ქადაგება სულიწმინდის დღესასწაულზე (12 ივნისი, 2006 წ.; ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი ვაკეში)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება სულიწმინდის დღესასწაულზე
ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი ვაკეში, 12 ივნისი, 2006 წ.
„უფალმა შეიყვარა საქართველო და
იგი არ გაწირავს ჩვენს ქვეყანას“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დიდება და მადლობა უფალს, რომ კიდევ ერთხელ მოვესწარით ამ დიდებულ ზეიმს. გუშინ
იყო სულიწმინდის მოფენის დღე მოციქულებზე და ამ დღეს ეწოდება ყოვლადწმიდა სამების
დღესასწაული, ხოლო დღეს არის უშუალოდ სულიწმიდის დღესასწაული; სულო წმიდაო, „სულო
ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა“, –
ვკითხულობთ საგალობელში.
ადამიანს უნდა ესმოდეს, თუ რა ძალაა სულიწმიდის მადლი. მახსენდება ჩემი
სტუდენტობის პერიოდი. ჩვენი რექტორი გვასწავლიდა, რომ როცა ღვთისმსახურების დღოს
დიაკონი წარმოთქვამს: „შეგვეწიე, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ,
ღმერთო, მადლითა შენითა“, აუცილებლად ყურადღებით უნდა ისმენდეთ ამ სიტყვებს და
პირჯვარი უნდა გამოისახოთო, რადგან ამ დროს მადლი სულისა წმიდისა გარდამოდის
ადამიანებზეო.
„სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“, – შევთხოვთ ჩვენ უფალს
ფსალმუნში. სულიწმინდა არის გამომავალი მამისაგან, სულიწმინდა არის ცხოველსმყოფელი,
სულიწმინდა ქმნიდა ამ ქვეყნასა ხილულსა და უხილავს. აი, ამიტომ ამბობს უფალი, რომ
„გმობა ღვთის ძისა მიეტევება კაცს, ხოლო გმობა სულისა წმიდისა არავის მიეტევება“.
სულიწმინდა არის მხოლოდ სიყვარულის, სიხარულის მომტანი, სულიწმინდა არ სჯის,
სულიწმინდას მოაქვს მხოლოდ სიყვარული და სიხარული.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ აქ, ღვთის მადლით, აშენდა წმინდა სამების ტაძარი,
ასევე აშენდა დიდებული საპატრიარქო ტაძარი წმინდა სამებისა და აი, ეს ყველაფერი
მეტყველებს იმაზე, რომ სულიწმინდა და ყოვლადწმინდა სამება ჩვენთანაა. მართალია,
ჩვენ ღირსნი არ ვართ ამისა, მაგრამ სულიწმინდა და ყოვლადწმინდა სამება ოდითგანვე
წყალობდა და წყალობს საქართვეოს. არ ვიცი, რით დავიმსახურეთ, რით დაიმსახურა
საქართველომ ეს დიდი მადლი, მაგრამ უფალმა შეიყვარა საქართველო და იგი არ გაწირავს
ჩვენს ქვეყანას.
ყოველი ადამიანი უნდა იყოს ტაძარი სულისა წმიდისა. ადამიანის გული, ადამიანის
სულიერი სამყარო არასდროს რჩება ცარიელი. ის უნდა იყოს ტაძარი სიკეთისა და სულისა
წმიდისა, ან უნდა იყოს ტაძარი ბოროტებისა. აი, ამიტომ, შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი
გული, ჩვენი გონება, ჩვენი სხეული და ჩვენი სულიერი სამყარო მუდამ იყოს ტაძარი
სულისა წმიდისა. სულიწმინდა იყოს მფარველი ჩვენი, სულმა წმინდამ დალოცოს,
გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №24,
2006 წ.