საკვირაო ქადაგება (18 თებერვალი, 2007 წელი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 18 თებერვალი, 2007 წელი
„სულიერი საუნჯე დავიუნჯოთ და მით
წარვდგეთ წინაშე ღვთისა!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ხშირად ფიქრობს ადამიანი, თუ რა არის საუნჯე და რომელ საუნჯეს უნდა ეძიებდეს იგი
ცხოვრებაში. ყოველი ადამიანი სხვადასხვაგვარად აფასებს სიმდიდრეს. ზოგი ეძიებს
სულიერ საუნჯეს. ცდილობს, სარწმუნოება განიმტკიცოს, ბევრი სიკეთე აკეთოს, სიყვარული
გამოავლინოს და სასოება ჰქონდეს. ზოგს კი სულ არ ადარდებს სულიერი სიმდიდრის
მოხვეჭა და მატერიალურზე ფიქრობს: სურს, ჰქონდეს ბევრი სახლი, მანქანა, ფული…
მახსენდება ერთი ამბავი. უცხოეთში ასეთი შემთხვევა მოხდა: ძალიან მდიდარ ოჯახში
ქალი განუკურნებელი სენით დაავადდა. იცოდა, რომ მოკვდებოდა და ძლიერ განიცდიდა,
მაგრამ ისე არაფერი ადარდებდა, როგორც ის, თუ ვის დარჩებოდა ოჯახის სიმდიდრე. მას
ჰქონდა უძვირფასესი თვალ-მარგალიტებით შემკული არაჩვეულებრივად ლამაზი კაბა.
სიკვდილის წინ ეს კაბა მოატანინა, შეხედა მას და დიდი მწუხარება დაეუფლა, რადგან
ვერ იმეტებდა სხვისთვის დასატოვებლად. კაბას ხელი მაგრად ჩაავლო და ასე
გარდაიცვალა! მისმა მეუღლემ მაკრატლით შემოაჭრა კაბის ის ნაწილი, რომელიც ეჭირა და
მხოლოდ ის ჩაატანეს კუბოში. აი, რა წაიღო! და სად წაიღო? – მხოლოდ მიწაში! მას
მაინც არაფერი შერჩა. აი, რაზე უნდა ვიფიქროთ და რომელი საუნჯე შევიკრიბოთ ჩვენს
ცხოვრებაში!
სხვადასხვა ხედვა აქვს ადამიანს წარმავალ და მარადიულ საუნჯეზე. მინდა
მოგიყვანოთ მაგალითი იმისა, თუ რა არის ნამდვილი საუნჯე.
სასულიერო სასწავლებელში სწავლისას, ზაგორსკში (ამჟამინდელი სერგიევ პასადი –
რედაქცია) ვცხოვრობდი და ხშირად მოსკოვში ჩავდიოდი. იქ იყო ერთი სამონაზვნე ირინე,
რომელმაც ცხოვრებაში მრავალი განსაცდელი გამოიარა. ბავშვთა სახლში უდედმამოდ
გაიზარდა, შემდეგ კი მონასტერში წავიდა. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდი იყო –
მონასტერი დახურეს, მონაზვნები იქიდან გამოყარეს. განსაცდელი არ ელეოდა. დედა
ირინეს ჰქონდა პატარა ოთახი სარდაფის სართულზე. დადიოდა მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში
და მოსკოვის „ნოვოდევიჩის“ მონასტერში. მისი ოთახი იყო სულ 3×4 მ, მაგრამ თავს
ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევდა. თითქმის ყოველდღე სახლში ვინმე უპატრონო,
უსახლკარო ადამიანი მიჰყავდა და ღამეს თავის ოთახში ათენებინებდა. იქ ჰქონდა ორი
საწოლი და შუაში ედგა პატარა მაგიდა. როდესაც სტუდენტები მოსკოვში ჩავდიოდით, დედა
ირინესთან ვჩერდებოდით. მას ამ პატარა ოთახში ჩვენი ჩასვლა ძალიან უხაროდა. მეტად
მცირე პენსია ჰქონდა და ამ თანხას თითქმის მთლიანად ქველმოქმედებაში ხარჯავდა.
