სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წერილი გაუგზავნა სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს უფროსს, შეიხ-ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს, რომელშიც მას სთხოვს, აღადგინოს საინგილოს ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურება.წერილში აღნიშნულია, რომ 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, საინგილოს ქართული მოსახლეობა, ტრადიციულად, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ლოცულობს. ამასთან, ქურმუხის ტაძარს, ჩვეულებისამებრ, სტუმრობენ საქართველოდან ჩასული მომლოცველებიც.კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეიხ-ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს შეახსენა, რომ თბილისის ჯუმა-მეჩეთიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ იქ თბილისში მცხოვრები მუსლიმანები დაუბრკოლებლად განაგრძობენ მსახურებას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი მოქმედი მეჩეთია.კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ასევე თხოვნით მიმართა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ნამიგ ალიევს, რომ მან ხელი შეუწყოს მომლოცველებს, დაუბრკოლებლად ჩავიდნენ სალოცავად ქურმუხის ტაძარში გიორგობის დღესასწაულზე.