საკვირაო ქადაგება (13 მაისი, 2007 წელი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 13 მაისი, 2007 წელი
„უძველესი დროიდან არც ერთ
მეგრელს ან სვანს თავში აზრად არ მოსვლია, რომ თვისი დიალექტისთვის
ცალკე დამწერლობა შეექმნა, რადგან თავს მუდამ ქართველად მოიაზრებდა და მისი
მშობლიური ენა ქართული იყო“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღდგა!
ყოველ ერს, ყოველ ქვეყანას გააჩნია ადგილი, ტერიტორია, სადაც იგი ცხოვრობს.
ამასთანავე, ყოველ ერს გააჩნია თავისი იდეა, რომელსაც იგი ემსახურება და მით
სულდგმულობს. ეს არის მთავარი აზრი მისი ასებობისა, მისი უპირველესი დანიშნულება.
ხშირად გვიფიქრია, თუ რა არის ქართული იდეა, რა არის მთავარი აზრი ჩვენი ერის
არსებობისა, რა არის ჩვენი უმთავრესი საუნჯე?
წმინდა ილია მართალმა ეს შესანიშნავად გაიაზრა და გამოთქვა: „მამული, ენა,
სარწმუნოება“.
აი, რა არის ჩვენი უმთავრესი საუნჯე! ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ყოველი ადამიანი
რაღაცას აგროვებს, რაღაცას იუნჯებს. მაგრამ ვისთვის რა არის საუნჯე, – ეს არის
საკითხავი. ჩვენი დრო – XX-XXI საუკუნეები გამოირჩევა იმით, რომ კაცობრიობა იუნჯებს
მატერიალურს, მიწიერ სიმდიდრეს. მაგრამ მიწიერი სიმდიდრე ადამიანს მხოლოდ სამარის
კარამდე მიაცილებს და შემდეგ ამქვეყნიდან იგი უკვე განძარცვული გადის.
მინდა შეგახსენოთ მსოფლიოს უდიდესი დამპყრობელი, – ალექსანდრე მაკედონელი. მორიგ
ქვეყანას რომ იპყრობდა, ოქროს და სიმდიდეს ჯარს ურიგებდა და როცა ჯარისკაცები
ეკითხებოდნენ: „მეფეო, შენთვის რაღას იტოვებო“, პასუხობდა: „მომავლის იმედსო“. უკვე
სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა (მან სულ 33 წელი იცოცხლა) კი თავის ახლობლებს ასე
დაუბარა: „როდესაც გამასვენებთ, კუბოდან ჩემი ხელი ჩამოუშვით, რათა ხალხმა
დაინახოს, რომ მე საიქიოს არაფერი მიმაქვსო“.
ეს შესანიშნავი მაგალითები, სამწუხაროდ, ჩვენ გვავიწყდება და ხშირად ზედმეტად
ვფიქრობთ მატერიალურზე და აღარ გვახსოვს, რომ უმთავრესი სულიერი საუნჯეა.
ჩვენი ერის უდიდესი სულიერი საუნჯეა მართლმადიდებელი სარწმუნოება. ქართველ
ადამიანს რომ არ ჰქონოდა რწმენა, არ ჰქონოდა ეკლესია და ქვეყანაში ეკლესიის ძალა
რომ არ არსებულიყო, – დღეს საქართველო არ იარსებებდა. ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყნები
ყოფილა და აღგვილა პირისაგან მიწისა. და ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რას
ნიშნავს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება! ეს არის უდიდესი საუნჯე და ძალიან
სამწუხაროა, როცა იმდენად დაბნელებული აქვს ზოგიერთ ქართველს სულიერი თვალი, რომ
ვერ ხედავს ამ ნამდვილ საუნჯეს.
