ქადაგება წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს (12 მაისი, 2006 წ.; ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 12 მაისი, 2006 წ.
„შევთხოვთ უფალს, არ მოგვიშალოს
მისაბაძი ადამიანები!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღსდგა!
ყველაფერი ღვთის განგებით ხდება, ყველაფერი ღვთის ნებას ემორჩილება და ადამიანი
მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ მიიღოს ღვთის წყალობა, ადამიანი მზად უნდა იყოს
იმისათვის, რომ ღვთის მადლი შევიდეს მის გულსა და მის გონებაში.

ასეთი დიდი წყალობა იყო და არის წმიდა ანდრია პირველწოდებულის მოვლინება
საქართველოში. უფალი წინასწარმეტყველს ეუბნება: შენ ჯერ ჩასახულიც არ იყავი დედის
მუცელში, როცა გიცნობდიო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერ საქართველო არ არსებობდა, როცა
ყველაფერი უკვე განკუთვნილი იყო მისთვის, როცა გადაწყვეტილი იყო, რომ საქართველო
იქნებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი; გადაწყვეტილი იყო, რომ საქართველოში
ჩამოიტანდნენ წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხალენს; რომ ღვთის ნებით, საქართველო
ღირსი გახდებოდა კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს ყველაფერი გადაწყვეტილი
იყო ყოვლადწმიდა სამების მიერ! და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის!

წმიდა ანდრია პირველწოდებული განსაკუთრებული მოციქულია; მოციქული, რომელსაც ეწოდება
„პირველწოდებული“, რადგან პირველად მას მოუხმო უფალმა. ეს ადამიანი იყო მესათხევლე,
მეთევზე და ამით ირჩენდა თავს და თავის ოჯახს. და აი, ეს უბრალო მესათხევლე ხდება მადლმოსილი მოციქული – ანდრია
პირველწოდებული, რომელიც, ღვთის განგებით, მოდის საქართველოში და ქადაგებს
სახარებას ჩვენს ქვეყანაში და არ მარტო აქ.


მისი ცხოვრება მრავალი სასწაულითაა აღსავსე. როგორც გახსოვთ, მისი აღსასრული მოხდა
საბერძნეთის ქალაქ პატრაში. იგი გააკრეს ჯვარზე, უფრო სწორედ, დააბეს ჯვარზე და ეს იმ
მიზნით გააკეთეს რომ რაც შეიძლება დიდხანს ეწამებინათ. ბოლოს მტარვალმა გადაწყვიტა,
მოეხსნა წმიდა ანდრია პირველწოდებული ჯვრიდან, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო წმიდა მოციქული, რომ
მდგომარეობის შემსუბუქებას კი არ ევედრებოდა უფალს, არამედ ჯვარზე აღსრულებას. და
ეს ასეც მოხდა.

ჩვენს ეკლესიას დასაბამი დაუდო წმიდა ანდრია პირველწოდებულმა. ჩვენი ეკლესია და
ჩვენი ქვეყანა არის მის მიერ მოქცეული.

დღეს მინდა შევეხო ერთ საკითხს, რომელიც ჩვენ ყველას გვაღელვებს. ეს არის პიროვნების
როლი საზოგადოებაში, მითუმეტეს ისეთი პიროვნების როლი, როგორიც იყო წმიდა ანდრია
პირველწოდებული, მადლით სავსე.

დღეს საზოგადოება ასე სვამს კითხვას: „უნდა ვიყო, თუ უნდა მქონდეს“. სამწუხაროდ, ამ
მეორე ჯგუფს უფრი მეტი ხალხი ეკუთვნის და ისინი ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, რომ მათ
უნდა
ჰქონდეთ. მაგალითად, მათ უნდა ჰქონდეთ სახლი, ფული, მილიონები, – ყველაფერი მიწიერი.
მაგრამ ის, ვინც ამბობს: „უნდა ვიყო“, გაცილებით ნაკლებია მათი რიცხვი. ისინი
ფიქრობენ, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა შედგეს პიროვნება და ამიტომ გულმოდგინედ
მუშაობენ საკუთარ თავზე და სულიერად იზრდებიან.

