საკვირაო ქადაგება (12 თებერვალი, 2006 წ.; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
სიონის საპატრიარქო ტაძარი, 12 თებერვალი, 2006 წ.
„ბედნიერია ის, ვისაც აქვს ცოდვის განცდა“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანი ყველაზე დიდი საიდუმლოებაა ამ ქვეყანაზე. ღვთის გარდა, ვერავინ
მისწვდება მის არსს თუ რას წარმოადგენს ადამიანი. ბიბლიაში წერია, რომ ადამიანი
ხედავს სახეს კაცისა, ხოლო ღმერთი – გულს. ერთ-ერთ ძველი აღთქმის წიგნში
წინასწარმეტყველს ასე მიმართავს უფალი – ჯერ ჩასახული არც კი იყავი დედის მუცელში,
როცა მე შენ გიცნობდიო.
ძველი რომაელები ამბობდნენ – ადამიანი ადამიანისათვის მგელია. ეს სიტყვები ჯერ
კიდევ ქრისტეს შობამდე ითქვა. დავით მეფე წინასწარმეტყველი ამბობს: „ყოველი კაცი
ცრუ არს“. საიდან არის სიყალბე ადამიანში? ეს არის ადამისა და ევას ცოდვით დაცემის
შედეგი. როცა ადამიანი ცოდვას ჩადის ან სიკეთეს აკეთებს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს
ცოდვა თუ სიკეთე გადავა მის შვილებზე, შვილთაშვილებზე და ამქვეყნად მოეკითხებათ.

ამ კვირას მეზვერე-ფარისევლისა ეწოდება. დღეს საკითხავი სახარების მიხედვით,
ჩვენს წინაშეა 2 ადამიანი – მეზვერე და ფარისეველი, რომლებიც ტაძარში შევიდნენ.
ფარისეველი ტაძარში წინ დადგა და ღმერთს მადლობდა, რომ ის ღვთის კანონებს
აღასრულებდა და ჩამოთვლის კიდეც მათ. მეზვერე (ადამიანი, რომელიც ხალხისაგან ხარკს
ჰკრეფდა, რის გამოც ყველასთვის საძულველი იყო) კი დგას სადღაც, ტაძრის ბოლოში,
გულზე ხელს იცემს, განიცდის თავის დანაშაულს და ამბობს: ღმერთო, მილხინე მე
ცოდვილსა ამას და შემიწყალე.
სახარებაში წერია, რომ მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე
ფარისეველი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ფარისეველი ტაძრიდან დასჯილი გავიდა, არა, მანაც
მიიღო მადლი, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე მეზვერემ.
თავმდაბალი ადამიანი ხედავს საკუთარ ცოდვას და განიცდის ამას. ამიტომაც ამბობს
ეფრემ ასური: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად
ძმისა ჩემისა“. ბედნიერია ის, ვისაც აქვს ცოდვის განცდა, ხოლო როცა ადამიანს აღარ
აქვს იგი, მაშინ მისი სინდისი, როგორც მოციქული ამბობს, დამწვარია, ვეღარ გრძნობს
ცოდვას და უფსკრულისაკენ ისე მიექანება, როგორც მთიდან დაგორებული ქვა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი სუსტია, ცოდვილია, მაგრამ დაცემის შემდეგ მან
უნდა მოიკრიფოს ძალა რათა ისევ აღდგეს, აღიღოს ჯვარი, რომელიც მას უფალმა მისცა და
ბოლომდე მიიტანოს იგი, რადგან ამაშია მისი ცხონება.
დღეს არის ასევე დღესასწაული ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირისა, გრიგოლ
ღვთისმეტყველისა. წმიდა იოანე ოქროპირი და გრიგოლ ღვთისმეტყველი იყვნენ
კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსები, ხოლო ბასილი დიდი – კესარია-კაბადოკიისა.
მათი ცხოვრება სასწაულებრივია.