დიდი მეცნიერი და ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონება:
დიდი და მცირე. დიდი არის ჩვენი გული და მცირე – ჩვენი გონება. ხშირად ჩვენ მხოლოდ
ცივი გონებით ვცხოვრობთ და ჩვენი გონება მარტო მიწიერზე ფიქრობს და გული ამ
შემთხვევაში უმოქმედოა.
როცა საქართვეოს მტერი შემოესეოდა, ქართველი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა,
იცავდა სულიერ საუნჯეს – ეკლესიას, ხატებს, სიწმინდეესბ; თუკი იგი უცხო ქვეყანაში
მოხვდებოდა, სამშობლოში სიმდიდრე კი არა, სიწმინდეები ჩამოჰქონდა. გავიხსენოთ ჩვენი
დიდი ღირსი მამა დავით გარეჯელი. იგი იერუსალიმში რომ გაემგზავრა წმინდა ადგილების
თაყვანსაცემად, წმინდა ქალაქის გალავნის კედელს მიახლებულმა თავი უღირსად მიიჩნია,
რომ იერუსალიმში ფეხი შეედგა და იქ ევლო, სადაც დადიოდა თავად უფალი ჩვენი იესო
ქრისტე! ამიტომ ღირსმა მამა დავით გარეჯელმა ქალაქის კედელთან სამი ქვა აირჩია და
ამ სიწმინდით უკანვე გამობრუნდა.
იერუსალიმის პატრიარქს ჰქონდა გამოცხადება, რომ საქართველოდან ჩასულმა ბერმა
მთელი მადლი თან წაიღოო. პატრიარქმა სასწრაფოდ უკან დაადევნა მას თავისი ხალხი, რომ
ეხილათ, რა მიჰქონდა ამ უცნაურ ბერს იერუსალიმიდან. და როცა სამი ქვის მეტი ვერა
უპოვეს რა, ორი ქვა წაართვეს და მხოლოდ ერთი გამოატანეს. ეს წმინდა ქვა – მადლის
ქვად წოდებლი, აქ ჩვენთან, წმინდა სამების ტაძარში ინახება.
აი, ასეთი ადამიანები იყვნენ ჩვენი წინაპრები, ასეთი რწმენა იყო მათში!
როდესაც ჩვენს ქვეყანას მტერი შემოესეოდა და ხალხი ტყეში იხიზნებოდა, უპირველეს
ყოვლისა, სიწმინდეებს მალავდნენ და მათი გადარჩენისთვის თავს წირავდნენ.
მერე კი იმდენად გადაგვარდა ზოგიერთი და ისეთი დრო დადგა, რომ ქართველმა
ადამიანმა საკუთარი ხელით დაანგრია თავისი ერის სიამაყე (ტაძრები და მონასტრები, –
მე, რა თქმა უნდა, კომუნისტური მმართველობის პერიოდს ვგულისხმობ).
მაგრამ, ღვთის წყალობით, „არის ჟამი ნგრევისა და არის ჟამი შენებისა“ და კვლავ
დადგა დრო და ღვთის მადლი ისევ გარდამოვიდა ჩვენს ქვეყანაზე და ქართველმა ერმა ისევ
დაიწყო ტაძრების შენება.
რწმენა – ეს არის ისეთი საუნჯე, რომელსაც თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.
ზოგიერთს ეს არ ესმის, მაგრამ უნდა გაიგოს! თუ ადამიანში ქართული სულია, თუ მასში
ქართული სისხლი ჩქეფს და მას ქართველი წინაპრები ჰყავდა, იგი მოვალეა დაიცვას
ჭეშმარიტი სარწმუნოება, – სარწმუნოება, რომელმაც გადაარჩინა საქართველო.
