ქადაგება ლაზარეს აღდგინების დღესასწაულზე (31 მარტი, 2007 წელი; ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ლაზარეს აღდგინების დღესასწაულზე
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 31 მარტი, 2007 წელი
„ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც
სიხარულის დროს განცხრომაში არ ჩავარდება და
მწუხარების დროს სასოწარკვეთას არ მიეცემა. ნება ღვთისა იყოს მარად ჩვენში – ჩვენს
გულსა და გონებაში!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. მართლაც, დიდ არს
უფალი და მიუწვდომელია განგება ღვთისა, მიუწვდომელია მისი უზენაესი ნება! რა არის
ნება ღვთისა და რა არის ნება ადამიანისა? ბედნიერია ის ადამიანი, რომლის ნებაც
ემთხვევა უზენაესის განგებას!
დღეს ჩვენ გვექნება საუბარი იმის შესახებ, თუ რა არის მწუხარება და რა არის
სიხარული. აღმოსავლური სიბრძნე ამბობს: „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ
მწუხარებისა. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა“. დღეს ამ წმინდა
ტაძარში ჩვენ შევასრულეთ წირვა და ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს სასიხარულო განცდა –
დღევანდელ დღეს უფალმა აღადგინა 4 დღის მკვდარი ლაზარე და ამასთან, ჩვენ გვაქვს
სიხარული იმისა, რომ დღეს არის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის“ დღესასწაული;
თუმცა სიხარულთან ერთად ჩვენ გვაქვს მწუხარება, რადგან ვგლოვობთ და უკვე წლებია,
რაც ვგლოვობთ ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ბატონ ზვიადს.
სად გადის ადამიანის სიხარულისა და მწუხარების ზღვარი – ამის დადგენა ხშირად
ძალზე რთულია. ერთი მხრივ, მძიმე განსაცდელია საქართველოსთვის პირველი პრეზიდენტის
გარდაცვალება, მაგრამ, ამასთან, მის ნეშტთან გამოთხოვების დღეს, მწუხარებას,
საიხრულიც ახლავს, რადგან წლების მანძილზე უცხოეთში, უცხო მიწა-წყალზე იყო ბატონი
ზვიადის საფლავი და ბოლოს იგი მაინც დაბრუნდა სამშობლოში და ხვალ ჩვენ მას მშობლიურ
მიწას მივაბარებთ. გარდა ამისა, ეს დღე სასიხარულოა კიდევ იმით, რომ დღეს არის
ბატონი ზვიადის დაბადების დღე. აი, ასე გადახლართულია ადამიანის ცხოვრებაში
სიხარული და მწუხარება და ზოგჯერ ისე ძლიერ, რომ რთულია გაარჩიო, სად გადის ზღვარი.
მწუხარებაც და სიხარულიც ჩვენი ცხოვრების მუდმივი მეგზურია. ჩვენ ყველანი, მთელი
ქვეყანა, დღეს მონაწილენი ვართ ამ მწუხარებისა და სიხარულისა. ბედნიერია ის
ადამიანი, რომელიც სიხარულის დროს განცხრომაში არ ჩავარდება და მწუხარების დროს
სასოწარკვეთას არ მიეცემა. ნება ღვთისა იყოს მარად ჩვენში – ჩვენს გულსა და
გონებაში!
თქვენ გახსოვთ, ბიბლიიდან, როდესაც დავით წინასწარმეტყველმა დაასრულა ომები და
გაამთლიანა ქვეყანა, იგი ბრუნდება შინ და დიდებით შედის იერუსალიმში, მთელი ერი
ადიდებს მას. დავით მეფე კი აჩერებს ხალხს, უხმობს მხედართმთავრებს და ეუბნება:
„გადაეცით ყველას, რომ უფალი მეფობს“. ანუ ეს ჩემი მეფობა და ჩემი დიდება ჩემი კი
არაა, უფლისააო; უფალი იდიდება და უფალი მეფობს! ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს ჩვენ, –
ყოველთვის უფალი მეფობს და უფალი განაგებს სიხარულსაც და მწუხარებასაც. მწუხარებას
უფალი იმიტომ უშვებს, რომ მუდამ გვახსოვდეს განგება ღვთისა და არ მოვდუნდეთ
სულიერად. სიხარულს კი იმისათვის გვანიჭებს, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ.
