ქადაგება ლაზარეს შაბათს (15 აპრილი, 2006 წ.; ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი დიღომში)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ლაზარეს შაბათს
ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი დიღომში, 15 აპრილი, 2006 წ.
„იწყება ის, რაზეც
წინასწარმეტყველებდნენ ჩვენი წინაპრები“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა მართლის, ლაზარეს აღდგინების დღეს და
ღმერთმა ინებოს, რომ ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.


საქართველოს ისტორია, წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი დიდი საიდუმლოუბით არის
მოცულო! იოანე ზოსიმე ამბობს, რომ სახარებასა შინა, ამას ენასა ლაზარე ჰქვია. აქ
უნდა ვიგულისხმოთ არა მარტო ქართული ენა, არამედ მთელი საქართველო. საქართველოს
ლაზარე ჰქვია. როგორც ლაზარე, რომელიც უყვარდა უფალს და ოთხი დღის მკვდარი
აღადგინა იმ დროს, როცა არავინ ელოდა მის გაცოცხლებას, ასევე აჩვენებს სასწაულს
იესო ქრისტე საქართველოსა ზედა და აღადგენს მას.

ვინ არის ლაზარე, ვინ არიან მართა და მარიამი? სახარებაში წერია, რომ ლაზარე იყო
მეგობარი უფლისა და უყვარდა იესო ქრისტეს ლაზარეც და მისი დებიც; უყვარდა მათი
დიდი, თავდადებული სიყვარულისათვის. და აი, შეატყობინეს უფალს, რომ ლაზარე ავად
იყო, მაგრამ უფალი არ ჩქარობს, არ მიდის, რათა გამოვლინდეს ძალა უფლისა;
მოგვიანებით კი აცნობეს, რომ ლაზარე გარდაიცვალა.

როცა უფალი მივიდა მის სახლში, დები ეუბნებიან: შენ რომ აქ ყოფილიყავი, ლაზარე არ
მოკვდებოდაო.

ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ვფიქრობთ საქართველოს წარსულზე, იმ
მძიმე წლებზე და თუნდაც დღევანდელ დღეზე და ვამბობთ, უფალი რომ ჩვენთან იყოს, ეს არ
მოხდებოდა;

მაგრამ უფალი მუდამ ჩვენთანაა, ეს უნდა გვახსოვდეს. სამწუხარო ისაა, რომ ხშირად
თავად არ ვართ
უფალთან, ხშირად
უფალი მოდის ჩვენთან,
მაგრამ არ ვუღებთ
გულის კარებს და მიუხედავად ამისა, უფალი მაინც ჩვენთანაა.

სახარებაში წერია, რომ უფალი ცრემლეოდა, ე.ი. ტიროდა;
ძალიან საყურადღებოა
ეს. უფალმა იცოდა,
რომ აღადგენდა მას
მამის ძალით, მაგრამ მაინც ტიროდა, ტიროდა მთელი ერის ცვალებადობის, მისი ხასიათის
გამო. მოახლებული იყო უკვე ვნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მოახლოებული იყო
გოლგოთა; უფალი ხედავდა, რომ მეორე დღეს, იერუსალიმში შესვლის დროს,
მთელი იერუსალომი გამოვიდოდა მის შესახვედრად, აქებდნენ და უგალობდნენ მას: „ოსანა
მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“, ისინი ელოდნენ მიწიერ
მეფეს, უფალი კი ქადაგებდა სულ სხვას; უფალი ცრემლეოდა, ტიროდა იმის გამო, რომ
ხედავდა იმ ხალხს, რომელიც ბზობას, იერუსალიმში შესვლის დროს ადიდებდნენ მას,
ორი-სამი დღის შემდეგ კი იყვირებენ: „ჯვარს აცვი იგი!“

აი, რამდენად ცვალებადი, არამყარია ადამიანი და ეს გვეხება ყოველ ჩვენგანს. ჩვენ
უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე!“ აი, ამ გზას
უნდა დავადგეთ; არ უნდა გვიკვირდეს ჩვენი უძლურება – „არა არს კაცი, რომელი
სცხონდეს და არა სცოდოს, ე.ი. უცოდველი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, მაგრამ
დაცემას უნდა მოჰყვეს აღდგომა. ყოველი ჩვენგანი უნდა გახდეს მკვიდრი სასუფევლისა,
ყოველი ჩვენგანის სახელი უნდა ჩაიწეროს წიგნსა მას ცხოვრებისასა.