ხშირად ეკლესიიდან ვიღაც უპატრონოს მიიყვანდა და იმ ღამეს სახლიდან რაღაც
ეკარგებოდა. იმ უსახლკაროს მიჰქონდა ხან თეთრეული ან სხვა რამე. სიმდიდრე არაფერი
ჰქონდა, მაგრამ მაინც ჰპარავდნენ ნივთებს. ყოველივე ამის მიუხედავად, ის მაინც
აგრძელებდა ქველმოქმედებას.
მახსოვს, მასთან რომ მივიდოდით, გვეტყოდა: ახლა თქვენ დაღლილები იქნებით, ცოტა
ხანს მოისვენეთ, დაიძინეთ, მე კი სადილს მოვამზადებო. და სწრაფად მოიტანდა
სხვადასხვა საჭმელს და დიდი სიხარულით გვიმასპინძლდებოდა. მაშინ სულ 19 წლის ჭაბუკი
ვიყავი, მაგრამ ის აუცილებლად სახელით და მამის სახელით მომმართავდა – ეს რუსეთში
მიღებულია. თუკი მოსკოვში ჩასვლას ვაყოვნებდით, თვითონ ჩამოდიოდა ჩვენთან და
აკადემიის ეზოში გველოდებოდა, როდის დაგვიმთავრდებოდა ლექციები. ჩამოჰქონდა ხოლმე
ჩვენთვის სურსათი: კარაქი, ყველი, ძეხვი და სხვა. აი, ასეთი საოცარი პიროვნება იყო,
პირდაპირ ანგელოზი!
ქველმოქმედება იყო მისი საუნჯე! ბოლოს, როდესაც მოხუცდა, უფალმა არ დატოვა იგი
უნუგეშოდ და როცა ავად გახდა, მის მეზობლად გამოჩნდა ერთი კეთილი ქალი, რომელიც მას
საკუთარი დედასავით უვლიდა, ყოველდღე 2-3-ჯერ აკითხავდა და მისთვის ცხელი კერძები
მიჰქონდა.
მახსოვს, კედელზე ჩემი ჯერ კიდევ დიაკვნობისას გადაღებული დიდი სურათი ეკიდა.
გავიდა წლები. მე უკვე ეპისკოპოსი ვიყავი და ერთხელ უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემ
II-ს მოსკოვში ვახლდი ვიზიტისას. მაშინ ვთხოვე პატრიარს, თუ შეიძლება, ვინახულებ,
აქ ერთი ქველმოქმედი ქალბატონი მეგულება-მეთქი. მან სიამოვნებით გამიშვა და დედა
ირინეს ვესტუმრე. როცა შევედი, იგი თავის საწილზე იჯდა. მოულოდნელად მითხრა: მე
დღეს თქვენ გელოდებოდითო. რატომ-მეთქი? – გავიკვირვე. ძილში ჩამესმა, ვიღაცამ
მითხრა, დღეს შენთან მეუფე ილია მოვაო. მეც გელოდებოდით და მართლაც მოხვედითო.
მერე დიდ ხანს ვისხედით ერთად და ვსაუბრობდით. გავიხსენეთ ჩემი სტუდენტობის
წლები, რასაც ჩვენთვის აკეთებდა. მან გაიხსენა, ერთხელ ჩემს მშობლებთან რომ
ჩავიყვანე და წმინდა ადგილები მოვალოცინე. მერე რაღაცეები დავუტოვე და წამოვედი.
მაშინ მითხრა, რომ ჩემი მეზობელი ისე მივლის, როგორც საკუთარ დედასო.
მას შემდეგ გავიდა სულ 2 თუ 3 დღე და მომივიდა დეპეშა, რომ იგი გარდაიცვალა. აი,
მან ქველმოქმედების საუნჯე წაიღო იმქვეყნად! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
მინდა ყველას გთხოვოთ, რომ თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ სამონაზვნე ირინე.
