საკვირაო ქადაგება (28 ოქტომბერი, 2007 წელი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 28 ოქტომბერი, 2007 წელი
„მჯერა, ქართველი ხალხი არ
დაუშვებს, რომ საქართველოში
განსხვავებლი აზრი უხეშ დაპირისპირებაში გადაიზარდოს!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ფსალმუნებში ვკითხულობთ: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს
ერი თვისი მშვიდობით“.

ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როდესაც მშვიდობა სანატრელი გახდა, როდესაც
მშვიდობაზე ყველა საუბრობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცობრიობამ მშვიდობას ვერ
მიაღწია. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ ყველას
თავისებურად ესმის, როგორ უნდა მოიპოვოს იგი“. მშვიდობა ძნელად მისაღწევი ყოფილა,
მაგრამ მისკენ აუცილებლად უნდა ესწრაფოდეს ადამიანი.

მშვიდობის მიღწევა შინაგანი სიმშვიდის მოპოვებით იწყება. თუკი ადამიანი მშვიდია, ეს
გამოვლინდება მის გარშემოც, მშვიდობა მოეფინება ხალხს, ბუნებას, ოჯახს, სამსახურს,
– და ყველაფერი იქნება გარემოცული ამ მადლით.

არიან ადამიანები, რომელთაც ღმერთი ამის ნიჭს აძლევს და ისინი ამას უხვად გასცემენ.
მაგრამ არიან ასევე ადამიანები, რომელთაც ყველგან შეაქვთ შფოთი და შუღლი. ეს
ყველაფერი ადამიანის სულიერი მდგომარეობიდან
მომდინარეობს, – რაც არის ამა თუ იმ პიროვნების გულსა და გონებაში, ის ვლინდება მის
გარშემოც. ამიტომ არსებობს ლოცვა, მოღვაწეობა, მარხვა, რომ ადამიანმა მოიპოვოს
სიმშვიდე.

შფოთი ბოროტი სულისაგან მოდის. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ლოცვითა და
მარხვით განიდევნება ბოროტი სული. ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს მეტი ლოცვა, მეტი
მარხვა, უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ ზეციერზე, ვიდრე მიწიერზე. თუმცა, რა თქმა უნდა,
ხორციელ ადამიანს მიწიერზეც უწევს ზრუნვა, მაგრამ იგი გადამეტებული არ უნდა იყოს.


არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ცხოვრებისეული სულიერი ჯვარი, – ანუ სწრაფვა
ღვთისაკენ და
სწრაფვა ადამთანებისაკენ – აუცილებელია. თავად უფალი გვმოძღვრავს სახარებაში, თუ როგორ
უნდა ვილოცოთ იმისათვის, რომ არ მოვიწიოთ განსაცდელი და რომ უფალმა გვიხსნას ჩვენ
ბოროტისაგან. ამისთვის არსებობს ლოცვა, რომელიც თავად უფალმა გვასწავლა, ეს არის –
„მამაო ჩვენო“. ახლა ყველამ ერთად ვთქვათ ეს ლოცვა.

მიაქციეთ ყურადღება ლოცვის სიტყვებს: „…ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა. არამედ
მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“. ჩვენ შევთხოვთ უფალს, გვაშოროს ბოროტება და მოგვანიჭოს
ძალა, რომ არ შევიდეთ განსაცდელსა.

ყოველივე ამაზე დღეს იმიტომ ვსაუბრობ, რომ შფოთია დღეს საქართველოსა და ჩვენს
ხალხში, არ არის მშვიდობა.

როდესაც 2 ნოემბერს ხალხი შეიკრიბება, განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, რათა
სიმშვიდე სუფევდეს ამ ხალხში და არ მოხდეს დაპირისპირება.

