ქადაგება წმიდა ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს (6 დეკემბერი, 2006 წ.; წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება წმიდა ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს
წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, 6 დეკემბერი, 2006 წ.
„ისეთი სიხარულით აღვივსე, რომ
მსოფლიო ეტეოდა ჩემს გულში და სიონიდან გამოსვლა აღარ მინდოდა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს წმინდა თავად
ალექსანდრე ნეველისა და ჩვენი დიდი მოწამის, გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეს.
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ ეს ორი წმინდანი დღეს
განსაკუთრებით მფარველობს საქართველოს. დღეს ძალიან გვჭირდება მათი ლოცვა-კურთხევა,
იმიტომ რომ მრავალი მძიმე პრობლემა დგას ჩვენ წინაშე და საჭიროა ზეციური
საქართველოს და წმიდანების დახმარება.
ეს წმინდა ტაძარი განსაკუთრებულია ჩვენთვის და პირადად ჩემთვის. როდესაც
სასულიერო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, ამ წმინდა ტაძარში მოხდა ჩემი ბერად აღკვეცა,
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ
III-ის ლოცვა-კურთხევით. მახსენდება ის დღე, როგორც მოსკოვის სასულიერო აკადემიის
სტუდენტს, მე უკვე მქონდა რუსეთის პატრიარქის ალექსი I-ის ლოცვა-კურთხევა და
თბილისში რომ ჩამოვედი, უწმინდესსა და უნეტარესს მელქისდეკ III-ს ვეახელი. მან
დაურეკა მეუფე ზინობს და მას დაავალა ჩემი აღკვეცა. მაშინ II კურსის სტუდენტი
ვიყავი. მახსენდება, რომ ჩემი აღკვეცის დროს ტაძარში ქართველი თითქმის არავინ იყო,
რუსი მონაზვნები ბრძანდებოდნენ. იქ ერთი მონაზონი გახლდათ, თეოფანია, რომელმაც
გადამაფარა თავისი მანტია და ასე მომიყვანეს ამბიონთან. ეს იყო ძალიან მძიმე დრო
ეკლესიისთვის. მოგეხსენებათ, რა ვითარება იყო ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში და
შინაგანმა ბრძოლამაც არ დააყოვნა. მე ვიყავი სულ 24 წილს ახალგაზრდა. ქართველთაგან
არავინ იყო იმ პერიოდში ბერად აღკვეცილი და, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე
იყო. ჩემი აღკვეცა მოხდა აღგომის წინ, ვნების შვიდეულის სამშაბათს, ხუთშაბათს კი
უკვე უნდა მომხდარიყო ჩემი დიაკვნად კურთხევა სიონის საპატრიარქო ტაძარში.
მახსოვს, როდესაც აღკვეცის შემდეგ მეუფე ზინობმა უწმინდეს მელქისედეკთან
მიმიყვანა, უკვე შემოსილი, პატრიარქი სიხარულს ვერ მალავდა, ასე მითხრა: „შენისთანა
ათი რომ მყავდეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდაო“. წარმოიდგინეთ, მისი
ოცნება იყო, რომ ათი ახალგაზრდა ბერი ყოფილიყო საქართველოში! და ახლა ათი კი არა,
ღვთის წყალობით, მარავალი ასეული გვყავს და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მოიღო წყალობა
საქართველოზე.
მახსენდება მეუფე ზინობის დიდი მოწყალება. როდესაც სტუდენტი ვიყავი, იქ
დახმარებას გვიგზავნიდა. ამანათები მოგვდიოდა მისგან, ძირითადად, გამხმარი ჩირი.
როცა ჩამოვდიოდით ხოლმე, ფულს გვჩუქნიდა. ასე რომ, მეუფე ზინობი, როგორც ნამდვილი
მამა, ისე გვექცეოდა.
აღკვეცის შემდეგ მეგონა, რომ ღამე აქ, ტაძარში დამტოვებდნენ. მეუფე ზინობმა კი
თავის სენაკში შემიყვანა, სკუფია მაჩუქა და მითხრა: „ახლა სახლში უნდა წახვიდე,
ნათესავებთანო“. აქ არ იყო მიღებული წესად, რომ ეკლესიაში დავეტოვებინე. მე
თბილისში ბინა არ მქონდა და ნათესავებთან ვცხოვრობდი. ჩემი ნათესავი მორწმუნე იყო,
მაგრამ ნაკლებად ეკლესიური. შინიდან ერის ტანსაცმელში გავედი და შემოსილი
დავბრუნდი. ნათესავს გაუკვირდა: ეს რა ჩაგიცვამსო. მას არ ესმოდა, რა მოხდა.
არაფრის ახსნის თავი არ მქონდა. ცუდად ვიყავი. მხოლოდ ის ვუთხარი: კარგად ვერ ვარ
და ლოგინი დამიგე-მეთქი. რაღაც საშინელი ბრძოლები იყო ჩემს გულში და ჩემ გარშემო.
რა თქმა უნდა, ეშმაკს არ სიამოვნებდა, რომ ახალგაზრდა ბერი შეემატა საქართველოს.