ყველაზე ახლოს ჩვენთან არის ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი. ბასილი გახლდათ
კაბადოკიიდან, სადაც ქართველები მრავლად ცხოვრობდნენ და შესაძლებელია, სწორედ მათი
წიაღიდან იყო იგი.
წმიდა იოანე ოქროპირი იმით არის ახლობელი ჩვენთვის, რომ განდევნილი იყო
კონსტანტინეპოლიდან და გადმოასახლეს საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში. მისი ცხოვრება
დასრულდა კამანში, სოხუმთან ახლოს, წმიდა ვასილისკოს წყაროსთან, სადაც დღეს დგას
წმიდა იოანე ოქროპირის ტაძარი და სადაც მან გარდაცვალების წინ წარმოთქვა თავისი
ცნობილი სიტყვები, „დიდება ღმერთს ყველაფრისათვის“ ე.ი. წმიდა იოანე ოქროპირმა
მადლობა შესწირა უფალს იმ განსაცდელისათვის, რომელიც მას მიეცა. ცნობილია როგორ
წაასვენეს მისი ნეშტი საქართველოდან კონსტანტინეპოლში.
კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა პროკლემ მიმართა ბიზანტიის იმპერატორს (არა
მას, რომელმაც წმიდა იოანე გაასახლა, არამედ მის შვილს) და სთხოვა, რომ წმიდა
იოანეს ნეშტი გადმოესვენებინა. გაგზავნეს წარმომადგენლები საქართველოში და გახსნეს
ქვის სარკოფაგი. მაგრამ მოხდა სასწაული, ვერავითარმა ძალამ ვერ ამოიღო მისი
უხრწნელი ნეშტი სარკოფაგიდან, რაც ნიშნავდა იმას, რომ წმიდანს არ სურდა
კონსტანტინეპოლში დაბრუნება, რომ ის განაწყენებული იყო მეფესა და დედოფალზე.
დელეგაცია დაბრუნდა კონსტანტინეპოლში და მთავარეპისკოპოსმა პროკლემ მეფეს ურჩია,
იოანე ოქროპირისთვის წერილი მიეწერა და მშობლებისა და თავისი სახელით პატიება ეთქვა
და ეთხოვა, დაბრუნებულიყო თავის კათედრასა და თავის ქალაქში.
მართლაც, მეფემ დაწერა ასეთი წერილი, დაასვეს მას სამეფო ბეჭედი და
გამოაგზავნეს. იოანე ოქროპირს როგორც კი იგი ხელში ჩაუდეს, საფლავიდან თავისუფლად
ამოაბრძანეს და წაასვენეს. სარკოფაგი ძალიან მძიმეა და იგი ჩვენს ქვეყანაში დარჩა.

გვწამს, რომ ეს სამი წმიდანი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია, ხოლო მათი
ერთად ხსენება განაპირობა იმან, რომ ხალხის აზრი გაყოფილი იყო ბიზანტიაში, ზოგი
ამბობდა ბასილი დიდი მეტიაო, ზოგსაც იოანე ოქროპირი მიაჩნდა უმეტესად, ზოგს კი
გრიგოლ ღვთისმეტყველი. ერთ-ერთ მღვდელმთავარს სამივე გამოეცხადა და უთხრეს, ღვთის
წინაშე ჩვენ სამივე ერთნი ვართ და ამიტომ ჩვენი დღესასწაული ერთდღეს დააწესეთო.
თუმცა ეკლესია მათ ცალკეც ახსენებს.
შევთხოვთ უფალს, მათი ლოცვით დალოცოს, გააერთიანოს, გააძლიეროს საქართველო,
ღმერთმა დაამშვიდოს ქართველი ერი, ღმერთმა დააბრუნოს უცხოეთში მცხოვრები ყველა
ქართველი, რათა იყოს ერთი სამწყსო და უფალი ჩვენი იესო ქრისტე – მწყემსი ჩვენი!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №8(361),
2006 წ.