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ აღნიშნულ ორგანიზაციასთან ურთიერთობისაგან.