მაგრამ დადგა ხუთშაბათი, ფეხთა ბავის დღე და უწმინდესმა და უნეტარესმა
მელქისედეკ III-მ ხელი დამასხა დიაკვნად. საოცრება მოხდა. ეს იყო ნამდვილი
სასწაული. თითქოს ფრთები გამომესხა, ისეთი სიხარულით აღვივსე, რომ მსოფლიო ეტეოდა
ჩემს გულში და სიონიდან გამოსვლა აღარ მინდოდა! მახსოვს, მთელი სამღვდელოება წავიდა
და მე კიდევ რაღაც საქმეს ვაკეთებდი საკურთხეველში, ვწმენდდი, რაღაცას ვამზადებდი.
ბოლოს უკვე მივედი წმინდა ნინოს ჯვართან, მოვიხადე ბერის თავსაბურავი, უნდა
ვმთხვეოდი ჯვარს და შემთხვევით გამოვედე კანდელს და მთელი კანდელი თავზე
გადმომესხა. ერთი მხრივ, ძალიან გამიხარდა, – იქ დამლაგებლები იყვნენ და ასე
მითხრეს, ეს მადლი გადმოვიდა შენზეო, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან შევწუხდი, იმიტომ
რომ ამ ტანსაცმლით აკადემიაში უნდა წავსულიყავი და სხვა შესამოსელი არ მქონდა. შინ
მივედი, შესამოსელი კარგად გავწმინდე და იმ ანაფორით დავამთავრე სასულიერო აკადემია
და მინდა გითხრათ, რომ სულ არ ეტყობოდა შესამოსელს იმ ზეთის კვალი – ასეთი სასწაული
მოხდა.
ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რო აღვნიშნო, თუ რამდენად ახლობელია ეს ტაძარი
ჩვენთვის, ქართველებისთვისაც.
ამ წმინდა ტაძარში მოღვაწეობდნენ: მეუფე ზინობი, მამა ვიტალი, მამა მიქაელ
დიდენკო, რომელსაც შემდეგ მაქსიმე ეწოდა, მამა მოდესტი, აქ ჩამოდიოდნენ მამა
სერაფიმე, მამა ანდრონიკე. ისინი, ყველანი, გლინის მონასტრიდან იყვნენ. გლინის
მონასტერი დახურეს და იქ მოღვაწე ბერები განდევნეს. მათ თავშესაფარი საქართველოში,
თბილისში, ამ წმინდა ტაძარში ჰპოვეს. მათ განსაკუთრებულ მფარველობას უწევდნენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი, უწმინდესნი და უნეტარესნი – კალისტრატე,
მელქისედეკი, ეფრემი, დავითი. მქონდა ბედნიერება, გამეცნო ისინი. ჯერ სულ
ახალგაზრდა ვიყავი, შეიძლება ითქვას, ბავშვი, როდესაც ვაკვირდებოდი მათ. ვხედავდი
მათ დიდ რწმენას, თავმდაბლობას. და მერე ჩვენს ბერებს გავზავნიდი მამა ვიტალისთან,
რათა მისგან ესწავლათ თავმდაბლობა. აი, ასე სულიერად ზრდიდა ქართველ ბერებს ეს
წმინდა ტაძარი.
დღეს ასევე არის ხსენება წმიდა გრიგოლ ფერაძისა გრიგოლ ფერაძე იყო არქიმანდრიტი
და იგი იყო პროფესორი ვარშავის უნივერსიტეტისა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი
დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს, სადაც წამებით მოკლეს. ამ
დღებში ვარშავის უნივერსიტეტი საზეიმოდ აღნიშნავს მის ხსენებას და საქართველოდან
ვარშავაში გაემგზავრა დელეგაცია, წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსენებისადმი მიძღვნილ
საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
შეგეწიოთ წმინდა ალექსანდრე ნეველისა და წმინდა გრიგოლ ფერაძის ლოცვა თქვენ და
სრულიად საქართველოს!
სამწუხაროდ, დღეს ძალიან გართულდა ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის.
ვფიქრობ, რომ ის, ვინც ართულებს ამ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, ის არის მტერი
რუსეთისაც და საქართველოსიც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ
მშვიდობიანი ურთიერთობა იყოს ამ ორ ერთმორწმუნე, მართლმადიდებელ ერს შორის. ღვთის
მადლით, ეს ასეც იქნება. ინებოს ღმერთმა!
Всех вас поздравляю, братья и сестры, с праздником святого Александра
Невского. Молитвами его Господь да умирит отношения между Россией и Грузией.
Молитвами святого Александра Невского и священномученика Григория Перадзе,
который был замучен в концентрационном лагере во время Второй Мировой Войны, –
Господь умирит наши сердца, смирит нашу гордыню, чтобы наши православные народы
жили в мире, в благополучии и в братском, дружеском взаимоотношений. И это, с
Божией помощью, свершится.
Сегодня большой праздник и поэтому я хочу отметить заслуги некоторых наших
священнослужителей. связи с этим, настоятель храма им. св. Александра Невского,
отец Георгий Бубличенко, сегодня награжается правом ношения второго креста. Я
надеюсь, что отец Георгий усилит свои труды и будет также подвязаться, как
подвязались отец Виталий, отец Модест, отец Серафим и другие отцы.
Сегодня правом ношения митры награждается отец Теймураз.
С Божиим благословением, сегодня мы приняли решение и в воскресение будем
рукополагать во священника дъякона Георгия.
Всех вас поздравляю с праздником. Призываю на вас Божие благословение.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №47,
2006 წ.