ქადაგება შენდობის კვირას (5 მარტი, 2006 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება შენდობის კვირას
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 5 მარტი, 2006 წ.
„დღევანდელი დღე არის გულის
განწმენდის დღესასწაული!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენნი!“ ღვთის ქმნილებათა შორის
უმთავრესი, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე რთული არის ადამიანი, რომელიც შექმნა
უფალმან ხატად თვისად. იგი უნდა იდგეს იმ გზაზე, რომელსაც მიჰყავს ადამიანის
სასუფეველში. ამისთვის კი მან უნდა შეიმეცნოს უფლის სიტყვები: „მე ვარ გზა,
ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. თუ ადამიანი ამას გააცნობიერებს და თავისი ცხოვრების
წესს დაუქვემდებარებს, იგი ცხონდება; თუ არა და, – წარწყმდება. ასე რომ, ბევრი რამ
არის დამოკიდებული თვითონ პიროვნებაზე. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, არის
წყალობა ღვთისა, კურთხევა ღვთისა და შემდეგ თავისუფალი ნება ადამიანისა. აი, ეს ორი
ძალა უნდა შეუერთდეს ურთიერთს და იგი გამოიღებს დიდთა ნაყოფთა.
დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე. რა დღეა ეს? ეს არის ერთადერთი დღე
წლის განმავლობაში, როდესაც უფალი გვაძლევს საშუალებას, შევუნდოთ ერთმანეთს
შეცოდებანი, რათა სიმშვიდემ და ღვთის დიდმა წყალობამ დაისადგუროს ჩვენს გულში.
დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „ცოდვასა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“. ცოდვა
მოგვდევს ჩვენ ჯერ კიდევ ადამისა და ევასგან. თქვენ გახსოვთ, როცა ადამმა და ევამ
შესცოდეს, უფალმა უხმო ადამს: „ადამ, ადამ, სადა იყოფი?“ მაგრამ ცოდვამ განაშორა
ადამი უფალს და ვეღარ დადგა ღვთის წინაშე. ვერ დადგა იმიტომ, რომ ამ ცოდვამ შეცვალა
მისი სული, მისი აზროვნება, მისი გული. გული დაიჩრდილა, გაიპო შუაზე და ადამმა
იგრძნო ეს.
დღევანდელ დღეს ასევე არის სამოთხიდან განდევნის ხსენება. ხშირად ადამიანი
ოცნებობს იმ სამოთხეზე, რომელშიც იმყოფებოდნენ ადამი და ევა. ზოგიერთი ადამიანი კი
ცდილობს ეს სამოთხე აქ, დედამიწაზე მოიწყოს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა ეს
სამოთხე თავის გულში, თავის სულიერ სამყაროში უნდა შექმნას. რადგან თუ ადამიანს
სიმშვიდე არ ექნება, თუ მადლს ვერ ჰპოვებს, თუ ღვთის წყლაობ არ მიეცემა, –
ვერავითარი სიმდიდრე ვერ შეუქმნის მას იმ პირობებს, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს.
საერთოდ, რა არის ცოდვა? ეს არაბუნებრივი მოვლენაა. ეს არის ის, რაც განაშორებს
ადამიანს ღმერთთან, რაც ჩრდილავს მის გონებას, მის გულს. და ადამიანი თითქოს ვეღარ
ხედავს უფალს. სწორედ ამიტომ თქვა დავით წინასწარმეტყველმა: „და თქვა უგუნურმან
თავსა თვისსა – არა არს ღმერთ!“ მეფსალმუნე მეფე დავითი უგუნურს უწოდებს იმ
ადამიანს, რომელიც ასე ფიქრობს. და ამბობს: „თქვა უგუნურმან გულსა თვისსა“, ე.ი.
საჯაროდ კი ვერ თქვა, – გუნებაში გაიფიქრა, რადგან იმ დროს ამისათვის იქვე ქვებით
ჩაქოლავდნენ. საერთოდ, ასეთი რამ არამც თუ არ უნდა თქვას ადამიანმა, გულშიც კი არ
უნდა გაივლოს.
მაგრამ არიან ისეტები, რომლებიც ვერ გრძნობენ უფალს, ვერ განიცდიან მას. ჩვენ არ
უნდა განვიკითხოთ ისინი. ხომ არ შეიძლება, ადამიანი საკუთარი თავის მტერი იყოს?
ე.ი. ის ნამდვილად ვერ ხედავს ღმერთს.
ვთქვათ, არის ისეთი ადამიანი, რომელსაც არ უნახავს მზე. იგი ცივ, ღრუბლიან დღეს
რომ გამოვიდეს და ცას შეხედოს, – მზის შეასხებ თავისი გარკვეული წარმოდგება
შეექმნება და შემდეგ რომ ვუთხრათ, რომ არსებობს მზე, რომელიც ანათებს და ათბობს, –
ამას ვერ დაიჯერებს, რადგან თავად არ უნახავს. მაგრამ შეიძლება, ღვთის მადლით,
განიწმიდოს ადამიანის გონება და გული და შემდეგ მან დაინახოს და შეიგრძნოს უფალი.

