საკვირაო ქადაგება (26 ნოემბერი, 2006 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 26 ნოემბერი, 2006 წელი
„წმინდა იოანე ოქროპირის უკანასკნელი სიტყვები იყო:
„დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი!
არიან ადამიანები, რომელთაც უფალი აკისრებს განსაკუთრებულ ღვაწლსა და
პასუხისმგებლობას. ბიბლიაში წერია: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. უფალი
აღამაღლებს, უფალი ირჩევს, უფალი წინასწარ ჭვრეტს ადამიანის მოქმედებას, მის
შინაგან სამყაროს, მის რწმენას, სიყვარულს, სასოებას და ამის მიხედვით გამოარჩევს
და აღამაღლებს ადამიანს. აი, ასეთი რჩეული და ამაღლებული ბრძანდება
კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი, წმიდა იოანე ოქროპირი, რომლის ხსენებასაც დღეს
აღვნიშნავთ. ეს განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან წმინდა იოანე ოქროპირი
განსაკუთრებული წმიდანია ჩვენთვის – მან თავისი სიცოცხლე დაასრულა საქართველოში –
აფხაზეთში, კომანში, სადაც ეწამა წმინდა მოწამე ვასილისკო.
ვინ იყო წმიდა იოანე ოქროპირი? იგი დაიბადა IV საუკუნის I ნახევარში და 404
წელს, თუმცა ზოგიერთი ცნობით კი – 407 წელს გარდაიცვალა. მისი მშობლები, სეკუნდი და
ანთუსა, ცნობილი ადამიანები იყვნენ. მათ ერთადერთი შვილი ჰყავდათ – იოანე. იოანე
ოქროპირს მამა ძალიან ადრე გარდაეცვალა, დედამისი 20 წლის ქვრივი დარჩა და აღარც
გათხოვილა, ოჯახიდან იყო და მამა მხედართმთავარი ჰყავდა, ანთუსას მაინც აღარ
უფიქრია მეორე ოჯახის შექმნა და მთელი თავისი სიცოცხლე თავისი შვილის აღზრდას
მიუძღვნა. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იოანე ოქროპირს კარგი განათლება
მიეღო. წმინდანმა შეისწავლა ანტიკური ფილოსოფია; შემდეგ დაეწაფა საღმრთო წერილს,
მოიძია წმინდა მამები და მათგან ღვთისმეტყველება.
მართალია, იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, მაგრამ იმდენად გამორჩეული და
ნიჭიერი იყო, რომ მისი სახელი მთელ იმპერიაში იცოდნენ. იოანე ოქროპირს
განსაკუთრებულ მფარველობას უწევდა ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი და თავის შვილობილად
მიიჩნევდა. იოანე ოქროპირი სწავლობდა გამოჩენილ ადამინებთან და მათ შორის იყო
იულიანე განდგომილი. ის იულიანე, რომელმაც ქრისტიანობა უარჰყო და წარმართობის
სიბნელეში დაბრუნება მოინდომა. საოცარია, რომ იოანე ოქროპირს და იულიანე განდგომილს
ერთი და იგივე მასწავლებლები ჰყავდათ. წმინდა მამები აღწევდნენ დიდ სულიერ
სიმაღლეს, მაგრამ, ამავე დროს, იყვნენ ისეთებიც, ვინც უარჰყოფდა სულიერებას.
ერთერთი მათგანი იყო იულიანე განდგომილიც. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ
არჩევანი ადამიანის სულზე, მის შინაგან სამყაროზეა დამოკიდებული.
იულიანე განდგომილი გახდა ბიზანტიის იმპერატორი. მას დიდხანს არ უცოცხლია;
ერთ-ერთი ბრძოლის დროს მოკლეს და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენ დამამარცხე,
გალილეველო!“
ასეთ ვითარებაში აღიზარდა და მომწიფდა წმინდა იოანე ოქროპირი. სწავლა-განათლების
დასრულების შემდეგ, ჯერ ბერ-დიაკვნად, შემდეგ მღვდლად აკურთხეს. მისი ბრწყინვალე
ქადაგება მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი. იმ დროს, ეს დიდი საოცრება იყო. იოანე
ოქროპირის სახელი ცნობილი გახდა კონსტანტინეპოლშიც. მალე იგი მღვდელმთავრად
აკურთხეს. იგი ყველანაირად ცდილობდა, განრიდებოდა ამ პატივს. თავის მეგობარ
ბასილთან ერთად თავს უღირსად მიიჩნევდა და ამიტომ ორივე უდაბნოში გავიდა და იქ
მოღვაწეობდნენ, თან იმალებოდნენ. მაგრამ იქაც მიაგნეს მათ და ორივე ეპისკოპოსებად
აკურთხეს.
შემდეგ იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლში მიიწვიეს. თქვენ იცით, კონსტანტინეპოლი
ბიზანტიის დედაქალაქი იყო. იმპერიის დედაქალაქი იმპერატორმა კოსტანტინე დიდმა
რომიდან სოფელ ბიზანტიაში გადმოიტანა. ეს იყო საოცარი სოფელი, აქედან მომდინარეობს
სახელწოდება – ბიზანტიის იმპერია. დედაქალაქს უწოდეს კონსტანტინეპოლი, ე.ი.