მეორე დიდი ძალა, დიდი საუნჯე – ეს არის ქართული ენა. ენა არის ის საშუალება,
რითაც ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ესაუბრება უფალს, წარმოთქვამს ლოცვებს. ენა
არის უდიდესი ძალა და ჩვენ მუდამ ვიცავდით და კვლავაც დავიცავთ მას. მრავალი
უძველესი ხელნაწერი შექმნილია ქართულ ენაზე, მათმა ნაწილმა ქართულ ენაზე, მათმა
ნაწილმა ჩვენამდეც მოაღწია. დღეს კი ჩვენს შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც
ცდილობენ, ქართულ ენას მეგრული და სვანური დიალექტები ჩამოაშორონ და ისინი
დამოუკიდებელ ენებად გამოაცხადონ. უფრო მეტიც, მათ განზრახული აქვთ, ბიბლია და
ლოცვები მეგრულად და სვანურად თარგმნონ. ეს არის უდიდესი დანაშაული ერის წინაშე! ამ
საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა თვითონ სამეცნიერო წრეებშიც. მეცნიერთა ერთი
ჯგუფი ამბობს, რომ ქართული, მეგრული და სვანური – ქართველური ენებია. ერთხელ ჩემთან
მოსულები იყვნენ ორივე ჯგუფის წარმომადგენლები. მეცნიერთა მეორე ჯგუფი ამტკიცებს,
რომ თავიდანვე განსხვავებული იყო ქართული ენისაგან მეგრულ-სვანური და ასე
პარალელურად ვითარდებოდა. მე ვკითხე მათ: ერთი ხელნაწერი მაინც თუ არსებობს
მეგრულად ან სვანურად დაწერილი? ცხადია, არ არსებობს. მათ სხვა მეცნიერებიც
უმტკიცებენ, რომ არსებობს ერთი ქართული ენა და შემდგომში მისგან წარმოიშვა
განსხვავებული დიალექტები. მე მეცნიერებს შევთავაზე, იქნებ ვთქვათ ასე – ქართული
ენა თავისი განშტოებებით. მსგავსად იმისა, როგორც შტო ამოუვა ხეს, – ასეა ეს
დიალექტებიც, მაგრამ მათი საერთო ძირი და ფუძე არის ქართული ენა. უძველესი დროიდან
არც ერთ მეგრელს ან სვანს თავში აზრად არ მოსვლია, რომ თვისი დიალექტისთვის ცალკე
დამწერლობა შეექმნა, რადგან თავს მუდამ ქართველად მოიაზრებდა და მისი მშობლიური ენა
ქართული იყო. განა დღეს რაიმე შეიცვალა?
ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. ამას
აკეთებს მტერი: ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ჰყოფს. ამიტომ ჩვენ ყველამ კარგად
უნდა გავიაზროთ და სხვებსაც დავუმტკიცოთ, რომ ქართული ენა არის ერთი, მეგრული და
სვანური დიალექტები კი მისგან გამომდინარე განშტოებებია. განსაკუთრებით უნდა
მოვუფრთხილდეთ ჩვენ სიამაყეს – უძველეს და მშვენიერ ქართულ ენას.
უწინ მოგეცით დავალება, დაგეწერათ თემა ქართული ენის შესახებ: „ქებაი და დიდებაი
ქართულისა ენისაი“. მრავალმა თქვენგანმა დაწერა ის, ზოგი ძალიან საინტერესო
აღმოჩნდა, რომლებიც მალე წიგნად გამოვა და თქვენ ნახავთ თქვენს ნაშრომს. იქ, რა
თქმა უნდა, რედაქტირება გაკეთდა და ძალიან საინტერესო და საყურადღებო იქნება
თქვენთვის.
მამული. ღმერთმა მოგვცა ეს მამული, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს ერი არის
წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მამულს.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ გვედავებიან დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიას,
მადლობა უფალს, ჩვენმა პრეზიდენტმა მიაღია იმას, რომ ეს მონასტერი თავისი
ტერიტორიით, საქართველოს საზღვრებში დარჩება. იგია ჩვენი კულტურის უდიდესი ნიმუში.