განსხვავებული აზრის ქონა ბუნებრივია, გასაგებია და დასაშვები. ეს მსოფლიოში
მიღებული ფორმაა. შეუძლებელია და წარმოუდგენელი, რომ ყველა ადამიანს ერთი აზრი
ჰქონდეს, მაგრამ, ამასთან, განსხვავებული აზრი, რომელიც დაპირისპირებასა და
მტრობაში გადადის, – ეს
უკვე ღვთთსა და ერის წინაშე უდიდესი ცოდვაა;

მინდა გთხოვოთ ყველას და მოგცეთ ლოცვა-კურთხევა თქვენ და სრულიად საქართველოს, რომ
ამ ერთი კვირის განმავლობაში მრავალჯერ წაიკითხოთ ლოცვები „მამაო ჩვენო“, 50-ე
ფსალმუნი – „მიწყალე მე ღმერთო…“ და 90-ე ფსალმუნი – „რომელი დამკვიდრებულ არს..“ და
ეს დაგვეხმარება, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენთან. მჯერა, საქართველოში ქართველი
ხალხი არ დაუშვებს, რომ განსხვავებული აზრი უხეშ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

მშვიდობა – სანუკვარი და სანატრელი მადლია ღვთისა. ყოველი ლოცვა იწყება ამ
სიტყვებით: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“, ყოველი დიდი კვერექსი – წირვაზეც,
მწუხრზეც და ცისკარზეც ამ სიტყვებით იწყება. მაგალითად, ბერძნულად – „მშვიდობით უფლისა
მიმართ ვილოცოთ“ იკითხება ასე – „ენ ირინი ტუ კირიუ ტუ იტომენ“. ირინი – არის მშვიდობა. ენ ირინი – მშვიდობაში. ანუ მშვიდობაში უნდა
ვილოცოთო, მშვიდობაში უნდა შევიდეთ, მშვიდობამ უნდა დაისადგუროს ჩვენს გულსა და
გონებაში და ისე უნდა დავიწყოთ ლოცვა.

ებრაელებს კი აქვთ შესანიშნავი სიტყვა „შალომ“, რომელიც მრავალი ერის ლექსიკონში
დამკვიდრდა, იგი ნიშნავს, მოიცავს სიკეთესაც, მშვიდობასაც, სიმშვიდესაც,
ურთიერთობასაც, ამასთან სალამიცაა; შალომ – სალამი!

ღმერთმა ინებოს, რომ მართლაც
მშვიდობაში იყოს ჩვენი ხალხი და თუ ჩვენს გარშემო სიმშვიდე და მშვიდობა იქნება –
მაშინ არაფერი გვიჭირს!

ამასთან, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჩვენგანის უკან და ასევე
პოლიტიკური პარტიების უკან – ჩვენი საქართველოა! საქართველოს უნდა გავუფრთხილდეთ და
მე დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა იქნება ჩვენში და ჩვენს გარშემო.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მშვიდობა სუფევდეს თქვენს გულში, გონებაში,
თქვენს ოჯახებში, სრულიად საქართველოსა და მთელ მსოფლიოში.

მინდა ისიც გაცნობოთ, რომ 1-ლ ნოემბერს ათონის მთიდან ჩამოაბრძანებენ ღვთისმშობლის
ხატს, რომელსაც ეწოდება „კოლხეთის ღვთისმშობელი“ და ვისაც გექნებათ საშუალება და
სურვილი, შეგიძლიათ დახვდეთ მას 16:00 სთ-ზე აეროპორტში, შემდეგ კი სამების
საკათედრო ტაძარში.

ასევე მოგახსენებთ, რომ დღეს ახალგაზრდულ ცენტრში დაარსდა საკვირაო სკოლა ჩვენი
მრევლისთვის. წირვის შემდეგ ჩვენ იქ ჩავალთ და შევთხოვთ უფალს, რომ ამ სკოლის
დაარსებით ღმერთმა მოგვცეს სიკეთე. სკოლა იქნება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე
ზრდასრული მორწმუნეებისთვისაც.

ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34,
2007 წ.