მადლობას ვწირავთ უფალს, რომ იწყება მოქცევა ჩვენი ერისა, იწყება ის, რაზეც
წინასწარმეტყველებდნენ ჩვენი წინაპრები; მოგვიახლოვდა ჟამი, როცა უფალი ჩვენი იესო
ქრისტე დააყენებს ზოგს მარჯვნივ და ზოგს – მარცხნივ. თუ ადამიანი აკეთებდა სიკეთეს, თუ მისი ცხოვრების საფუძველი
იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება, თუ იგი სწორად ხედავდა თავისი
ცხოვრების მიზანს, ის თავისთავად დადგება მარჯვენა მხარეს. ღვარძლით, შურით,
უღმერთობით, ბოროტი მოქმედებითა და ბოროტი განზრახვებით მოცული ადამიანი კი
თავისთავად დადგება მარჯვენა მხარეს და მისი სული იღუპება. ჩვენ ძალიან ბევრი
მაგალითი გვაქვს ერთისაც და მეორისაც, ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მძიმე პერიოდი, –
ურწმუნოების ხანა, მრავალი განსაცდელი გვინახავს, მაგრამ ამ 2000 წლის მანძილზე
ერთი უძლეველი ძალა მუდამ იცავდა ქართველ ერს, ეს იყო საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესია; ეს იყო, არის და იქნება ის სულიერი საყრდენი, რომელიც ამთლიანებს ქართველ
ერს; ის ჰგავს აბობოქრებულ ზღვაში მიმავალ საიმედო ხომალდს. და ბედნიერია ის
ადამიანი, რომელიც არის ამ ეკლესიის წევრი, – ამ გემის მგზავრი.

ამ წმინდა ტაძრის მშენებლობას სათავეში ედგა ბატონი რევაზ ჩხეიძე.

ბატონო რევაზ, დიდია თქვენი ღვაწლი სამშობლოს წინაშე, ჩვენი თაობა და მომავალი
თაობები ღირსეულად დააფასებენ თქვენს ამაგს. თქვენ თქვენი შემოქმედებით მთელ
საქართველოს უჩვენეთ გზა სიყვარულისა, გზა გადარჩენისა. მინდა ასევე ვთქვა იმ
ფილმის შესახებ, რომელიც სულ ახალახან დაასრულუთ (და ჯერ ხალხს არ უნახავს) და
რომელშიც ნაჩვენებია ადამიანის მოქცევა. ეს არის საოცარი ფილმი და გილოცავთ ამ დიდ
მიღწვვას; აი, ამ ფილმებში ჩვენ ვხედავთ თქვენს სულოერ ზრდასა და სულიერ ამაღლებას,
ასევე იმ ხალხისაც, რომლებიც იდგნენ და დგანან თქვენს გვერდით.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ვხედავ, თანდათან როგორ მშვენდება ეს
წმინდა ტაძარი, რადგან დაწყებულია მოხატვა, მადლობას ვწირავ მამა გიორგის დიდი
ღვაწლისათვის.

კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ბატონ რეზოს; ადრე ვერავინ იფიქრებდა, რომ აქ
აშენდებოდა ტაძარი, ეს იყო მისი მეტად გაბედული ნაბიჯი. ბატონო რეზო, ღმერთმა ძალა
მოგცეთ, რათა კიდევ ბევრი სიკეთე გააკეთოთ და გააკეთებთ კიდეც. მინდა გადმოგცეთ
მინანქარში შესრულუბულო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი; ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელი ყოფილიყოს თქვენი, თქვენი ოჯახისა და მთელი საქართველოს მფარველი!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17,
2006 წ.