ეს ყველაფერი ჩვენი საუნჯეა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტაძრები, ჩვენი არქიტექტურა,
ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი ხელნაწერები, ჩვენი გალობა და მრავალი სხვა. ამას უნდა
გავუფრთხილდეთ. თუმცა იქამდეც მივედით, რომ ამბობენ, ქართული გალობა არ არის
კანონიკური და ბერძნულია კანონიკურიო.
არცერთ ჩვენს წინაპარს არ მოსვლია ასეთი მზაკვრული აზრი. იმდენად დაეცა ქართველი
ადამიანი, რომ ასეთი დამოკიდებულება, ზოგიერთ სასულიერო პირსაც გაუჩნდა და ჩვენ
დაგვჭირდა სინოდის დადგენილების გამოტანა, რომ ქართული გალობა დაგვეცვა.
დღეს მსოფლიოსში მიმდინარეობს ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პროცესები.
გლობალიზაცია არის ერთიანი დიდი ძალა, რომელიც მცირე ქვეყნებსი საკუთარ ფასეულობებს
ამკვიდრებს. ამ პროცესში მცირე სახელმწიფოების სულიერი ღირებულებანი კნინდება და
უფასურდება და ის, რასაც წინაპარნი საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ, თითქოსდა, აზრსა
და დანიშნულებას კარგავს, ეს მცდარი და არასწორი შეხედულებაა. ჩვენ არ უნდა
დაგვაბნიოს უცხო ქვეყნებისა და მათი ცივილიზაციების შემოჭრამ. კარგად უნდა
გვახსოვდეს, რომ ჩვენ უმდიდრესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა ვართ.
ნაკლებად თუ შეედრება სხვა ქვეყანა საქართველოს თავისი ისტორიით, დამწერლობით,
უძველესი კულტურით. უდიდესი მადლით დააჯილდოვა უფალმა ჩვენი ქვეყანა, და მოვალენი
ვართ, რომ ეს კულტურა, ეს სულიერი და მატერიალური თუ მეცნიერული საუნჯე
შევინარჩუნოთ და დავიცვათ.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასევე გვმართებს, ვიზრუნოთ განათლებაზე და ხელი
შევუწყოთ მეცნიერების განვითარებას. ჩვენი დიდი მეცნიერები დღესა და ღამეს
ასწორებდნენ იმისათვის, რათა უდიდესი მნიშვნელობის წიგნები შეექმნათ. გავიხსენოთ,
თუნდაც დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორია“. დღემდე ჩვენ არ გვაქვს გამოყენებული ეს
უდიდესი აღმოჩენა. დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორია“ ყველაფერში შეიძლება
გამოვიყენოთ – შრომის ორგანიზებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ოჯახში. მაგრამ,
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამას არ იყენებს. და უფრო მეტიც, ჩვენი ფსიქოლოგები
არ აქცევენ სათანადო ყურადღებას ამ უდიდეს აღმოჩენას. დიმიტრი უზნაძის პიროვნებასა
და მის შრომებზე მე საუბარი მქონდა ჩემი ვიზიტის დროს არაბულ ქვეყნებში. ქუვეითის
ხელისუფლება ამ საკითხით იმდენად დაინტერესდა, რომ დიდი სურვილი გამოთქვეს
„განწყობის თეორია“ არაბულ ენაზე ეთარგმნათ.
ჩვენი წინაპრები აგროვებდნენ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს და ჩვენც უნდა
გავაგრძელოთ ეს მამულიშვილური საქმე.
ღმერთმა მოგვანიჭოს ამისთვის ძალა!
ღმერთმა გვიბოძოს დიდი გონება – გულის გონება! და ღმერთმა მოგვანიჭოს სიბრძნე და
გული გონიერი, რათა სწორად განვსაჯოთ: სად არის ჭეშმარიტება და სად არ უნდა ვეძიოთ
იგი.
ჩვენთან არს ღმერთი!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა!
ქრისტე აღდგა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №16,
2007 წ.