ხშირად ამბობენ, რომ საზოგადოების განვითარებაში მთავარ როლს ხალხი ასრულებს. რა
თქმა უნდა, ხალხი მთავარია, მაგრამ წამყვანი, მამოძრავებელი ძალა პიროვნებაა.
პიროვნებაზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენ რომ გადავხედოთ საქართველოს წარსულს, –
საქართველოს ისტორია სავსეა დიდი პიროვნებებით. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი,
ასეთი ამაღლებული ისტორია ექნებოდა თუ არა საქართველოს! თუნდაც, გავიხსენოთ ქრისტეს
შობამდე – მეფე ფარნავაზი, ან შემდეგ ჩვენი დიდი წმინდა მეფეები – მირიანი და ნანა,
ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი.

ივანე ჯავახიშვილი ამბობს: „სამი რამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე: მაღალი
თანამდებობდა, სიმდიდრე და სილამაზე“. და მერე დასძენს, რომ თამარ მეფეს ეს სამივე
ჰქონდა და წმინდანი დარჩა! აი, ასეთი ადამიანები გვყავდა ჩვენ! და მიუხედავად
იმისა, რომ უდიდესი ძალაუფლება იყო მათ ხელში, – ისინი სამშობლოსთვის თავდადებული,
შეწირული ადამიანები იყვნენ. ისინი არ ზრუნავდნენ საკუთარ თავზე, საკუთარ
კეთილდღეობაზე, ისინი იღწვოდნენ მხოლოდ ერის კეთილდღეობისთვის, ერის მშვიდობისთვის.

თანამედროვე საზოგადოებაში, სამწუხაროდ, არსებობს ასეთი ტენდენცია, – ებრძვიან
ავტორიტეტებს, ამბობენ: ერს არ სჭირდება ავტორიტეტი. ეს ასე არაა. ის ვინც არის
ავტორიტეტი ერისა, – ხდება მისაბაძი, მას აქვს გავლენა ხალხზე და ეს აუცილებელია.
ერი უნდა ენდობოდეს თავის ღირსეულ შვილებს.

შევთხოვთ უფალს, არ მოგვიშალოს მისაბაძი ადამიანები! საქართველო მუდამ მდიდარი იყო
და იქნება ასეთი გამოჩენილი პიროვნებებით; ქართველი ადამიანი არის განსაკუთრებული
მადლით დაჯილდოებული. ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ქართველები ვართ. ჩვენ არც
ვიმსახურებთ ამ უდიდეს მადლს ღვთისას, ამიტომაც დიდად უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ
წყალობისათვის.

შევთხოვ წმიდა ანდრია პირველწოდებულს, მეოხი იყოს ჩვენი ერისა და ჩვენი
ეკლესიისათვის წინაშე ღვთისა; აღავლინოს ლოცვები, რათა სუფევდეს საქართველოში
მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!

ადრეც არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, როცა ღმერთი აძლევს დიდ ძალას, თუ დიდ მადლს
ერს თუ ცალკეულ პიროვნებას, მას მეტიც მოეკითხება, ის უფრო მეტადაა ვალდებული ღვთის
წინაშე, ვიდრე რომელიმე სხვა რიგითი ადამიანი. დაე, იყოს ნება ღვთისა! მე მწამს,
რმო ნება ღვთისა მუდამ კეთილია საქართველოს მიმართ!

დალოცვილი და გახარებული იყავით! წმიდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით და
შუამდგომლობით დაგლოცოთ უფალმა თქვენ, დალოცოს საქართველო და გაამთლიანოს ჩვენი
ქვეყანა.

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის ჩვენი დიდი საეკლესიო და ეროვნული დღესასწაული. ამიტომ მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ არქიმანდრიტი ილია (ნასიძე), რომელიც ერთგულად ემსახურება
საქართველოს ეკლესიას, დავაჯილდოვოთ მერე გამშვენებული ჯვრით. ღმერთმა დალოცოს მამა
ილია, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ.

დღეს კიდევ ერთი დიდი სასიხარულო მოვლენაა. თბილისში გაიხსნა წმიდა ანდრია
პირველწოდებულის სახელობის კიდევ ერთი ტაძარი, ინებოს ღმერთმა, რომ კიდევ ბევრი
გაიხსნას მომავალში!
ქრისტე აღსდგა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19,
2006 წ.