ხშირად ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, როცა ურწმუნო ადამიანი მოსულა ჩემთან და
უთქვამს, ბედნიერები ხართ მორწმუნეები, იმიტომ რომ გწამთ ღმერთი, მე კი არ
შემიძლია, ვიწამო, რადგან ვერ ვგრძნობ ღმერთს და რა ვქნაო? მე ასე ვპასუხობ მათ:
აკეთე სიკეთე; ამით დაიწყე და სიკეთე დაგეხმარება, რომ განიწმინდოს შენი გონება და
გული.

დავით წინასწარმეტყველი ძალიან ხშირად ახსენებს გულის სიწმინდეს: „გული წმიდაი დაჰბადე
ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“. ალბათ, ეს არის მთავარი.
ადამიანი, თითქოს, სამსახოვანია: პირველი – როგორ გვხედავენ ჩვენ სხვა ადამიანები,
მეორე – თავად როგორ ვხედავთ ჩვენს თავს და მესამე – როგორები ვართ სინამდვილეში.

ბიბლიაში წერია: ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა, ხოლო ღმერთი ხედავს გულსა
კაცისასა. აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ და ამისთვის უნდა ვილოცოთ, რომ გული წრფელი,
გული წმიდა და გული მთლიანი ჰქონდეს ადამიანს. და მაშინ, იგი უფრო დაცული იქნება
ცოდვებისაგან და ახლოს იქნება ღმერთთან. ადამიანის ფიქრი, საქმე და სიტყვა ერთი
უნდა იყოს: რასაც ფიქრობს, იმას უნდა ამბობდეს და იმას უნდა აკეთებდეს.

დღევანდელი დღე არის გულის განწმედის დღესასწაული. ჩვენ მოვალენი ვართ, მივიდეთ
ერთმანეთთან და გულწრფელად ვთხოვოთ შენდობა. სხვას კი არ დაველოდოთ, როდის მოვა
ჩვენთან და გვთხოვს პატიებას, არამედ ჩვენ თვითონ მივიდეთ, ვისთვისაც გვიწყენინებია,
ან, თუნდაც, გულში ცუდი გაგვივლია ან განგვიკითხავს და ვთხოვოთ შენდობა.

დიდი მარხვა სწორედ შენდობთ, ამ დალოცვილი წესით იწყება. ეკლესიის ისტორიიდან თქვენ იცით, რომ ეს წესი იმ დროს დაიწყო, როცა ეგვიპტეში და
იორდანეს უდაბნოში ბერობა დაარსდა. დიდმარხვის წინ ბერები ერთად იკრიბებოდნენ,
ერთმანეთს პატიებას სთხოვდნენ, შემდეგ კი ისინი სააღდგომო საგალობლებს გალობდნენ,
მიდიოდნენ უდაბნოში და იქ მოღვაწეობდნენ მთელი მარხვის განმავლობაში. ეს წესი მათ
საგანგებოდ დაადგინეს, რადგან არ იცოდნენ, მოესწრებოდნენ თუ არა აღდგომას.