კონსტანტინეს ქალაქი. მაგრამ კეთილი და ბოროტი მუდამ ებრძვის ერთმანეთს. იოანე
ოქროპირი ხედავდა, რომ სამეფო სახლში ყველაფერი წესრიგში არ იყო. მან ამხილა
დედოფალი ევდოქსია. დედოფალმა და მეფემ არ აპატიეს ეს და ტახტიდან გადააყენეს. იმ
დღეს მოხდა საშინელი მიწისძვრა. ისინი მიხვდნენ, რომ ეს იოანე ოქროპირის
გაძევებასთან იყო დაკავშირებული, შეშინდნენ და უკანვე დააბრუნეს. მაგრამ არ
მოისვენა სამეფო ოჯახმა. მოიწვიეს საგანგებო კრება და ისეთი ეპისკოპოსები შეკრიბეს,
რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ იოანე ოქროპირის მოღვაწეობით, რადგან წმინდანი მათაც
ამხელდა. კრებამ იოანე ოქროპირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მაგრამ იმპერატორმა
იგი გადასახლებით შეცვალა.
თავდაპირველად იოანე ოქროპირი სომხეთში, სოფელ კუკუზში გადაასახლეს. ეს მიუვალი
ადგილი იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც მიდიოდა მასთან და
რჩევადარიგებას სთხოვდა. ამის შემდეგ იოანე ოქროპირი საქართველოში გადმოასახლეს.
უკვე დაავადებული და დაუძლურებული მღვდელმთავარი საქართველოში ფეხით ჩამოიყვანეს და
სოფელ კომანში დაასახლეს. აქ უკანასკნელად ეზიარა. მას გამოეცხადა წმინდა მოწამე
ვასილისკო და უთხრა: ძმაო, იოანე, დღეს ჩემთან იქნებიო. მართლაც, იოანე ოქროპირი
გარდაიცვალა და იქვე დაასაფლავეს. იოანე ოქროპირის უკანასკნელი სიტყვები იყო:
„დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!“ იგი ჩაასვენეს სარკოფაგში და ტაძრის აღმოსავლეთ
მხარეს დაკრძალეს. ის სარკოფაგი დღესაც ინახება აფხაზეთში. იმ დროს, როდესაც მე
აფხაზეთის მღვდელმთავარი ვიყავი, კომანის მონასტერი მაშინ, რა თქმა უნდა, მოქმედი
არ იყო; ჩვენ გვეშინოდა, არ დაკარგულიყო ეს სარკოფაგი და ამიტომ იგი სოხუმის
საკათედრო ტაძარში გადმოვაბრძანეთ და იქ ვლოცულობდით ამ სარკოფაგის წინაშე…
გავიდა 31 წელი, მეფე და დედოფალი დაიხოცნენ და სამეფო ტახტზე მათი შვილი ავიდა.
კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა უთხრა ახალ იმპერატორს: იქნებ ახლა მაინც
გადმოვასვენოთ იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლში, თავის კათედრაზეო. მართლაც,
იმპერატორმა გამოაგზავნა დელეგაცია, რათა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები
გადაესვენებინათ. რა თქმა უნდა, სარკოფაგს ვერ წაიღებდნენ, ის ქვის არის და ძალიან
მძიმეა. მაგრამ მოხდა სასწაული, სარკოფაგიდან მის წმინდა ნაწილებს ძვრა ვერ უყვეს.
წმინდა იოანე ოქროპირის გვამი სრულიად უხრწნელი იყო.
დელეგაცია უკან გაბრუნდა. იმპერატორს და მთავარეპისკოპოსს ყოველივე მოახსენეს.
მთავარეპისკოპოსმა იმპერატორს უთხრა, იოანე ოქროპირი ნაწყენია ჩვენზე, შენს
მშობლებზე და არ უნდა დაბრუნება. ამიტომ მონანიების ბარათი უნდა გაუგზავნოო.
იმპერატორმა მართლაც დაწერა მონანიების ბარათი თავისი სახელითა და მშობლების
სახელითაც ისე, თითქოს ცოცხალ ადამიანს სწერდა, ხელი მოაწერა და საიმპერატორო
ბეჭედი დაარტყა. ეს წერილი იოანე ოქროპირს ხელში ჩაუდეს და მხოლოდ ამის შემდეგ
შეძლეს მისი თავისუფლად ამოსვენება სარკოფაგიდან და კონსტანტინეპოლში წასვენება.

აი, ასეთი დიდი მამის, დიდი მღვდელმთავრის ხსენებაა დღეს. სამი დიდი მღვდელმთავარია
– ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი.
წმინდა იოანე ოქროპირის
ლოცვა-კურთხევა შეეწიოს სრულიად საქართველოს! მისი ლოცვაკურთხევით ღმერთმა
დაგვიბრუნოს აფხაზეთი! ღმერთმა მოგვცეს საშუალება, რომ კვლავ მივიდეთ იმ წმინდა
ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო წმინდა იოანე ოქროპირი, რათა ვემთხვიოთ მის
სარკოფაგს, მის წმინდა ადგილს და აღვავლინოთ იქ ლოცვა საქართველოსთვის. ეს არის
ჩვენი ვედრება და ღმერთი აუცილებლად შეგვისრულებს ამ ლოცვას.
ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №44(397),
2006 წ.