ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე (22 მაისი, 2006 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 22 მაისი, 2006 წ.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღსდგა!
ჩვენთან არს ღმერთი!
არის დღეები, როცა განსაკუთრებული წმიდანების ხსენება ერთმანეთს ემთხვევა. ასეა
დღესაც. დღეს არის სამი დიდი წმიდანის – ისაია წინასწარმეტყველის, წმიდა ნიკოლოზისა
და ღირსისა მამისა ჩვენისა შიო მღვიმელის ხსენება და მაშასადამე, დღეს არის ანგელოზის
დღე ჩვენი მღვდელმთავრების – მეუფე ისაიასი, მეუფე ნიკოლოზისა და მეუფე შიოსი. ჩვენ
გულითადად ვულოცავთ მათ.

წმიდა ნიკოლოზი წმიდათა შორის განსაკუთრებულია. იგი, როგორც თქვენ იცით, ბრძანდება
მფარველი ჩვენი ეკლესიისა და ერისა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ვიცით, ის
მოღვაწეობდა IV საუკუნეში. შეიძლება ითქვას, რომ მთელი მისი ცხოვრება იყო
სასწაულებრივი და მომზადება იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელიც მომავალში, მისი
მღვდელმთავრობის დროს, გამოვლინდა. მისი მირონ-ლუკირს მთავარეპიკოპოსად არჩევაც
სასწაულებრივად მოხდა. ჭეშმარიტად, აღამაღლა უფალმა რჩეულო ერისაგან თვისისა
და წმიდა ნიკოლოზი გახდა მთელი მსოფლიოს და ყოველი ადამიანის მფარველი და შემწე.
წმიდა ნიკოლოზს უწოდებენ მსწრაფლშემწეს, ანუ სწრაფად დამხმარეს. ვინც მას თხოვნით მიმართავს, მუდამ ღებულობს შემწეობას.

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, თუ რით დაიმსახურა წმიდა ნიკოლოზმა ღვთის ასეთი დიდი
წყალობა. უპირველეს ყოვლისა, ის იყო „კანონი სარწმუნოებისა და ხატი სიმშვიდისა“, ის
იყო უდიდესი ქველმოქმედი და ქველმოქმედება მისი იყო იდუმალი, ყველასაგან დაფარული.
არავინ იცოდა, თუ ვის და როდის ეხმარებოდა. განსაკუთრებით ბევრს წმიდა ნიკოლოზი
მოღვაწეობდა იმ დროს, როცა ყველას ეძინა,
– ღამე გასცემდა მოწყალებას, რათა არავის მოეკრა თვალი მისი ქველმოქმედებისთვის.
წმიდა ნიკოლოზმა ეს მადლი დაიმსახურა თავისი დიდი სიმდაბლით, მოწყალებით.

დღეს, როცა ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ
ჩვენი ცხოვრების გზა. ვიცით, რომ ჩვენი წინაპრები დიდი სარწმუნოებრივი მოღვაწეობით
გამოირჩეოდნენ. უფრო მეტს მარხულობდნენ, გაცილებით მეტს მოღვაწეობდნენ. მრავალი
მოღვაწე ლოგინში არც წვებოდა, – მთელი ღამე ფხიზლობდა და ლოცვად იდგა. ბევრს
სენაკში ჰქონდა თოკი ჩამობმული, ხელს მოჰკიდებდა და აი, ასე იყო დაკიდებული მთელი
ღამე, თან ლოცულობდა.

ასეთი მოღვაწენი ჩვენს დროშიც არიან, მაგრამ უკვე ნაკლებად. მაგალითად, XX საუკუნეში
იყო მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე, რომელიც არასდროს წვებოდა. აი, ასეთი სასჯელი
გამოუტანა მან საკუთარ თავს. ღამით იგი სავარძელში ან სკამზე ჯდებოდა და მთელი
ღამის განმავლობაში ლოცულობდა.

ასეთი მოღვაწეობა თანამედროვე ადამიანთაგან, იშვიათად თუ ვინმეს შეუძლია. ამიტომ
მადლის მისაღებად გვაქვს ერთადერთი გზა, – ეს არის თავმდაბლობა და მოწყალება.
თავმდაბლობა ეძლევა ადამიანს, რომელიც განიცდის საკუთარ ცოდვებს. შევევედროთ უფალს
წმიდა ეფრემ ასურის სიტყვებით: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და
არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. მოწყალება, ქველმოქმედება – აუცილებლად უნდა
ახასიათებდეს ყოველ ქრისტიანს. აი, ალბათ, ეს გზაა თანამედროვე ადამიანისათვის
ცხონების საშუალება. და წმიდა ნიკოლოზი, რომელმაც სწორედ სიმდაბლითა და მოწყალებით
მოიხვეჭა ღვთის დიდი მადლი, – ამის შესანიშნავი მაგალითია.

დღეს დიდი ზეიმია ბარში, სადაც დასვენებულია წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილები!

თუნდაც ღირსი მამის შიოს ცხოვრება გავიხსენოთ. როგორი სასწაულებრივია იგი. თქვენ
იცით, რომ მამა შიომ ამოთხარა მღვიმე და მასში მოღვაწეობდა. თანამედროვე ადამიანი
ამას ვერ შეძლებს.

შევთხოვთ წმიდა ისაია წინასწარმეტყველს, წმიდა ნიკოლოზს და ღირს მამა შიოს, რომ
მათი მეოხებით, ღმერთმა მოგცეთ თქვენ და მთელ საქართველოს – მადლი სულისა წმიდისა,
რომ ყოველი ჩვენთაგანის სახელი იყოს ჩაწერილი წიგნსა მას ცხოვრებისასა.

მათი ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტე აღსდგა!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20,
2006 წ.