დღეს ჩვენ უფრო სიღრმისეულად, უფრო მეტი ყურადღებით ვაკვირდებით საკუთარ თავს და
ვხედავთ, რამდენად დამძიმებულნი ვართ ცოდვებით, რამდენად ბევრია ჩვენში ის, რაც არ
უნდა იყოს.

რა არის ეს სიმძიმე და შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი უცოდველი იყოს? ეს შეუძლებელია.
„არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“ – ამ სიტყვებს იშველიებენ წმიდა წერილიდან
წმიდა მამები, ამას გვეუბნებიან ის ადამიანები, რომელთაც განვლეს სულიერი გზის
სირთულეები. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი ცოდვისაგან მთელი სიცოცხლის მანძილზე
უნდა იწმინდებოდეს. ამისთვის საკმარისი არაა ერთი დღე, ან ერთი კვირა ან თუნდაც
ერთი თვე. თუმცა, გამონაკლისი შემთხვევებიც ყოფილა. თქვენ გახსოვთ, მაცხოვრის
ჯვარცმის დროს მასთან ერთად ორი ავაზაკი დასაჯეს და ამ ორიდან ერთმა გულით მოინანია
თავისი ცოდვა და მეორე კი დარჩა მოუნანიებელი. მონანულს ეუბნება იესო ქრისტე:
დღესვე იქნები ჩემთან სასუფეველში!
ღვთის წინაშე დგას ყოველი ადამიანი და ღვთის წყალობას ელოდება. ამისთვის კი მან,
უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი უნდა დაინახოს. ძველი რომაელები ამბობდნენ:
gnoste te ipsu, „შეიცან თავი შენი“. ყველაზე დიდი სიბრძნეა, როცა ადამიანი შეიგრძნობს საკუთრ
სისუსტეს, თავის უარყოფით მხარეებს. ამიტომ ითქმის დღეიდან და მთელი დიდმარხვის
განმავლობაში ეფრემ ასურის ლოცვა: „…ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა
და არა განკითხვად ძმისა ჩემისა!“ ინებოს უფალმა, რომ მოგვანიჭოს ყველას „განცდაი
თვისთა ცოდვათა“, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული „არა განკითხვა ძმისა ჩემისა“.
იმიტომ რომ, თუ ადამიანი ხედავს თავის ცოდვებს, ის არ განიკითხავს სხვას, რადგან
მას აწუხებს თავისი ცოდვა და ამაზე ფიქრობს.

დღეს ისეთი დღეა, როცა ჩვენ უფლის წინაშე ვდგავართ და უპირველეს ყოვლისა, – მე,
ცოდვილი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. უფალი ბრძანებს: სადაც ორი ან სამი
არის შეკრებილი ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ.
მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა. როცა ჩემი კურთხევა შედგა, ჩემთან მოვიდა
ერთი სულიერი ადამიანი და მითხრა: „პატრიარქობა მეტად მძიმეა და შენ გჭირდება
ზეციური შემწეობა, ჩვენი წინაპრების, ჩვენს მეფეთა და დედოფალთა,
კათოლიკოს-პატრიარქთა, მღვდელმთავართა და წმიდა მამათა დახმარება. და თუ შენ მათ
მოიხსენებ, ისინიც მოგიხსენებენ და შეგეწევიან“.