ალბათ, ყველას გამოგიცდიათ თქვენს ცხოვრებაში, მიდიხართ და გზაში გხვდებათ
მათხოვარი, შეიძლება ზოგჯერ ცოტა ნასვამიც. თქვენში იწყება შინაგანი ბრძოლა: ერთი
ხმა გეუბნება – დაეხმარე, ხოლო მეორე კი გეუბნება – ნასვამია და რატომ უნდა
დაეხმარო, მაინც დალევს. მაგრამ შენ დაეხმარები თუ არა, ის ხომ მაინც დალევს. და
შენ უნდა შეგრჩეს მადლი. საბოლოოდ მაინც იმარჯვებს ის ხმა, რომელიც გეუბნება –
დაეხმარე. ზოგჯერ ხდება, რომ ჩაუვლი ასეთ გაჭირვებულ ადამიანს გვერდით და მერე უკან
ბრუნდები და მოწყალებას აძლევ. აი, ასე ხდება სულიერი საუნჯის შეკრება!
საუნჯის შესახებ, სწორედ დღევანდელ სახარებაში იყო ნათქვამი უფლის სიტყვები:
„სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არის გული შენი“. ბედნიერია ადამიანი, რომელიც ეძიებს
სულიერ საუნჯეს და ყოველდღე სიკეთეს სთესავს! ღმერთმა მოგცეთ ასეთი სული, ასეთი
გონება, მოგცეთ გული გონიერი, სიბრძნე და ხედვა სულიერი, რათა ხვდებოდეთ, ვინ არის
გაჭირვებული და ვინ საჭიროებს დახმარებას. სულიერი საუნჯე დავიუნჯოთ და მით
წარვდგეთ წინაშე ღვთისა!
მეტად სასიხარულოა ჩვენთვის, რომ დღეს ჩვენი მორწმუნენი ჩამობრძანდნენ წალკის
რაიონიდან. წალკაში დიდ მოღვაწეობას ეწევა მღვდელ-მონაზონი მოსე, რომელიც დღეს
ჩვენს გვერდით ბრძანდება. ასევე მივესალმები ბატონ მიხეილ ცქიტიშვილს, რომელიც არის
ამ რაიონის გამგებელი და დიდი ქომაგი და კეთილისმყოფელი წალკის მოსახლეობისთვის.
გულითადად მივესალმები ყველას, ვინც აქ მოვიდა წალკის რაიონის სოფლებიდან. მინდა
გითხრათ, რომ წალკაში მოღვაწეობდა დიდხანს მამა დიმიტრი (ტელიანიდისი), რომელსაც
სქემაში ეწოდა საბა. მამა საბაც დღეს ასევე იყო ჩვენი თანამწირველი. მე მას ჯერ
კიდევ აფხაზეთიდან, სოხუმიდან ვიცნობ. მან ძალიან დიდი განსაცდელები გამოიარა,
სხვებთან ერთად იყო გადასახლებული შუა აზიაში.
მინდა გითხრათ, რომ წალკის მოსახლეობა ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი რწმენით. ეს
თვალში საცემი იყო ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში. წალკის რაიონის თითქმის ყველა
სოფელში არის ეკლესია და უფრო მეტიც, ზოგს საკუთარ ეზოებშიც კი აქვს აშენებული
ტაძრები!
მინდა მივმართო წალკელებს, ჩვენ მოხარული ვართ თქვენთან შეხვედრით, ღმერთმა
დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ღმერთმა მოგცეთ სიკეთე, სიბრძნე, დიდი რწმენა და დიდი
სიყვარული. მინდა აღვნიშნო მამა მოსეს დიდი დამსახურება ეკლესიის წინაშე; ჩვენ
ვითვალისწინებთ მის შრომას, მის თავდადებულ მოღვაწეობას და დღეს იგი დაჯილდოვდა
ოქროს ჯვრით და აყვანილია იღუმენის ხარისხიში.
ღმერთმა დალოცოს იღუმენი მოსე და უფრო მეტი გააკეთებინოს ამ რაიონში და მთელ
საქართველოში! მინდა ასევე დავლოცო ბატონი მიხეილი, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს
და საჩუქრად გადავცე წმინდა გიორგის ხატი, რომელიც პირადად მისი და მთელი რაიონის
მფარველი იქნება!
ღვთის ნებით, ღვთის ძალით, ღვთის მადლით, ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე მიგვიყვანს
სასუფეველში, ამინ!
დალოცვილი და გახარებული ყოფილიყავით და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ
თქვენ და სრულიად საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №6,
2007 წ.