ძალიან ძნელია ადამიანის დამსახურებაზე საუბარი. ყოველ ადამიანს დადებით
თვისებებთან ერთად აქვს თავისი ნაკლიც. ერთმა მორჩილმა ჰკითხა თავის მოძღვარს:
„როგორ მოვიქცე, როცა მაქებენ ან როცა მაძაგებენ?“ მოძღვარმა უთხრა: „აბა, გადი
სასაფლაოზე და ჯერ შეაქე მიცვალებულები და შემდეგ კი გალანძღე, – მერე კი
მოდი და მიამბე რა მოხდება“. მორჩილი ასეც მოიქცა, შემდეგ დაბრუნდა მოძღვართან და
ეუბნება: „ყველაფერი შევასრულე, როგორც მირჩიე, მაგრამ ხმა არავინ გაიღო“. „აი,
შენც ასევე მოიქეცი, როცა გაქებენ – დადუმდი და როცა გაძაგებენ – მაშინაც
დადუმდიო“, – მიუგო მოძღვარმა. ასეთია ადამიანის ცხოვრება, – ხან გვაქებენ, ხან
გვაძაგებენ, მით უმეტეს, თუ კაცს მაღალი თანამდებობა უკავია – ის თითქოს სამიზნე
ხდება – მას ბევრი აქებს და ბევრიც აძაგებს; მაგრამ ყოველივეს ღმერთი განაგებს, მან
ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს. დავით წინასწარმეტყველი განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებდა გულის სიწრფელეს, გულის სიწმინდეს. ამიტომაა მის
ფსალმუნებში: „გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე
გვამსა ჩემსა“. ბიბლიაში წერია: „ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა, ხოლო ღმერთი
ხედავს გულსა კაცისასა“. მთავარი ის არის, რომ ადამიანმა არ ჩაიდოს გულში ბოროტება,
არ იყო ცვალებადი, ადამიანი უნდა იყოს „ცალგული“ და არა ორგული! იგი არასოდეს უნდა
ლაპარაკობდეს ერთს და გულში ჰქონდეს სულ სხვა რამ. ძალიან ძნელია აღასრულოს
ადამიანმა ეს ნება ღვთისა, ძნელია იქონიოს სუფთა გული და ლაპარაკობდეს იმას, რაც
გულში უდევს, მაგრამ თუ არ შეუძლია საუბარი, თუ არ შეუძლია გამოთქვას თავისი
მართალი აზრი სხვადასხვა მიზეზების გამო, – იგი უნდა დადუმდეს და ეს დუმილი იქნება
მისი პასუხი.
ჩვენ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობდით სულისა მიცვალებულისა, მონისა ღვთისა,
საქართველოს პირველი პრეზიდენტისა – ზვიადისათვის. ჩვენ ასევე ვლოცულობდით მისი
მშობლებისათვისდა დის – თამარისათვის. ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და ღმერთმა
ნათელში ამყოფოს მისი სული.
კიდევ ერთხელ გამოვთქვამ დიდ მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახს. რა
თქმა უნდა, ეს მთელი საქართველოს მწუხარებაა, თუმცა ოჯახის მწუხარება მაინც
განსაკუთრებულია. თუმცა ღმერთი მოგცემთ თქვენ ნუგეშს, აგავსებთ იმედით.
დარწმუნებული ვარ, რომ მისი სული ლოცულობს ოჯახისა და მთელი საქართველოსათვის!
ჩვენი წინაპრების ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად
საქართველოს! ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №11,
2007 წ.