ეს მუდამ მახსოვდა ამ წლების განმავლობაში. ყოველთვის ვცდილობ,
მოვიხსენიო ჩვენი მეფენი და პატრიარქნი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მართლაც „ცოდვასა
შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ და მე მრავალი ცოდვა ჩამიდენია ღვთის წინაშე: ვერ
შემისრულებია ის მოვალეობა, ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია პატრიარქს, ვერ
მილოცია ისე, როგორც უნდა ლოცულობდეს პატრიარქი, როგორც ლოცულობდნენ ჩვენი
წინაპრები, ჩვენი მამამთავრები, ვერ დამიცავს მარხვა ისე წმიდად, როგორც ჩვენი დიდი
წინაპრები
იცავდნენ. დამძიმებული ვარ მრავალი ცოდვით და მე ვითხოვ თქვენგან დახმარებას,
გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის.

შემთხვევით არ არის, რომ წირვა-ლოცვის დროს რამდენჯერმე ხდება კათოლიკოს-პატრიარქის
მოხსენიება. ეს პატრიარქის საპატივსაცემოდ კი არ არის დადგენილი, არამედ იმიტომ რომ
ძალიან მძიმეა მისი ჯვარი და იგი საჭიროებს ასეთ სულიერ თანადგომას.

დღეს არის სულიერი განწმედის დღე! დღეს არის დღე, რომელიც გვაჩუქა უფალმა.
ურთიერთპატიება აუცილებელია. ამასთან დაკავშირებით, მინდა, მოგიყვანოთ ერთ მაგალითი სულიერი
ცხოვრებიდან.

იყო ერთი მოძღვარი, რომელსაც ჰყავდა ძალიან დაახლოებული მეგობარი – ერისკაცი.
ერთხელ ერსკაცმა რაღაც აწყენინა მოძღვარს და ისე განაწყენდა მასზე ეს მოძღვარი, რომ ვერ
აპატია დანაშაული. ეს ერისკაცი არაერთხელ მივიდა მოძღვართან ცრემლით, მუხლმოდრეკით და
პატიება სთხოვა, მაგრამ მოძღვარი ულმობელი იყო.

იმ დროს იყო ქრისტიანთა დევნა. ერთხელ ჯალათებმა შეიპყრეს
ქრისტიანთა ჯგუფი და მათ შორის ეს მოძღვარიც და აიძულებდნენ, რომ უარი ეთქვათ
ქრისტიანობაზე. მოძღვარი მტკიცედ იდგა სჯულზე და როცა ის უკვე წამების ადგილას
მიჰყავდათ, მისი ყოფილი მეგობარი მივარდა მასთან და შეევედრა: რამდენიმე წუთში შენ
წმიდა მოწამე გახდები, შემიწყალე და შემინდე ჩემი ცოდვები!

მოძღვარმა კვლავ უარი უთხრა პატიებაზე. და მოხდა სასწაული, როცა იგი წამების
ადგილზე მიიყვანეს, ის დატოვა მადლმა და მან უარი თქვა ქრისტიანობაზე. ამის
შემხედვარე ერისკაცმა წამოიძახა: „მე ვარ ქრისტიანი, მე მაწამეთ!“ და აი, ასე გადავიდა
მოწამის გვირგვინი მოძღვრისაგან ერისკაცზე. ასე სამწუხაროდ დამთავრდა მათი
ურთიერთობა.

ეს უნდა ვიცოდეთ და ამიტომაც უნდა ამოვიღოთ გულიდან ღვარძლი და ცოდვა და
განვიწმიდოთ გული. ამ დალოცვილ დღეს მე ვთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, რომ ლოცვითა
თქვენითა და ჩვენი წინაპრების ლოცვით შემინდოს ცოდვანი ჩემნი ნებსითნი და უნებლიეთნი
და მუხლმოდრეკით გთხოვთ ყველას, მთელ ააქართველოს – შემინდეთ ჩემი ცოდვები, ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეთ სიხარული, სიყვარული. ღმერთმა შეგინდოთ თქვენ და
სრულიად საქართველოს და ყოველთა ქართველთა ყოველი შეცოდებანი თქვენნი ნებსითნი და
უნებლიეთნი წყალობითა ღვთისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,
ამინ!

ღმერთმა ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!


ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №10,
2006 წ.